იტალია, პალერმო, 1992 წელი. სამი წლის შავკანიანი ბიჭუნა, ემიგრანტთა თავშესაფარში საწოლზე ზის და ტირის... პატარა მარიო ბარვუაე მშობლებმა მიატოვეს... მასზე დედ–მამამ უარი ოფიციალურად განაცადა. მარიო გაშვილების პროგრამაში ჩასვეს. ის ახალი მშობლების მოლოდინშია, მაგრამ ისინი არა და არ ჩანან, თუმცა, ზოგჯერ ოცნებებიც ხდება...
იღება ოთახის კარი და ჭარმაგი სიცილიელი ცოლ–ქმარი, სერჯიო და რობერტა ბალოტელებს, შავტუხა ბიჭუნა ღიმილით აყავთ ხელში. რობერტა სიხარულის ცრემლებს ვერ მალავს. მათ უკვე საკუთარი შვილი ყავთ - პატარა მარიო ბალოტელი! მარიო ბალოტელი განაში 1990 წელს დაიბადა, თუმცა, ყოველთვის ამბობს, რომ იგი იტალიელია და განასთან დღეს არაფერი აკავშირებს. როდესაც ბალოტელი პალერმოს ერთ–ერთ საჯარო სკოლაში მიაბარეს, ცინიკოსი ბავშვებისაგან ბევრი დამცირებისა და დაცინვის ატანა მოუხდა.
სულ მალე მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება და არავინ იცის, კიდევ რა სიურპრიზს შემოგვთავაზებს შავტუხა, წარმოშობით განელი ბიჭი, რომელიც იტალიის პატრიოტია.
“მე არ მქონია ბედნიერი ბავშვობა. სამწუხაროდ, იტალიაში დღესაც ბევრ რასისტს ნახავთ. ზოგიერთს ის არ მოსწონდათ, რომ შავკანიანი ვარ და იტალიელად მივიჩნევ თავს. თუმცა, ჩემმა მშობლებმა ყველა პრობლემა დამაძლევინეს. მე მათი უსაზღვროდ მადლობელი ვარ,“ – ამბობს მარიო ბალოტელი, რომელიც რბილი და მიმნდობი ხასიათით არასოდეს გამოირჩეოდა. სიცილიაში გაზრდილი მარიო ფეხბურთმა ჯერ კიდევ მაშინ გაიტაცა, როდესაც 6 წლის იყო.
“ჩემზე დიდ ბიჭებს ვჯობდი სისწრაფეშიც და ტექნიკაშიც. ამის გამო ბევრს შურდა ჩემი და სულ მირტყამდნენ ფეხებში. მე ხომ შავი ვიყავი. შავი კი, აბა, როგორ შეიძლება პირველი იყოს?!“ – მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, ბალოტელის ფეხბურთისადმი სიყვარული არასოდეს განელებია და უკვე 12–13 წლისა, თავისუფლად ასრულებდა დიდი ფეხბურთელებისათვის დაწესებულ სპორტულ ნორმატივებს.
ბალოტელის საშინელი ხასაითი აქვს და როგორც ერთ-ერთი იტალიური გაზეთი წერდა: “ბალოტელის ყველაფერი აქვს დიდი ფეხბურთის სათამაშოდ. ჯანსაღი სხეული, უზადო ტექნიკა, ზუსტი პასი და ძლიერი დარტყმები, მაგრამ არა აქვს მთავარი – მარიოს ხასიათი არ უვარგა. ის გამუდმებით იგინება და ყველას ეჩხუბება“.
დონნა რობერტამ, მარიოს გამზრდელმა დედამ, მართლაც რომ დიდი საქმე გააკეთა თავისი ქვეყნისათვის და იტალიას შესანიშნავი ფეხბურთელი გაუზარდა. სხვათა შორის, როდესაც ბალოტელი უკვე ცნობილი ფეხბურთელი იყო და გვარიანი შემოსავალიც გაუჩნდა, მარიოს ბიოლოგიურმა მშობლებმა მიაკითხეს და სამი წლის ასაკში შვილის მიტოვების გამო, პატიება ითხოვეს. მარიომ ისინი სახლიდან გაყარა. შემდეგ კი ჟურნალისტებს განუცხადა:
“როცა პატარა ვიყავი, განიდან არავინ დაინტერესებულა ჩემი ბედით. მე ბალოტელების ოჯახმა გამზარდა და ამ ოჯახის წევრად ვთვლი თავს. დიახ, ბიოლოგიური მშობლების გარეშე ვერ გავჩნდებოდი – ეს მართალია, თუმცა მათ მიმატოვეს და ჩემი ბედით არც დაინტერესებულან. ახლა კი როცა დიდებაც მაქვს და ფულიც, ისინი ასპარეზზე გამოჩნდნენ და აჭრელებულია გაზეთები მათი ინტერვიუებით. ჩემი აზრით, ეს ამაზრზენია. მე ბალოტელი ვარ და თავს იტალიელად მივიჩნევ!”