“დილას” ოფიციალური ჰიმნიდან სათაურში გამოტანილი ეს სიტყვები ნელ-ნელა ხორცს ისხამს. მაშ ასე, გორის “დილამ” ზედიზედ მე-10 მატჩი მოიგო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სადღეისოდ საქართველოში პრაქტიკულად კონკურენტი არ ჰყავს, რაც მათი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ არის. ამ მოსაზრების მთავარი არგუმენტი ისაა, რომ გორელებმა პირველი წრის უშუალო შეხვედრებში ყველა ფავორიტს (და არა მარტო ფავორიტს) მოუგეს.
გორელთა გუნდის უმეტეს ფეხბურთელებს სხვადასხვა დროს საქართველოს ნაკრებში უთამაშიათ, საზღვარგარეთაც არცთუ ხელწამოსაკრავ გუნდებში უბურთავიათ და დიდი გამოცდილებაც მიუღიათ. შედეგიც სახეზეა. თუმცა, მწვრთნელს – ისრაელმოვლილ გიორგი დარასელიასაც ნუ დავივიწყებთ. მისი მოსვლის შემდეგ, გორელებმა 10-ვე თამაში მოიგეს, მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვეს და გუშინ 3 საათის განმავლობაში (სანამ თბილისელ და ბათუმელ დინამოელთა თამაში დამთავრდებოდა) პირველ ადგილზე იდგნენ, რაც, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მათი ყველაზე შესაფერისი ადგილია.
საერთოდ, გვგონია, რომ ეს გუნდი ქართული ფეხბურთის სინამდვილიდან ამოვარდნილია – კარგი გაგებით. გარკვეულ ევროპულ სტანდარტებს უკვე აკმაყოფილებს და თუ ფინანსებმა არ შეუშალათ ხელი, მართლაც ისეთი გუნდი ჩამოყალიბდება, საქართველოში კარგა ხანია რომ არ ყოფილა.
გუშინ გორელებმა ბოლნისში, “სიონს”, მოდებაძისა (პენალტით) და ონიანის გოლებით 2:0 იოლად მოუგეს. ახლა კი, რთული კალენდარი ეწყებათ. ზედიზედ უწევთ ლიდერებთან გაჯიბრება და კიდევ ერთხელ მოუწევთ წერილის დასაწყისში ნათქვამი სიტყვების დამტკიცება. თუმცა, თუ მათ საამსეზონო მონაგარს და გამოცდილებას გადავხედავთ, დიდი პრობლემები არა გვგონია შეექმნათ.
ადრეც ვწერდით და დღესაც გავიმეორებთ: ლიდერი – თბილისის “დინამო” ჩამოყალიბებული გუნდის შთაბეჭდილებას ჯერ ვერ ტოვებს. ბათუმელ თანაკლუბელებთან გუშინდელმა შეხვედრამ ეს შეგრძნება კიდევ უფრო გაამძაფრა. აბა, დავუკვირდეთ: პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 4:1-ს იგებდნენ (ჯაბა დვალმა დუბლი მიითვალა და 12 გოლით ბომბარდირთა დავაში კვლავ ლიდერობს) და ყველა ელოდა, რომ მეორე ტაიმში უპირატესობას უფრო გაზრდიდნენ, მაგრამ მოხდა პირიქით, დაცვისა და მეკარის არცთუ საიმედო თამაშმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმადე შეამცირა და ბოლო წამამდე, სანამ ჩისკო მეხუთეს გაიტანდა, ბურთაობა დაძაბულ და ნერვულ ატმოსფეროში გაგრძელდა. მაყურებლისთვის ალბათ ეს კარგია, მეტი ინტერესით უყურებს წარმოდგენას, მაგრამ მეორე მხრივ, ნათლად მიუთითებს თბილისელ დინამოელთა არასტაბილურობაზე. თუმცა, უმცროსი უჰრინის მუშაობის ხანგრძლივობას თუ გავითვალისწინებთ (4 თვე), ეს გასაკვირი არც არის. ცხონებული დათო ყიფიანი ამბობდა ხოლმე: ნორმალური გუნდის შექმნას ორი წელიწადი მაინც სჭირდებაო. კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფიაც, ეტყობა, ამ თეზისს იზიარებს, ჩეხს აბსოლუტური დამოუკიდებლობა მისცა და მყისიერ შედეგს არც ელის.
ბათუმელთა შემყურე კი, გვიკვირდა, როგორ არის ეს გუნდი ბოლოსწინა ადგილზე. გია გურულს მებრძოლი ბიჭები ჰყავს, დუბლის შემსრულებელ თორნიკე ბერიძესთან ერთად გამოირჩეოდა ჭაბუკი შუახაზელი ნიკა დიასამიძე, რომელიც 18 წლისა 2 სექტემბერს გახდა. სისწრაფისა და დრიბლინგის წყალობით, ის მასპინძელ მცველებს იოლად უმკლავდებოდა.
გვაკვირვებს “ზუდიდიც”. ელგუჯა ქომეთიანის შეგირდებმა მიჯრით მე-4 შეხვედრა მოიგეს და პირველ ოთხეულში დამკვიდრდნენ (დღეისთვის ზუგდიდელები ცხრილში მე-4 ადგილზე არიან და არა მესამეზე, როგორც გუშინ გვეწერა. მიზეზთა გამო შეცდომა მოგვივიდა, რისთვისაც მკითხველებს ბოდიშს ვუხდით. მესამეზე ქუთაისის “ტორპედოა”).
