ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრები დასავლეთ საქართველოს საკალათბურთო სამყაროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ეს იყო გამგეობის პირველი გასვლითი შეხვედრა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით მერაბ რატიშვილმა გახსნა. იმ მწვრთნელების და კალათბურთში მოღვაწე ადამიანების გარდა, რომლებიც დასავლეთ საქართველოში მუშაობენ, მრავლად იყვნენ სახელოვანი სტუმრები დედაქალაქიდანაც. შეკრებას ესწრებოდნენ ნოდარ ქორქია, პაატა გურასპაული, გივი ბიჭიაშვილი, ვალერი ლომაძე, კახა შენგელია, გია სანაძე, ვლადიმერ ბოისა და სხვები. მერაბ რატიშვილმა სიტყვა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს ბესიკ ლიპარტელიანს გადასცა.
ბესიკ ლიპარტელიანი: “მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ აქ მობრძანებისათვის. მოგეხსენებათ, 14 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც წესით აგვისტოში უნდა გამართულიყო. სამწუხაროდ, მთელი რიგი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო, ეს არჩევნები არ ჩატარდა. გამგეობამ გადაწყვიტა რეგიონებში შეხვედრები ჩაგვეტარებინა, რათა ადგილზე გულწრფელად გვესაუბრა იმ ადამიანებთან, რომელთაც ქართულ კალათბურთში სიტყვა ეთქმით. გვინდა ადგილზე მოვისმინოთ ის წინადადებები, რომლებიც გაქვთ. ვფიქრობთ, ეს წაადგება საერთო საქმეს. უპირველესად, თუ რატომ გადაიდო არჩევნები. ჩვენ ორი თვით ადრე გვქონდა ვებ-გვერდზე საარჩევნო წესდება. გარკვეულმა ჯგუფმა, არჩევნებამდე ორი დღით ადრე დაიწყო აპელირება იმ თემით, თითქოს ეს წესდება წინააღმდეგობაში მოდიოდა ფიბას და საქართველოს კანონმდებლობასთან. ამ პოზიციას მხარი დაუჭირა სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა, რომელიც უნდა ვაღიარო, რომ ამ პროცესში კონკრეტულ მხარეს წარმოადგენს. სინამდვილეში ამ წესდებაში დარღვევა არ ყოფილა და ეს ფიბადან მოსულმა წერილმაც დაადასტურა. დღეს თქვენთან შევიკრიბეთ იმის გამოც, რომ ერთად ვიმსჯელოთ, თუ ვინ უნდა გადაწყვიტოს ქართული კალათბურთის მომავალი და ყველას საერთო აზრია, რომ ეს დიდმა საკალათბურთო ოჯახმა უნდა გააკეთოს. ყველამ იცით 2001 წლიდან ვხელმძღვანელობ ფედერაციას. მაშინ წარმოუდგენელად რთული სიტუაცია იყო და შევძელით ის, რომ დღეს ქართული კალათბურთი პროგრესის გზაზეა. რა თქმა უნდა, გასაკეთებელი საქმე ბევრია და ამისათვის ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, მაგრამ როცა ოპონენტები გვაბრალებენ ქართული კალათბურთის განადგურებას, ეს უბრალოდ არასწორი ქმედებაა. მე მიხარია, რომ აქ პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატია. მადლობა კახა შენგელიას და ვოვა ბოისას, მჯერა რომ ერთად დგომით და მუშაობით საქმეს წინ წავწევთ. მინდა ყველას ვუთხრა, კალათბურთი ჩემი საკუთრება არ არის, იგის მთელ ქვეყანას ეკუთვნის. ყველამ იცით, რომ ბოლო წლებია ჩვენი ნაკრებები რეგულარულად მონაწილეობენ კონტინენტის პირველობებზე. წინ გადაიდგა ნაბიჯები სუპერლიგის და ასაკობრივი პირველობების ჩატარების კუთხით. ვცდილობთ ყოველდღიურად ვიზრუნოთ განვითარებაზე”.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, შეკრებილებმა თავიანთი შეხედულებები გამოთქვეს. იყო კრიტიკული შენიშვნებიც. პასუხებს გამგეობიდან ბესიკ ლიპარტელიანი, მერაბ რატიშვილი და ნოდარ ქორქია იძლეოდნენ. ყველაზე აქტუალური იყო ქუთაისში არსებული საკალათბურთო დარბაზის იატაკი, რომელიც დამსწრეთა აზრით ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. გამგეობის წევრებმა განუმარტეს დაინტერესებულ პირებს, რომ ისინი დარბაზის მშენებლობასთან და იატაკის საფარის შერჩევასთან არანაირ კავშირში არ არიან. ასევე პრობლემად იქნა შეარცხული ის ფაქტიც, რომ ქუთაისში საკალათბურთო სკოლებს კალათბურთელები არ ხელმძღვანელობენ. სიტუაცია მცირედით დაიძაბა ცნობილი ქართველი კალათბურთელის მედეა მხეიძის გამოსვლის და შეკითხვების შემდეგ. ამ დროს დარბაზში მყოფმა ერთ ერთმა დამსწრემ რეპლიცა ისროლა გამომსვლელის მიმართ, რამაც ქ-ნი მედეა გაანაწყენა და დარბაზი დატოვა. მანამდე, მედეა მხეიძემ კრიტიკული შენიშვნები გააკეთა ფედერაციის მუშაობის გამო, ასევე კრიტიკის ობიექტი გახდა სუპერლიგის ახალი კალენდარი. მოპასუხეებმა ქ-ნ მედეას აღუთქვეს, რომ წინადადება წერილობით შეეტანა ფედერაციაში და აუცილებლად მოახდენდნენ რეაგირებას. ამის გარდა, იყო ისეთი შეკითხვები, რომლებიც შეხვედრის ფორმატს აშკარად არ შეესაბამებოდა, თუმცა გამგეობის წევრებმა არც ეს კითხვები დატოვეს უპასუხოდ. საუბარი ასევე შეეხო ქალთა კალათბურთის თემასაც და აღინიშნა, რომ სერიოზული პრობლემებია ამ კუთხით ბავშვებში, სადაც შეინიშნება ადამიანური რესურსების ნაკლებობა. დასასრულს, როგორც გამგეობის წევრებმა განაცხადეს, ასეთი ტიპის შეხვედრები სხვა რეგონებშიც შედგება.