11 დეკემბერს საკალათბურთო სამყარო ფედერაციის ახალ პრეზიდენტს აირჩევს. ეროვნული საკალათბურთო ფედერაციის თავკაცის პოსტზე კენჭს 4 კანდიდატი იყრის, რომელთა შორის არ იქნება მოქმედი პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი. ბატონმა ბესიკმა 14 ნოემბერს სპეციალურ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. წინასაარჩევნოდ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს შევხვდით და რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა ვთხოვეთ. ვფიქრობ, სპორტის ქომაგთათვის საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა.
- სპორტის სამინისტროში კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრების შეხვედრა სუპერლიგის საასპარეზო დღეს დაემთხვა, ჟურნალისტების სოლიდური ნაწილი სპორტის სასახლის ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს მატჩებს და დიალოგის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციას ვერ დაესწრო. ფედერაციის ვებგვერდზე ლევან ყიფიანისა და თქვენ განცხადებას გავეცანით, მაგრამ იქნებ უფრო დეტალურად მოგვახსენოთ საუბრის შინაარსი...
- სპორტის მინისტრთან შეხვედრა თავდაპირველად 14 ნოემბერს გვქონდა დანიშნული, მაგრამ ამ დღეს ბატონი ლევანი მივლინებით გაემგზავრა, შემდეგ 19-ში უნდა გამართულიყო საუბარი, თუმცა, ამჯერად პარლამენტში მინისტრების დამტკიცების პროცედურამ შეგვიშალა ხელი. საბოლოოდ კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრები გასულ ორშაბათს ვესტუმრეთ სპორტის სამინისტროს. ჩვენი შეხვედრა კონსტრუქციული გამოდგა. კარგია, რომ გამგეობა სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. ჩვენ თვენახევრის განმავლობაში ვხვდებოდით ქართული საკალათბურთო სამყაროს წარმომადგენლებს და მინისტრს მოვახსენეთ მათი სურვილი, თუ როგორ უნდა განგვესაზღვრა 2013 წლის 11 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მანდატები. გამგეობამ გაითვალისწინა საკალათბურთო სამყაროს მოთხოვნები და განსაზღვრა დელეგატთა რაოდენობა. ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე გამგეობა და მე, როგორც გამგეობის თავმჯდომარე, ვიძლევით სრულ გარანტიას. შეხვედრა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ იმითაც, რომ ფედერაციასა და სამინისტროს შორის წარმოქმნილი გარკვეული სახის გაუგებრობა სრულად აღმოიფხვრა.
საუბარი შეეხო კანონმდებლობის შეცვლას. სპორტის კანონი 1996 წელსაა მიღებული და კორექტირებას საჭიროებს. მოგეხსენებათ, ვსტუმრობდით ფიბა-ევროპის ხელმძღვანელებს და მინისტრს ამის თაობაზეც ვესაუბრეთ. ევროპის მმართველი ორგანო რეკომენდაციებს გვაძლევს, ამასთან მოითხოვს, რომ ჩვენი ორგანიზაციის წესდება წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს კანონმდებლობასთან. ასეცაა, თუმცა, ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი საპირისპიროს ამტკიცებს. საბოლოო ჭეშმარიტების დასადგენად სასამართლო არსებობს და თუ ვინმეს ჩვენ საკანონმდებლო ბაზასთან რაიმე სახის პრეტენზია აქვს, შეუძლია სასამართლოს მიმართოს. ახალ წესდებას რაც შეეხება, მის შემუშავებამდე დიდი დაფიქრება და ბევრი რამის აწონ-დაწონაა აუცილებელი. მაგალითისთვის, ესპანეთის მოდელი ბრმად რომ გადმოვიღოთ, ქართულ სინამდვილეში ვერ იმუშავებს. ჩვენთან ხომ საკალათბურთო სუბიექტების დიდი ნაწილი მუნიციპალურ დაქვემდებარებაშია, ამიტომაც სრულ თავისუფლებას მოკლებულები არიან.
ერთი სიტყვით, მინისტრს დავპირდით, რომ 11 დეკემბერს დანიშნული არჩევნები კანონის სრული დაცვით, გამჭვირვალედ ჩატარდება.
- ოპონენტები კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად თქვენი მუშაობის 12 წლიან პერიოდს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ არ იზრუნეთ დარბაზების ფედერაციის საკუთრებაში გადაცემაზე, მეტის მიღწევა შეეძლო ეროვნულ ნაკრებს, აკრიტიკებენ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს იგორ კოკოშკოვსაც...
