ფეხბურთი

10:11 | 11.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბლატერი მართალია – ზაფხულში ყატარში ფეხბურთის თამაში შეუძლებელია

ფიფამ ყატარს 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება მისცა და პრობლემებიც დაეწყო. დიდი ბრიტანეთის სპორტის მინისტრი ჯერი სეტკლიფი დღემდე ამტკიცებს, რომ ფიფას აღმასკომის წევრმა მოჰამედ ბინ ჰამამმა მსოფლიო ფეხბურთის მმართველის ორგანიზაციის რამდენიმე მაღალჩინოსანი მოისყიდა და კენჭისყრის დროს დოჰაზე არჩევანი ამიტომ შეჩერდა. ამის მერე, ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი ინიციატივით გამოვიდა, რომ 2022 წელს მსოფლიო პირველობა არა ტრადიციულად ზაფხულში არამედ ზამთარში ჩატარდეს. ბლატერმა აღიარა, რომ მაღალი ტემპერატურის გამო, ყატარში ფეხბურთის თამაში შეუძლებელია. ამაში ფიფას მხცოვანი პირველი პირი ნამდვილად არ ტყუის. თუ რას ნიშნავს ყატარული სიცხე საკუთარ თავზე გამოვცადე. ბრაზილიისკენ მიმავალ გზაზე ერთი ღამე დოჰაში შეჩერება მომიწია. ღამის 12 საათზე თვითმფრინავიდან ჩამოსულმა ყატარული ხვატი მაშინვე ვიგემე. დილას 6 საათზე ანალოგიური სიტუაცია დამხვდა და ტემპერატურა უკვე თითქმის 40 გრადუსს აღწევდა. მართალია, ზოგადად მსოფლიოში კლიმატი იცვლება, მაგრამ ამ გლობალური დათბობის ფონზე, არა მგონია ყატარში 2022 წლის ზაფხულისთვის ტემპერატურამ მკვეთრი ვარდნა განიცადოს. სასტუმროს პორტიემ, რომელიც უზბეკი აღმოჩნდა, იხუმრა კიდეც, რომ დოჰაში ზაფხულში ფეხბურთის სათამაშოდ სტადიონებზე კონდინციონერები უნდა დააყენონ, თორემ ისე მოედნაზე გასვლა შეუძლებელი იქნებაო. ტაშკენტელ ქამალს “ბუნედკორი”, რივალდო და ლუიშ ფელიპე სკოლარიც ვუხსენე. მოგეხსენებათ, სკოლარი სწორედ უზბეკურ “ბუნედკორს” წვრთნიდა და ხელფასის სახით წელიწადში 13 მილიონ ევროს იღებდა. ქამალმა მითხრა, რომ მაშინ “ბუნედკორს” უზბეკეთის პრეზიდენტის ქალიშვილი პატრონობდა, რომელმაც მოგვაინებით ფეხბურთზე გული აიცრუა.

ყატარული სიცხიდან გამომდინარე, ადგილობრივი დროით დილის 5 საათიდან დოჰაში გახურებული სამუშაოები მიდის. ქალაქი მართლაც ლამაზია და მის კდიევ უფრო გასალამაზებლად არაფერს იშურებენ. ყატარში არსებული ნავთობიდან გამომდინარე, ამ ქვეყანას ფული ნამდვილად არ უჭირს. საკვირველია, რომ ასეთ კლიმატურ პირობებში დოჰას გამწვანებას ცდილობენ და რთული წარმოსადგენი არაა, ეს ადგილობრივებს რა ფასად უჯდებათ. დოჰაში 2022 წელის მუნდიალისთვის ემზადებიან და აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მშენებარე სტადიონიც ვნახე, რომელსაც დასრულების მერე, საკმაოდ ორიგინალური სახე ექნება.

მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოება დოჰას აეროპორტშიც იგრძონობოდა. სან პაულუსა და რიო დე ჟანეიროს რეისს ბრაზილიის მაისურებში გამოწყობილი რამდენიმე მგზავრი ელოდებოდა. ქალბატონიც გამოჩნდა კეპზე წარწერით “კოლუმბია”.

ლაშა თაბაგარი, worldsport.ge-სპეციალური კორესპონდენტი დოჰადან

თეგებიდოჰა
0.126133