კალათბურთი

15:44 | 17.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოჟიდარს მოეწონა შეძახილი - „სლოვენია, ჩემპიონი", - შეაქო საქართველოს ნაკრები და წააგო ფინეთთან

 

ლუბლიანაში თითქმის არავინ ელოდა, რომ სლოვენიის ნაკრები ფინეთთან წააგებდა, მითუმეტეს, პირველობის ამ ეტაპზე, მასპინელ გუნდს არ ჰქონდა ჩავარდნა, წინა ორი მატჩი კარგად ითამაშა და მოიგო. გუშინდელი მატჩის წინ, ჩვენ კვლავ მივედით ლუბლიანის ცენტრში მდებარე სასტუმროში  „კუბო“-ში. შესასვლელთან, იქ დაბანაკებული სლოვენიის ნაკრების წევრები ვნახეთ, მათ შორის, მთავარი მწვრთნელი ბოჟიდარ მალიკოვიჩიც. სანამ შეხვედრის შესახებ მოგითხრობთ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო (წინა დღეებში „მსოფლიო სპორტის“ საიტზე ერთ-ერთი მკითხველის კომენტარის პასუხად), რომ ამ სასტუმროს ჰქვია „კუბო“. ეს აბრევიატურა არაა, ამ ოტელის სლოვენიური სახელია. ეს, თავად სასტუმროს ადმინისტრაციამ და ლუბლიანის მაცხოვრებლებმაც დაგვიდასტურეს. რასაკვირველია, ამ სახელს სლოვენიურად ის მნიშვნელობა არ აქვს, რაც ქართულად. მოკლედ, ეს ჩვეულებრივი სლოვენიური სახელია და არა აბრევიატურა.

ამ ოტელში, მარტო სლოვენიის ნაკრები ცხოვრობს. ჩემპიონატში მონაწილე სხვა დარჩენილი გუნდები  სხვა სასტუმროში, ლუბლიანის არაცენტრალურ ნაწილში   ცხოვრობენ ერთად. სლოვენია კი, როგორც მასპინძელი, ცალკეა განთავსებული.

ახლა კი იმაზე, თუ როგორ მოხდა ჩვენი იმპროვიზირებული შეხვედრა სლოვენიის ნაკრების წევრებთან, ფინეთთან მატჩის წინ. „საკალათბურთო დაზვერვამ“ გვაცნობა, რომ სლოვენიის ნაკრები, დაახლოებით 19.15 საათზე ადგილობრივი დროით, (21.15 სთ. თბილისის დროით), ამ  ოტელიდან „სტოჟიცე-არეანაზე“ გაემგზავრება, სადაც 21.00 საათზე იწყებოდა მათი მატჩი ფინეთთან. ჩვენც ცოტა ადრე მივედით ოტელ „კუბოსთან“ იმ იმედით, რომ სასტუმროდან გამომავალ სლოვენიელებს - მწვრთნელებს და კალათბურთელებს - ერთი-ორი სიტყვით გავესაუბრებოდით. გაგვიხარდა, რომ ამ დროისთვის, მწვრთნელები და ნახევარი გუნდი სასტუმროს შესასვლელთან კაფეში იჯდა და დიდ ეკრანზე უყურებდა იტალია - ესპანეთის  თამაშს. აქვე იდგა მათი მომლოდინე ავტობუსიც. სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან, როცა სლოვენიის გუნდთან და ბოჟიდარ მალიკოვიჩთან ახლოს მისვლა დავაპირეთ, დაცვის წევრებმა ზრდილობიანად გვანიშნეს - არაო, თამაშის წინ არ მიხვიდეთო და  გზაზე გადაგვეღობნენ. თავად ბოჟიდარს და კალათბურთელებს,  განსაკუთრებული რეაქცია არ ქონიათ მომხდარზე. რადგან დაცვის წევრების გადარწმუნებას აზრი არ ჰქონდა, ტაქტიკა შევცვალეთ: დავიხიეთ უკან 15 მეტრით,  ჩანთიდან  ლუბლიანაში შეძენილი მეგაფონი ამოვიღეთ და შევძახეთ: „სლოვენია, ვიცე-ჩემპიონ!“.  გამვლელებს გაუხარდათ, თავად ნაკრების წევრებს კი ჩაეცინათ, მაგრამ დიდი სიხარული არ ეტყობოდათ. მივხვდით, რომ საჭირო იყო სხვა შინაარსის სიტყვები და მეგაფონით უფრო მაღალ ტემბრზე შევძახეთ, ამჯერად: „სლოვენია, ჩემპიონ!“. შეძახილი ესმოდათ არა მარტო ნაკრების წევრებს, არამედ, სასტუმროს და ნაკრების დაცვასაც, სლოვენიის გუნდის საპოლიციო ესკორტსაც და დაახლოებით 50  მეტრის რადიუსში გამვლელ ადამიანებსაც. თითქმის ყველამ ტაში დაუკრა ამ შეძახილს, ეტყობოდათ, რომ სლოვენიის ჩემპიონობა ძალიან გაახარებს მათ (თუმცა, შეძლებს თუ არა ამას ევრობასკეტ-2013-ის მასპინძელთა ნაკრები, არავინ იცის). მთავარი ის იყო, რომ ამ  შეძახილით მოლბა დაცვა და შეძახილი ძალიან მოეწონათ თავად სლოვენიის ნაკრების კალათბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს - ხელი ამიწიეს და მოიწონების ნიშნად. ფაქტიურად, გვანიშნეს, რომ შეგიძლიათ ახლოს მოხვიდეთო. სულ რამდენიმე წუთში, ნაკრები ავტობუსში ჩაჯდომას აპირებდა. ბოჟიდარ მალიკოვიჩმა ხელი ჩამომართვა, კარგად წაიკითხა წარწერა ჩემ მაისურზე (Georgia, Sokhumi) და  დამტვრეული რუსულით მითხრა:  „ოოო, გრუზია“, გრუზია ხოროშაია კომანდა“. სლოვენიელები, ხორვატები და სერბები ნაკლებად ხმარობენ სიტყვა „ჯორჯიას“ და სოციალისტური დროიდან მოყოლებული, საქართველოს ეძახიან „გრუზიას“.

