უახლოეს მომავალში ტოტალიზატორ “ევროპა ბეთის” მოთამაშეებს ფსონის დადება სამოყვარულო მინი-ფეხბურთის ტურნირის „ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" თამაშებზეც შეეძლებათ. ამ სიახლესთან დაკავშირებით დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა.
“ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის” ორგანიზატორის, სპორტული სააგენტო SBM GEORGIA-ს ხელმძღვანელმა - ზაალ ჩიტალაძემ “ოქროს” და “ვერცხლის” ლიგაში მოთამაშე კლუბების წარმომადგენლებს “ევროპა ბეთის” მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თამარ ქვილითაია წარუდგინა. ვიდრე მხარეები ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებდნენ, ჩიტალაძემ “ევროპა ბეთს” სამოყვარულო სპორტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს სიახლე “ბიზნესის ჩემპიონთა ლიგისთვის” დამატებითი სტიმული იქნება. ზაალ ჩიტალაძემ იქვე, კლუბების წევრებს მოუწოდა, საქმეს მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ და სუფთა თამაშის წესები არ დაარღვიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სპეციალური სადისციპლინო კომიტეტი უმკაცრეს სანქციებს მიიღებს. თამაშის ჩაწყობაში შემჩნეული გუნდი ტურნირიდან სამუდამოდ მოიკვეთება.
თამარ ქვილითაიამ განაცხადა, რომ აზარტული თამაშების კომპანია “ევროპა ბეთი” აქტიურად ზრუნავს ზოგადად ქართული სპორტის განვითარებაზე და ამ შემთხვევაშიც, გადაწყვეტილება სამოყვარულო ლიგის პოპულარიზაციის გაზრდის და მაყურებლის ინტერესების გათვალისწინებით იქნა მიღებული.
ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, “ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის” ორგანიზატორმა “ევროპა ბეთის” წარმომადგენელი საქართველოს სამოყვარულო ნაკრების მაისურით დაასაჩუქრა.
პრესკონფერენციის მიწურულს კი გაფორმდა „სამართლიანი თამაშის მემორანდუმი", რომელსაც ლიგის მონაწილე გუნდების წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.