ავტორიტეტული გამოცემა Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამსტერდამის “აიაქსის” ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი კარიერას გერმანულ “დორტმუნდში” განაგრძობს.
2 დღის წინათ ცნობილი გახდა, რომ უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს, “დორტმუნდს” მარიო გიოტცე დატოვებს, რომელიც კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” განაგრძობს. დორტმუნდელები მის სანაცვლოდ 37 მილიონ ევროს მიიღებენ, რაც მათ ახალგაზრდა ფეხბურთელის შემცვლის დამატების საშუალებას მისცემს.
გერმანელი ჟურნალისტების ცნობით, “დორტმუნდმა” გიოტცეს შემცვლელს უკვე მიაგნო. 21 წლის დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი არაერთი ევროპული გრანდის ყურადღების ცენტრშია მოქცეული. მათ რიგებს “დორტმუნდიც” შეუერთდა. როგორც ცნობილია, “აიაქსი” ერიკსენს 16 მილიონ ევროდ აფასებს.