ბოჟიდარს  ვუპასუხე, რომ საქართველოს კარგი ნაკრები კი ჰყავს, მაგრამ ჩვენი გუნდი  ვერ გავიდა ჯგუფიდან. მან კი სინანული გამოთქვა ამის გამო და დასძინა: „ბივაეტ ი ტაკ“. ჩემს კითხვაზე - „სლოვენია რას უმიზნებს: ჩემპიოონობას, თუ ვიცე-ჩემპიონობას?“ - ბოჟიდარმა კონკრეტულად არ გვიპასუხა და გვითხა, რომ ამ წუთს,  ფინებთან მატჩზე ფიქრობს. ესეც გასაგები იყო - მალიკოვიჩს გულმა უგრძნო, ალბათ, რომ ფინეთთან მატჩი იოლი გასეირნება არ იქნებოდა. მას და სლოვენიელ კალთბურთელებს წარმატება ვუსურვეთ და ოტელ „კუბოს“ მიმდებარე ტერიტორია დავტოვეთ. 

„სტოჟიცე - არენაზე“ ავტობუსით გავემგზავრეთ. ავტობუსში შიდა მონიტორზე უკვე აღარ იყო წინა დღეებში ნანახი საქართველოს ნაკრების სარეკლამო რგოლი. მძღოლმა გვითხრა, ახლა იმ ნაკრებების სარეკლამო რგოლების ჩვენება მიმდინარეობს, რომლებიც ევრობასკეტის ამ ეტაპზე გავიდნენ. თავად ავტობუსში, სლოვენიელი ფანების გარდა, ფინელიც იყო - საშუალო ასაკის მამაკაცი და მისი სამი  გოგო, რომლებიც ფეხბურთელები ყოფილან და ფინეთის ქალთა ნაკრებში მოხვედრაზე ოცნებობენ. ვინ, სლოვენია - ფინეთის თამაში, ან მისი ფრაგმენტები ნახა,  ყურადღებას მიაქცევდა ამ სამ ფინელ გოგონასა და მათ მამას: ისინი საინტერესოდ და ორიგინალურად იყვნენ გამოწყობილნი, ოთხივეს სახე ფინეთის დროშის გამოსახულებით ჰქონდა მოხატული და ამიტომაც მოხვდნენ ტელეოპერეატორების ყურადღების არეალში.. ავტობუსით ერთად მგზავრობისას, იმ გოგონების მამამ რუსულად გვითხრა, რომ მთავარია, ფინეთთმა დიდი ანგარიშით არ წააგოს სლოვენიასთან და ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს მას. ალბათ, ვერც კი იფიქრებდა, რომ ფინეთი ასეთ ბრძოლას გააჩაღებდა და დაამარცხებდა მასპინძლებს.  სლოვენიელი ფანები, წაგების გამო არ გაბრაზებულან თავის ნაკრებზე, მათი უმრავლესობა თვლის, რომ სლოვენია გავა ევრობასკეტის ფინალში.

სლოვენიელი სპეციალისტები, ჟურნალისტები და ვეტერანები, უფრო ფრთხილნი არიან პროგნოზებში და ამბობენ, რომ ისეთი თამაშით, როგორიც ფინეთთან ჩაატარა, სლოვენიას გაუჭირდება ფინალამდე მისვლა.

 

თენგიზ პაჭკორია, ლუბლიანა, სპეციალურად www.worldsport.ge

ხათუნა გაბიტაშვილის ფოტოები

 

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma


0.174667