ამერიკელი მწვრთნელი დევიდ ბლატი, რომელმაც გასულ სეზონში თელ-ავივის “მაკაბისთან” ერთად ისრაელის ჩემპიონატი, თასი და ევროლიგა მოიგო, “კლივლენდ კავალიერსის” თავკაცად დაინიშნა.
ბლატმა ნბა-ს კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც, შესაძლოა, კიდევ ერთი სეზონით გახანგრლივდეს. კლივლენდელები ბლატს წელიწადში 3.3 მილიონ დოლარს გადაუხდიან, ბონუსებთან ერთად კი, არაა გამორიცხული, მწვრთნელის ანაზღაურება, ხუთ მილიონამდე ავიდეს.
შეგახსენებთ, რომ “კავალიერსმა” გასული სეზონი 33 მოგებით და 49 მარცხით დაასრულა და პლეი-ოფს მიღმა დარჩა, შესაბამისად, გუნდის უწინდელი დამრიგებელის – მაიკ ბრაუნის დათხოვნა მოულოდნელი არ ყოფილა.
ბლატი ოკეანისგაღმურ კარიერას მას შემდეგ იწყებს, რაც ევროპაში 20 წარმატებული სეზონი გაატარა. დევიდი 2006-2012 წლებში რუსეთის ნაკრებს თავკაცობდა და 2007 წლის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვა, 2012 წლის ოლიმპიადაზე კი რუსებმა ბრინჯაო მოიპოვეს. როგორც აღვნიშნეთ, დევიდის ბოლო სამუშაო ადგილი ებრაული “მაკაბი” გახლდათ.
55 წლის სპეციალისტმა კომენტარი “კლივლენდის” ოფიციალურ ვებ-გვერდთან გააკეთა: “ძალიან მიხარია, რომ კლივლენდში ჩამოსვლის და ადგილობრივი გუნდის ჩაბარების საშუალება მომეცა. გენერალურ მენეჯერ დევიდ გრიფინთან ხანგრძლივი საუბრები მქონდა და იმედი მაქვს, “კავალიერსს” კარგად მოვერგები. ყველაფერს გავიღებ, რათა დასახულ მიზნებს მივაღწიოთ”.