ინტერვიუები

10:37 | 16.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ბობი ჩარლტონი: “ესპანეთის ნაკრებში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი”

ლეგენდარული ბობი ჩარლტონი, რომელიც 1958 წლის მიუნხენის ავიაკატასტროფას გადაურჩა, ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, “ნისლიანი ალბიონის” ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. World Soccer-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, მან საკუთარი კარიერის ყველაზე საინტერესო მომენტები გაიხსენა, ახალი და 50 წლის წინანდელი ფეხბურთი შეადარა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა.  
- რა არის თქვენი საუკეთესო მოგონება მთელი კარიერის განმავლობაში?
- რაღა თქმა უნდა, 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონობა. ფინალში გერმანელთა დამარცხება, ყველასათვის უმნიშვნელოვანესი იყო. ის საფეხბურთო ფოლკლორში ჩაიწერა. ფინალის დღე არასდროს დამავიწყდება. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ საკუთარი ქვეყნის სახელით თამაში, ნებისმიერი მოთამაშის ოცნებაა. ეს, კარიერის პიკი იყო, როგორც ტორტის თავზე მოქცეული ალუბალი. საკლუბო გამოსვლები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. იქ ყველაზე მნიშვნელოვანი 1968 წელს, ევროპის ჩემპიონთა თასზე “მანჩესტერთან” მოპოვებული გამარჯვება იყო. ეს თასი 10 წლით ადრე, 1958 წელს უნდა აგვეღო, მაგრამ მოვლენები მაშინ ჩვენს სასარგებლოდ არ განვითარდა. საუბარი მაქვს იმ ტრაგიკულ მოვლენებზე, რომელიც ჩვენი თვითმფრინავის ვარდნას მოჰყვა.
- თქვენი თამაშის პერიოდში, რომელი ფეხბურთელები მოგწონდათ?
- ასეთი იმდენია, რომ რომელიმე კონკრეტულის არჩევა გამიჭირდება. თუ მაინცდამაინც ერთი უნდა დავასახელო, დუნკან ედვარდს გამოვარჩევდი, რომელსაც “ოლდ ტრაფორდზე” თითქმის ყოველდღიურად “კუდში” დავდევდი. მას ყველაფერი შეეძლო და ამას საუკეთესოდ აკეთებდა. იდეალური გადაცემები გამოსდიოდა როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფეხით, გოლებს 30 მეტრიდან იტანდა. რომელ პოზიციაზეც უნდა ეთამაშა, ყველგან საუკეთესო იყო. ასევე მომწონდა იოჰან კრუიფი, ფერენც პუშკაში, რომელიც ფეხბურთელს საერთოდ არ ჰგავდა. კარგად მახსოვს, მან ინგლისს რა დამართა. როდესაც ბუდაპეშტში სტადიონთან მიდიხარ, კედელზე დაფა ჰკიდია და იქ მისი საერთაშორისო კარიერაა აღწერილი. მან ეროვნულ გუნდში 85 მატჩი ჩაატარა და 84 გოლი გაიტანა. ეს წარმოუდგენელია. ის ყველაზე თავდაჯერებული ფეხბურთელი იყო, რომელიც კი ოდესმე მინახავს.
- ყველაზე მეტად, ვის წინააღმდეგ გიჭირდათ თამაში?
- წინა შეკითხვის მსგავსად, ახლაც ბევრი გვარის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ რადგან კონკრეტულად მეკითხებით, დეივ მაკეიას დავასახელებ, რომელიც “ტოტენჰემში” და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებში გამოდიოდა. ის ერთ-ერთი ყველაზე ხისტი მოთამაშე იყო, ვის წინააღმდეგაც მითამაშია. მთელი შეხვედრის განმავლობაში, მას მოწინააღმდეგეები მწყობრიდან გამოჰყავდა. მოედნის ცენტრშიც კი გვიყვიროდა: “რას გაჩერდი, დამარტყი”. გამიმართლა, რომ მასთან შეტაკებისას ტრავმა არასდროს მიმიღია. გასაოცარია, მაგრამ ერთხელ თავად დევიდმა მოიტეხა ფეხი “ოლდ ტრაფორდზე”.
- თქვენი დროინდელი და ახლანდელი ფეხბურთელი ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისგან?
- მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით მოედნის გარეთ. ახლანდელ ფეხბურთელებს დიდებული სამედიცინო მომსახურება, ფინანსური გარანტიები, ეკიპირება აქვთ, მოედანთა უმრავლესობა იდეალურია. ახლა, კლუბებში უამრავი ადამიანი მოღვაწეობს და მისი განვითარებისთვის ზრუნავს. ჯერ მარტო რამდენ შეხვედრას აჩვენებენ პირდაპირ ეთერში. ჩემ დროს ფეხბურთის პირდაპირი რეპორტაჟები იშვიათობა იყო და ამიტომ, ფანები სტადიონზე დიდ როლს თამაშობდნენ. ახლა, გულშემატკივარი სტადიონზე, შესაძლოა, ერთხელაც არ იყოს ნამყოფი, მაგრამ ფეხბურთზე და საკუთარ გუნდზე ყველაფერი იცოდეს. ტრიბუნებზე მეტი სიწყნარეა.
- ფეხბურთი ახლა უკეთესია, ვიდრე 50 წლის წინათ?
- დიახ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რაზეც წეღან ვისაუბრე. ფეხბურთელებს გაცილებით უკეთესი პირობები აქვთ. თავად სპორტიც ბევრად საინტერესო გახდა. როდესაც ალფ რამსეიმ 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 4-3-3 სისტემა დანერგა, ეს საფეხბურთო რევოლუცია იყო. ახლა, მწვრთნელებს სათამაშო სქემის შეცვლა მატჩის მსვლელობისასაც შეუძლიათ. ერთადერთი, რაც არ მომწონს, თანამედროვე ფეხბურთელები პენალტის გამომუშავების მიზნით უფრო ხშირად იქცევიან მეტოქის საჯარიმოში.
- მოედანზე გასვლის სურვილი თუ გაქვთ?
- ხანდახან, ძალიან იშვიათად, მე მართლაც ვფიქრობ ამაზე: კარგი იქნებოდა, თანამედროვე გუნდში, დიდებულ მოედანზე გასვლა. განსაკუთრებით მომწონს ესპანეთის ნაკრები. ამ გუნდში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი. ისინი ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ, რომელიც მხოლოდ ფიზიკურ კონდიციებზე არაა დაფუძნებული.
- თქვენზე, ყველაზე დიდი გავლენა ვინ იქონია?
- ძალიან ბევრმა, მათ შორის ჩემმა მშობლებმა. დავასახელებ ჯიმი მერფის, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედს” წვრთნიდა, ასევე, უელსის ეროვნულ ნაკრებს ავარჯიშებდა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. “ოლდ ტრაფორდზე” ხშირად ვსაუბრობდით. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ერთი ჩვეულებრივი მოზარდისგან, პროფესიონალად ვიქეცი.
- დროის დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?
- ვეცდებოდი უკეთ მეთამაშა ბურთის ართმევაზე და “მეორე სართულზე”. მთლიანობაში, საკუთარი კარიერით კმაყოფილი ვარ. შესაძლოა, ჩემ დროს ტალახში გვიწევდა თამაში, მაგრამ მაინც კარგი იყო. არასდროს ვისურვებდი სხვა საქმიანობით დაკავებას.

ზურა ქსოვრელი
 

0.117076