ეგვიპტის საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ამერიკელმა ბობ ბრედლიმ საქართველოსთან ამხანაგური მატჩის წინ ჟურნალისთენთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი მეტოქე ორგანიზებული გუნდია.
- როგორ შეხვედრას ელით და რა ინფორმაციას ფლობთ საქართველოს ნაკრებზე?
- ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს თამაში უნდა ჩავატაროთ. ვნახეთ საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს ნაკრების მატჩები, განსაკუთრებით ძალიან მოგვეწონა მისი თამაში ესპანეთთან და ბელარუსთან.
- რა იცით ქართველი ფეხბურთელების შესახებ?
- ვიცი, რომ არველაძე “აიაქსში” თამაშობდა, ხოლო კალაძე - “მილანში”. ბოლო პერიოდში ქართველი ფეხბურთელები ასეთ დიდ გუნდებში აღარ გამოდიან, ბოლოს ვინც ვნახე, ეს იყო ჯაბა კანკავა, რომელმაც “დნიპროს” შემადგენლობაში “ნაპოლის” წინააღმდეგ ევროპის ლიგაში ითამაშა.
- რა ტაქტიკით აპირებთ თამაშს?
- ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, რომ ზოგიერთი პოზიცია გავამყაროთ, რადგან ყველა რგოლში ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს. ესპანეთთან თამაშმა აჩვენა, რომ საქართველოს ნაკრებს ორგანიზენულად თამაში შეუძლია.
- რატომ არ მოიწვიეთ ამ ამხანაგური მათჩისთვის ალი აბუთრიქა და მოჰამედ ზიდანი?
- ალის აფრიკის ჩემპიონთა ლიგაში მატჩი აქვს ჩასატარებელი და ამიტომ არ ჩამოვიდა, რაც შეეხება ზიდანს, იგი კარიერას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელებს და თან მცირე ტრავმა აწუხებს.
- ეგვიპტის ნაკრები სტუმრად უფრო სუსტად თამაშობს, ვიდრე სახლში. ეს აფრიკის თასის მატჩებმაც დაადასტურა...
- მართალია, ამიტომ მოვიწვიეთ ევროპიდან რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი და იმედი გვაქვს, რომ სტუმრადაც ისე ვითამაშებთ, როგორც შინ.
- აქცენტს შედეგზე გააკეთებთ?
- ჩვენთვის ეს ტესტ-მატჩია, რომელშიც გვსურს თავი გამოვცადოთ ისეთ გუნდთან, როგორიც საქართველოს ნაკრებია, რომელიც ყველა შეხვედრაში ორგანიზებულად თამაშობს, მთავარი მიზანი ესაა.
ეგვიპტის ნაკრები თბილისში ორშაბათს ჩამოფრინდა და სასტუმრო “რედისონში” დაბინავდა. ეგვიპტელებმა პირველი ვარჯიში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართეს. მედიისთვის ვარჯიში მხოლოდ საწყისი 20 წუთი იყო ღია. ვარჯიშის დაწყებამდე ბრედლის გარდა კომენტარი ეგვივიპტელთა მეკარე ესამ ელ-ჰადარიმაც გააკეთა: “აქ ყოფნით მოხარული ვარ და მიმაჩნია, რომ კარგი თამაში იქნება. ქართველი ფეხბურთელები კარგ გუნდებში თამაშობენ. საქართველოს ნაკრები ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგადაა მომზადებული, ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელი აფრიკის ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს და ამიტომ გვაკლია. მომწონს თქვენი ერთ-ერთი შემტევი ფეხბურთელი, რომლის გვარსაც ახლა ვერ ვიხსენებ”.
ლაშა თაბაგარი