იმერული დერბი კი, “ზესტაფონმა” მოიგო და “ტორპედოსთან” პირველ წრეში დამარცხებისთვის რევანში აიღო. მართალია, ქუთაისელებს ოქტომბერ-ნოემბრის მიჯნაზე მძიმე კალენდარი ჰქონდათ, მაგრამ საჩემპიონო ამბიციის გუნდისთვის ბოლო სამ თამაშში აღებული მხოლოდ ერთი ქულა ვერაფერი ნუგეშია.
მე-14 ტური. 11 ნოემბერი: ზესტაფონი – ტორპედო 1:0, დინამო (თბ) – დინამო (ბთ) 5:3, ზუგდიდი – კოლხეთი 1:0, სიონი – დილა 0:2, ჩიხურა – ვიტ ჯორჯია 4:0, მერანი – მეტალურგი 0:0
1. | დინამო (თბ) | 14 | 10 | 3 | 1 | 41:13 | 33 |
2. | დილა | 14 | 10 | 1 | 3 | 24:8 | 31 |
3. | ტორპედო | 14 | 8 | 2 | 4 | 29:13 | 26 |
4. | ზუგდიდი | 14 | 7 | 5 | 2 | 19:9 | 26 |
5. | ჩიხურა | 14 | 8 | 2 | 4 | 21:14 | 26 |
6. | ზესტაფონი | 14 | 7 | 3 | 4 | 17:9 | 24 |
7. | მეტალურგი | 14 | 5 | 2 | 7 | 9:18 | 17 |
8. | ვიტ ჯორჯია | 14 | 4 | 3 | 7 | 10:20 | 15 |
9. | მერანი | 14 | 4 | 2 | 8 | 7:23 | 14 |
10. | სიონი | 14 | 3 | 4 | 7 | 11:22 | 13 |
11. | დინამო (ბთ) | 14 | 2 | 2 | 10 | 13:31 | 8 |
12. | კოლხეთი | 14 | 0 | 3 | 11 | 5:26 | 3 |
მე-15 ტური
17 ნოემბერი: ჩიხურა – მერანი, ვიტ ჯორჯია – სიონი
18 ნოემბერი: დილა – ზუგდიდი, კოლხეთი – დინამო (თბ), დინამო (ბთ) – ზესტაფონი, ტორპედო - მეტალურგი
მეგოლეები:
12 – ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)
8 – ალვარო (“დინამო” თბილისი), ჩისკო (2 პენ, “დინამო” თბილისი),
7 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)
6 – მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), რევაზ ჯიქია (“სიონი”)
5 - ბესიკ ჩიმაკაძე (1, “ვიტ ჯორჯია”), ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), დავით ოდიკაძე (4, “ჩიხურა”)
4 – გიორგი მერებაშვილი, ლევან ხმალაძე (“დინამო” თბილისი), რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”)
3 – დიმიტრი ტატანაშვილი, ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”), საბა ლომია (“მერანი”), გიორგი დათუნაიშვილი, გიორგი ბერიაშვილი, ელგუჯა გრიგალაშვილი, გიორგი კუხიანიძე (1) (“ტორპედო”), ნიკო კვასხვაძე (“ჩიხურა”), დავით გამეზარდაშვილი (“ზუგდიდი”), ირაკლი მოდებაძე (1), გულვერდ თომაშვილი (“დილა”), თორნიკე ბერიძე (“დინამო” ბათუმი), თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”)
2 – გივი კვარაცხელია (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი, ლევან შარიქაძე (“ზესტაფონი”), ლევან კუტალია (1), შოთა ლომია (“ზუგდიდი”), რევაზ გოცირიძე, გაგა ჩხეტიანი, ბესო დეკანოიძე, თემურ შარაშენიძე (“ჩიხურა”), ლაშა შერგელაშვილი, გიორგი მიქაბერიძე (“მეტალურგი”), რომან ახალკაცი, გიორგი კახელიშვილი, ჟუნიორი, სანდრო გურული, ირაკლი კლიმიაშვილი (“დილა”), პაატა ცხვიტარია, პავლე დათუნაიშვილი (“კოლხეთი), გრიგოლ დოლიძე (“ტორპედო”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)
1 – თორნიკე აფციაური, პატრიკ მილხრაუმი, ოთარ კვერნაძე, მიხეილ სარდალიშვილი, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი (“ზესტაფონი”), გიგა ამბროლაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ნოდარ ნოზაძე, გივი დიდავა (“მერანი” მარტვილი), რობერტინიო, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი (“დინამო” თბილისი), გელა გოგიტიძე, ამირან მუჯირი, ალექსანდრ ტიმჩიშინი, ალექსანდრე ბაციკაძე (“დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, გიორგი ქუცურუა, დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა, გიორგი ფეიქრიშვილი (“სიონი”), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი (“ჩიხურა”), ალექსანდრე კვახაძე, ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია, ნიკა ფირცხალავა (“ტორპედო”), გიორგი ვასაძე, ელგუჯა ლობჟანიძე, ჯემალ გოგიაშვილი, ლაშა გაბრიჩიძე, გურამ გურეშიძე (“ვიტ ჯორჯია”), დაჩი ფოფხაძე, ალექსანდრე კოშკაძე (“ზუგდიდი”), ვალერი კაციტაძე, დათო კვირკველია, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, გიორგი ონიანი (“დილა”), შალვა კვანტალიანი (“კოლხეთი”), ანზორ სუხიაშვილი (“მეტალურგი”)
Aავტოგოლი: ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), ირაკლი კვეკვესკირი (“დინამო” ბათუმი)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა
სოლომონ გულისაშვილი