- სამწუხაროა, ფედერაციის საკუთრებაში საკალათბურთო დარბაზი რომ არ ირიცხება, მაგრამ ამაში ჩვენ ბრალს ნაკლებად ვხედავ. თბილისის მერიასთან რეგულარულად ვსაუბრობდით ვერის ბაღის დარბაზის რემონტისა და შემდეგ ჩვენ მართვაში გადმოცემის თაობაზე. ამას ვერ მივაღწიეთ. ფედერაცია ყოველწლიურად 350 ათას ლარს უხდის სპორტის სასახლეს, რათა მან სუპერლიგის მატჩებს უმასპინძლოს. გაცილებით უკეთესი იქნებოდა, შეხვედრებს ჩვენ ბალანსზე მყოფ დარბაზში ვატარებდეთ, გამოთავისუფლებულ თანხას კი სხვადასხვა პროექტებზე ვხარჯავდეთ. თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს საკალათბურთო “დინამოს” ბაზის გადმოცემა ჩვენთვის უნდოდა. ამით როგორც ეროვნულ, ასევე ასაკობრივ ნაკრებებს სავარჯიშო არენის პრობლემა მოეხსნებოდა, თუმცა, “საქართველოს ბანკმა” გაცემული სესხი ვერ დაიბრუნა და გირაოში ჩადებული ბაზა სამართლიანად და კანონიერად მის მფლობელობაში გადავიდა. სწორედ ჩვენ ვესაუბრეთ ამ ბანკის ხელმძღვანელებს, რათა მათ თბილისის “დინამოსთვის” ეპატრონათ და გუნდი დაეფინასებინათ. 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის გამოსვლას რაც შეეხება, ზაზა ფაჩულიასა და თორნიკე შენგელიას არყოფნა დიდი დანაკლისი გახლდათ. ამის მიუხედავად, პოლონელებთან ჩატარებულმა სასტარტო მატჩმა წარმოაჩინა საქართველოს ნაკრების მაღალი პოტენციალი და ხორვატიასა და სლოვენიასთან მსაჯების შეცდომები რომ არა, დარწმუნებული ვარ, მეტს მივაღწევდით. იგორ კოკოშკოვს რაც შეეხება, სერბ სპეციალისტს მუშაობისას თავისუფლების სრული ხარისხი მივანიჭეთ. მისი სუვერენული უფლება გახლდათ მოთამაშეების შერჩევა და გუნდის დაკომპლექტება. ფედერაცია ამ საქმეში იოტისოდენადაც არ ჩარეულა. კოკოშკოვს ასისტენტები, დავით უსტიაშვილი და კოტე ტუღუში მუდმივად საქმის კურსში აყენებდნენ, ვიდეოებს უგზავნიდნენ და ჩანაწერების მეშვეობით ბატონ იგორს ნებისმიერ კანდიდატზე დაკვირვების საშუალება ჰქონდა. კოკოშკოვმა ნაკრების სათამაშო სტილი შეცვალა და ჩვენი ნაკრების მთავარმწვრთნელობისას დაამტკიცა, მაღალი დონის სპეციალისტი რომაა.
- პრეზიდენტობის კანდიდატები ამბობენ, რაც მეტი დელეგატი იქნება არჩევნებისას, ფედერაციის მომავალ ხელმძღვანელს მეტი ლეგიტიმაცია ექნებაო...
- შეგახსენებთ, 2012 წლის 25 დეკემბერს ყრილობა ჩავატარეთ და წინადადებით გამოვედით, მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონებს, აგრეთვე ჩემპიონთა თასის მფლობელებს გურამ მინაშვილს, ლევან მოსეშვილს, ამირან სხიერელს, აწგარდაცვლილ ილარიონ ხაზარაძეს, ნიკოლოზ დერიუგინს დელეგატის სტატუსი ჰქონოდათ. ამაზე სასტიკ წინააღმდეგობას იმ ადამიანებისგან წავაწყდით, რომლებიც დღეს გაფართოებას ემხრობიან. წინასაარჩევნოდ საკალათბურთო სამყაროს წარმომადგენლებთან ბევრი შეხვედრა გავმართეთ და ამ ადამიანების ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა ის გახლავთ, რომ ბრძოლა ლეგიტიმური, სამართლიანი და წესიერი ხერხებით წარიმართოს და პრეზიდენტის დანიშვნა გამოირიცხოს. ჩვენი ამოცანა და მიზანიც სწორედ ესაა. ზოგიერთი დელეგატი და პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, თუკი რაოდენობა არ შეიცვალა, არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო. ვფიქრობ, ყველაფერი ლეგიტიმურად წარიმართება და ქართული საკალათბურთო სამყარო ნორმალურ პირობებში წარმართულ კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას.
