საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში საკადრო ცვლილებებს რომ გეგმავს, არახალია. ეს მოსალოდნელი ამბავი ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში მწვრთნელთა ახალი ჯგუფების წარდგენისას დააანონსა.
ბერძნულ-რომაულში ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას ჭიდაობის თავკაცები თავიდან ევროპის ჩემპიონატამდე აპირებდნენ. პროცესი გაიწელა და ნელ-ნელა გაჩნდა მოსაზრება, რომ სავარაუდოდ მსოფლიოს ჩემპიონატამდეც აღარაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ... სიახლეს კლასიკოსთა სამწვრთნელო შტაბშიც უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ.
ორშაბათს ფალავანთა კლუბში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობა პრესკონფერენციას ჩაატარებს, რომელზეც დიდი ალბათობით ბერძენ-რომაელთა ახალ მწვრთნელებს წარადგენს.
ვისზე შეჩერდა კურტანიძის და მისი თანაგუნდელების არჩევანი, ჯერჯერობით არ ხმაურდება. დაზუსტებით არც იმის თქმა შეიძლება, ცვლილებები მხოლოდ ეროვნულ ნაკრებს შეეხება თუ ახალგაზრდულ და ჭაბუკთა გუნდებსაც.
შეგახსენებთ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს სათავეში ბეგი დარჩია უდგას. მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ახლახან თბილისში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვლადიმერ ადეიშვილისა და ვაჟა კრავეიშვილის გაწვრთნილ ასაკობრივ ნაკრებებს კი სეზონის უმთავრესი ტურნირები ჯერ წინ აქვთ.