ინტერვიუები

18:53 | 23.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბერლუსკონი: “ტევესს ვეტყვით - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება”

იტალიის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ, სახელმწიფო თანამდებობის დატოვების შემდეგ, თავის კლუბისთვის, “მილანისთვის” სრულად მოიცალა და უახლოეს პერიოდში პრეზიდენტის პოსტსაც ოფიციალურად დაუბრუნდება.
ბერლუსკონიმ უკვე მოასწრო კლუბის საქმეებში სრულად გარკვევა და გუნდის მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის რჩევებსაც აძლევს.
-    რამდენად კმაყოფილი ხართ “სიენასთან” ჩატარებული შეხვედრით?
-    “მილანი” ძალიან კარგი იყო, ვერაფერს იტყვი. დასაწყისში გარკვეული სირთულეები შეგვიქმნა მეტოქის დახურულმა და ხისტმა დაცვამ, მაგრამ ჩვენმა სათამაშო კლასმა და ორმაგმა უპირატესობამ ბურთის ფლობის მხრივ, გატანილ გოლამდე მიგვიყვანა.
-    თქვენი აზრით, ამ გუნდს კიდევ რაღაც აკლია?
-    ალეგრის სულ ვუმტკიცებ, მოვითხოვ, ორი თავდამსხმელით ვითამაშოთ, არადა, რობინიოთი ორი თავდამსხმელი არ გამოდის, რადგან ის უფრო 10-ე ნომერია. მას მოსწონს, მარცხნივ, მარჯვნივ თამაში და ამიტომ, ცენტრში იბრაჰიმოვიჩი სამი-ოთხი მცველის გარემოცვაში რჩება. ამრიგად, დასარტყმელ პოზიციაზე გასვლის საშუალება არ გვეძლევა, თანაც, მოთამაშეს მხოლოდ ერთი ვარიანტი რჩება, პასის მხოლოდ ერთი მიმართულებით გაკეთება, არადა, არჩევანი მუდამ უნდა იყოს.
-    სხვა რეკომენდაცია თუ გაქვთ?
-    ჩვენ ისე უნდა ვითამაშოთ, რომ მეტოქის კარამდე გადაცემების სერიით მივიდეთ და არა უბრალოდ ბურთის ჩაკიდებით.
-    ალეგრის თავისი პლუსები აქვს. მისი კონტრაქტის განახლება იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გაითვალისწინებს თქვენს რჩევას?
-    ის და გალიანი ამ მომენტში სწორედ ამ საკითხს განიხილავენ. დისკუსია შედეგებთან დაკავშირებულ პრემიებზე მიმდინარეობს და არა რაიმეს დასტურზე. ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. საუბარი მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებს ეხება. საკის, კაპელოსა და ანჩელოტისთან ერთად, ის ერთ-ერთი მთავარი, ფუნდამენტური მწვრთნელია “მილანისთვის”.
-    ტევესის საკითხზე მოლაპარაკება რა სტადიაშია?
-    თუ ის ჩვენთან თამაშს გადაწყვეტს, მას ვეტყვით – “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება”. თუმცა, იმდენი ფული, რამდენიც ყატარელებს აქვთ, ჩვენ არ გაგვაჩნია. ეს არცაა პრინციპული საკითხი, ჩვენი შემადგენლობა ჩემპიონატის მოსაგებად ისედაც მზადაა. მაგრამ მე ამბიციები ევროთასებზეც მაქვს. თუ მოთამაშეთა ხარისხს გადავხედავთ, “ბარსელონას” არაფრით ჩამოვუვარდებით. “მილანი” მუდამ იყო თამაშის ბატონ პატრონი, მნიშვნელობა არ აქვს ვის ვეთამაშებით.
-    ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “არსენალთან” დაჯახებას როგორ აფასებთ?
-    ამ ეტაპის გადალახვის იმედი გვაქვს და ვფიქრობ, ეს შესაძლებელია.
-    ინძაგის კიდევ ვიხილავთ?
-    მე მას ვესაუბრე. ის თავდაჯერებულია და ფიქრობს, რომ საკმარისი ძალა აქვს. მიმაჩნია, რომ მას ნახევარი საათის უმაღლეს დონეზე ჩატარება შეუძლია. მე მოვითხოვ, რომ ალეგრიმ მას ამის შანსი მისცეს. მსურს, რომ ის ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ვიხილო.
-    რომელშიც კასანო არ იქნება...
-    ექიმებმა დამაიმედეს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ კასანომ ვარჯიში იანვრის ბოლოს განაახლოს.
-    იბრაგიმოვიჩის გარდა, აუცილებელია, რომ პატოც საუკეთესო ფორმაში იყოს, არადა, მას ეს ძალიან უჭირს.
-    ჩვენთვის ის ბევრი რამის განმსაზღვრელი ფეხბურთელია და არანაირი თანხის სანაცვლოდ არ გავყიდი. “ბარსელონაშიც” კი. თუმცა, უწინარესად, ის თავად უნდა დარწმუნდეს, რომ კარის სიახლოვეს თამაში უკეთესი იქნება.
-    ბრაზილიელებთან დაკავშირებით, რას ფიქრობთ ტიაგო სილვას კაპიტნობაზე?
-    მასზე მხოლოდ კარგს ვფიქრობ. მას შეუძლია ითამაშოს მცველად, მოედნის ცენტრში და თქვენ წარმოიდგინეთ, ცენტრალურ თავდამსხმელადაც.
-    კაკა თუ წარმოგიდგენიათ თქვენი ოცნების თავდასხმის სამეულში?
-    რა თქმა უნდა, 10 ნომრად, თავდამსხმელების უკან. მან არაერთხელ მითხრა, რომ მოხარული იქნება, თუკი კარიერას ჩვენთან დაასრულებს. ის არაჩვეულებრივი ბიჭია და მუდამ გულში ჩავიხუტებთ.
-    ამ სიაში თუ არის რონალდინიო?
-    არა. ის არის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი, რომელსაც “მილანში” უთამაშია.
-    ახლა იბრაჰიმოვიჩია.
-    ის გამორჩეული ჩემპიონია, რომელიც ჩვენი კლუბის ნაწილი გახდა. ის ერთგვარი ნიმუშია იმათთვის, ვისაც ჩვენთან თამაში უნდა.
-    “იუვენტუსი” გაშინებთ?
-    მან დაიმსახურა ის ადგილი, რომელსაც ამ წუთას იკავებს. მისთვის არავის არაფერი უჩუქებია. “იუვენტუსი” ჩვენი პირველი კონკურენტია, მაგრამ გულახდილად გეტყვით, “მილანს” მეტი შანსი აქვს.
-    “ინტერზე” რას იტყვით?
-    ჩვენ მათთან მეგობრული და კეთილგანწყობილი ურთიერთობა გვაქვს. მათი წაგება სულაც არ მახარებს, მეც ხომ მილანელი ვარ.
-    უკვე დათქვით დრო, როდესაც “მილანის” პრეზიდენტად ოფიციალურად დაბრუნდებით?
-    ჯერ არა. ახლა უფრო მეტ დროს გავატარებ კლუბთან, ფეხბურთელებთანაც ხშირი ურთიერთობა მაქვს. ახლა უკვე მაქვს იმის დრო, ვაკეთო ის საქმე, რასაც ადრე ვაკეთებდი.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა
 

0.134994