- ქართული კალათბურთის შემდგომი განვითარების გზა როგორ გესახებათ?
- სახელმწიფო უპირველესად ბაზებით უნდა დაეხმაროს ფედერაციას. საკალათბურთო აკადემიის დარბაზი რომ არ გვქონდეს, ასაკობრივ ჩემპიონატებს ვერცკი ჩავატარებდით. კლუბებს რაც შეეხება, მათ სწორად უნდა აირჩიონ მენეჯერები, რომლებიც, სხვა მნიშვნელოვან საქმეებთან ერთად, სპონსორების მოძიებითაც დაკავდებიან. სწორედ მენეჯერმა უნდა განსაზღვროს კლუბის სამომავლო სტრატეგია.
- 2001 წლიდან სათავეში უდგახართ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას. 12 წლის განმავლობაში გაკეთებულ საქმეთაგან რას გამოარჩევთ და რის შეუსრულებლობაზე გწყდებათ გული?
- 2001 წელს ფედერაციასა და ზოგადად კალათბურთში მძიმე მდგომარეობა დამხვდა. ორგანიზაციის ბიუჯეტი სულ რაღაც 37 ათასი ლარი გახლდათ, ამჟამად კი 3 მილიონია. 4 წელია სახელმწიფო პროგრამაში ვართ ჩართული. 12 წლის წინ პრაქტიკულად არ იყო დარბაზი, რომელიც თბებოდა, შუქით და ცხელი წყლით იყო უზრუნველყოფილი. 2006 წლიდან საკალათბურთო სუპერლიგა ჩამოვაყალიბეთ და მასში მომუშავე ადამიანების მონდომებული შრომით ჩვენმა ეროვნულმა ჩემპიონატმა საგრძნობლად წაიწია წინ. სადღეისოდ საერთაშორისო კლასის 5 მსაჯი და ერთი კომისარი გვყავს. სუპერლიგაში სამსაჯოდ უცხოელი არბიტრიც გვყავდა მოწვეული. ზედიზედ ორჯერ ევროპის ჩემპიონატის დასკვნით სტადიაზე ვითამაშეთ. 2011 წელს ლიტვაში საქართველოს ეროვნული გუნდი კონტინენტის 12 საუკეთესო ნაკრებთა შორის მოხვდა. სამწუხაროდ, ქალთა კალათბურთს ვერ მივაქციე სათანადო ყურადღება. ერთიცაა, როდესაც შრომობ, შეცდომებიც გარდაუვალია და ამ მხრივ გამონაკლისს არც მე წარმოვადგენ.
- 14 ნოემბერს განაცხადეთ, რომ მომავალ არჩევნებში კენჭს არ იყრით. თუ ითანამშრომლებთ ახალ პრეზიდენტთან და იქნებ, სამომავლო გეგმებიც გაგვანდოთ...
- თუკი ფედერაციის ახალ თავკაცს ჩემი გამოცდილების გაზიარება დასჭირდება და საამისო სურვილსაც გამოთქვამს, მზად ვარ გვერდით დავუდგე. კალათბურთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ჯერჯერობით ჩემ მომავალ საქმიანობაზე კონკრეტულს ვერაფერს მოგახსენებთ. ვისარგებლებ შემთხვევით და დიდი მადლობა მსურს ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც 12 წლის განმავლობაში მიხდებოდა თანამშრომლობა. ეს ფედერაციის თანამშრომლებს, სუპერლიგაში მომუშავე ადამიანებს, სპონსორებს, ქართველ და უცხოელ მწვრთნელებსა და კალათბურთელებს, ნაკრების მწვრთნელებს, რეგიონალურ ფედერაციებს, საკალათბურთო სკოლებს, ჟურნალისტებს ეხება. ვისურვებდი თქვენი კოლეგების კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას ფედერაციის ახალ პრეზიდენტსა და შემადგენლობასთან. მათ “ამოსუნთქვის” საშუალება არ უნდა მისცეთ – ნაკლზეც მიუთითოთ და გაკეთებული საქმეც აღნიშნოთ.