კალათბურთი

15:55 | 14.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბესიკ ლიპარტელიანი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე კენჭს აღარ იყრის

საქართველოს კალათბრუთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი 2013 წლის 11 დეკემბერს დანიშნულ კალათბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ ლიპარტელიანმა დღეს კალათბურთის ფედეაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბესიკ ლიპარტელიანი: “კარგად მოგეხსენებათ, რომ 2013 წლის 11 დეკემბერს კალათბრუთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებია დანიშნული. 2001 წლიდან ვარ ფედერაციის ხელმძღვანელი და ამ 12 წლის განმავლობაში ბევრ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა კალათბურთის განვითარებაში. მე გადავწყვიტე შევხვედროდი საკალათბურთო საზოგადოებას და გამეგო მათი აზრი მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით. ბოლო თვენახევრის განმავლობაში არაერთი შეხვედრა ჩავატარეთ. იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებზე კანდიდატებს ჰქონდეთ მეტი თავისუფლება, მივიღე გადაწყვეტილება, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღო. ამაზე 2 წლის წინაც ვფიქრობდი. იმედია, ვინც ამ პოსტზე მოვა, ღირსეულად გააგრძელებს მოღვწეობას და რაც შეიქმნა არ დაანგრევს. სპორტიდან არ მივდივარ. კალათბურთში დავრჩები თუ სხვაგან გავაგრძელებ მუშაობას, ამას მომავალი გვიჩვენებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება. ამასთან, არსებული წესდებით გაიმართება. შეხვედრა გვქონდა ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობასთან, რომელთაც წესდებასთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრება მივაწოდეთ. მათგან მხარდაჭერა მივიღეთ”.

-    რადგან გადაწყვიტეთ, რომ კენჭი მომავალ არჩევნებზე არ იყაროთ, თქვენზე პოლიტიკური ზეწოლა ხომ არ ყოფილა?

-    სამწუხაროდ, ჩემთვის გაუგებარი და საწყენი იყო, რომ 2012 წლის ნოემბრიდან დაიწყო ბინძური კამპანია კალათბურთის ფედერაციის წინააღმდეგ. თითქოს განვლილი პერიოდის განმავლობაში არაფერი კეთდებოდა და კალათბურთი დაღუპვის გზაზეა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამ სიბინძურისთვის ნათელი მომეფინა, შევხვედროდი საკალათბურთო საზოგადოებას და არჩევნებზე არ ყოფილიყო ერთი კანდიდატი, როგორც ეს ყიფიანსა და ახვლედიანს სურდათ. არჩევნებზე რამდენიმე კანდიდატი იქნება და ღირსეულს აირჩევენ. 

აქვე გეტყვით, რომ პარასკევს, 14 სათზე, კალათბურთის ფედერაციის კანდიდატები ხსენებული ორგანიზაციის ოფისში კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრებს შეხვდებიან. განხილვის მთავარი თემა მომავალ ყრილობაზე დელეგატების რაოდენობის განსაზღვრა იქნება. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამგეობის სხდომა გაიმართება.

0.142373