გუშინ გამთენიისას, პაკისტანში შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა 11 უცხოელი მთამსვლელი ნანგა-პარბატის საბაზო ბანაკში ჩაცხრილეს. პაკისტანელი თალიბების ერთ-ერთმა დაჯგუფებამ საბაზო ბანაკს, რომელშიც მთამსვლელები იყვნენ დაბანაკებულები, ორი ადგილობრივი გიდის დახმარებით მიაგნო.
თავდამსხმელები იმ პოლიციელების ფორმით იყვნენ შემოსილები, რომლითაც აღნიშნულ რეგიონში სამართალდამცავი დანაყოფები პატრულირებენ. მათ, თავდაპირველად კარვებიდან გამოიყვანეს მძინარე მთამსვლელები (5 უკრაინელი, 3 ჩინელი, 1 ლიტველი), ჯერ ჩამოართვეს პასპორტები და ფული, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნეს. ერთ-ერთმა ჩინელმა მთამსვლელმა გაქცევა მოახერხა და პოლიციას მომხდარის შესახებ შეატყობინა, ბოროტმოქმედებმა კი მოგვიანებით, ორი გიდიდან ერთ-ერთი, რომელიც გზამკვლევად გამოიყენეს, მთამსვლელებთან ერთად დახვრიტეს.
საბაზო ბანაკში, რომელსაც თავს დაესხნენ, რამდენიმე კვირის წინ ის ალპინისტთა ჯგუფი დაბანაკდა, რომელშიც ქართველი მესიმაღლეები ბიძინა გუჯაბიძე და აფი გიგანიც შედიოდნენ.
საბედნიეროდ, ქართველი მთამსვლელები, რომლებიც თავდასხმის მომენტში 6100 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდნენ, შემთხვევას გადაურჩნენ. თავდამსხმელებმა ხსენებულ წერტილამდე ასვლა ვერ მოახერხეს.
ცნობილია, რომ დაღუპულია იმ გუნდის ხუთი წევრი, მათ შორის ხელმძღვანელი – უკრაინელი იგორ სვერგინი (გამოცდილი ალპინისტი და მესიმაღლე), ასევე ბადავი კოშაევი და დიმა კონიაევი.
ამ მომენტში ჩვენები, ბიძინა და აფი გუნდის გადარჩენილ წევრებთან ერთად იმყოფებიან გილგითში, სამხედრო ბაზაზე. იქ მოგვიანებით ნანგა-პარბატის სხვა ბანაკებიდან დარჩენილ ალპინისტებსაც ჩაიყვანენ, რომლებსაც ამ მომენტში პაკისტანის სამხედრო დანაყოფები იცავენ.
რეგიონში საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული და პოლიცია და სამხედრო ქვედანაყოფები პატრულირებენ. ყველა ექსპედიცია შეწყვეტილია და მთამსვლელები საკუთარ ქვეყნებში უახლოეს ხანში დაბრუნდებიან.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა პაკისტანელი თალიბების დაჯგუფებამ აიღო, რომლის სპიკერმაც განაცხადა, რომ ეს იყო ამა წლის 29 მაისს, აშშ-ში, Waliur Rehman-ზე მოწყობილი თავდასხმის საპასუხო შეტევა.
ფოტო, რომელიც risk.ru-ზე დაიდო, ისლამაბადშია გადაღებული. ექსპედიციის წევრებს ამ ფოტოს გადაღებისას წარმოდგენაც კი არ შეეძლოთ, რომ ორ კვირაში ასეთი ტრაგედია დაატყდებოდათ თავს.
მასზე მარცხნიდან ბიძინა გუჯაბიძე და აფი გიგანი არიან ასახულნი, შემდეგ კი ის მთასვლელები, რომელთაც წინ უდიდესი განსაცდელი ელოდათ...
www.niamori.ge