ესპანური “სევილიას” პორტუგალიელი მეკარე ბეტუ მატჩის წინ ჟურნალისტებს გაესაუბრა და განაცხადა, რომ გულშემატკივარს ძალიან საინტერესო თამაში ელის.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბეტუ და მისი თანაგუნდელები მადრიდის “რეალის” დამარცხებას და უეფას სუპერთასის მოპოვებას შეეცდებიან. პორტუგალიელის კომენტარს უეფას ოფიციალური საიტი ავრცელებს:
“ამ მატჩით სიამოვნება უნდა მივიღოთ. აქამდე მოსასვლელად გრძელი და დაბრკოლებებით სავსე გზა გამოვიარეთ და მხოლოდ გამარჯვება დაგვაკმაყოფილებს.
კრიშტიანუ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მას არ სჭირდება ორთვიანი წინასასეზონო შეკრება, რათა ფორმაში შევიდეს. თუმცა, ჩვენს გუნდს თავისი ტაქტიკა და თამაშის სტილი აქვს და რონალდუს შეჩერება შეგვიძლია. მეტიც, ჩვენს გუნდს “რეალის” დამარცხებაც ძალუძს.
შეიძლება, “რეალი” ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ გასული სეზონის ბოლოს მათი დამარცხება შევძელით და ახლაც იგივეს ვაპირებთ”, - განაცხადა ბეტუმ.
შეგახსენებთ, რომ “სევილიამ” ევროპის ლიგის გასული გათამაშების ფინალში ლისაბონის “ბენფიკას” თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლია და ამ სერიის გმირი სწორედ ბეტუ გახდა.
ლევან გოგოტიშვილი