გულშემატკივრის სვეტი

11:38 | 14.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენი მეზღვაურის სიმღერა

ოტო რეჰაგელის დამოძღვრილი საბერძნეთის ნაკრების მიერ ბერძენი ხალხისათვის მიძღვნილი თავბრუდამხვევი სასწაულის შემდეგ 7 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში, ელადის ეროვნული ნაკრები, თავის ”ბუნებრივ” კალაპოტს - საშუალო ევროპული გუნდის სტატუსს დაუბრუნდა, მაგრამ 2004 წელს მომხდარი სასწაულის დავიწყება ალბათ, კიდევ დიდ ხანს იქნება შეუძლებელი. გასულ შემოდგომაზე, მცირე სასწაული ბერძენ ქომაგებს პირეოსში ნათამაშები ფრით, ჩვენმა ნაკრებმაც შესთავაზა, მაგრამ როდესაც საბერძნეთის ნაკრებს ვიხსენებ, ალექსანდრე იაშვილის გოლზე უწინ, სულ სხვა ალექსანდრე მახსენდება. ბერძენი გემის მეზღვაური, ვინმე ალექსანდრე ნაიოდისი, რომელიც სწორედ 2004 წელს, გაგანია ევროპის ჩემპიონატის დროს, კვარიათის ერთ-ერთ სასტუმროში გავიცანი.
 მოკლედ, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩებია. ავად გამხდარი გარემოს დამცველი მეგობრის ნაცვლად, გარემოს დამცველთა მიერ მოწყობილ სემინარებს ვესწრები. სემინარებიდან, ვითომ სუფთა ჰაერზე გასვლის მიზნით, მალ-მალე ვიპარები და სასტუმროს ნომერში გავრბივარ თამაშების სანახავად. კარგი, მაგრამ ცოტა უცნაური ხალხია ეს გარემოს დამცველები. ფეხბურთი თითქმის არავის აინტერესებდა. ერთმა ისიც კი მითხრა, მე შვედეთს ვგულშემატკივრობ იმიტომ, რომ გარემოს ყველაზე კარგად ამ ქვეყანაში იცავენო... მოკლედ, ვარ ამ გაპარვა-გამოპარვაში და ფეხბურთის მალულად ცქერაში...
 კარგად მახსოვს, 25 ივლისია და საბერძნეთი მეოთხედფინალურ მატჩში საფრანგეთს ხვდება. სასტუმროს ნომერში საშინად ცხელოდა. ავდექი და გახურებული სემინარ-ლექციების ჟამს, შევედი რესტორნის ბარში, ბარმენს შემორჩენილი კაპიკებით ჩამოვასხმევინე უგემური თურქული ლუდი და იქ მყოფ, ერთ აშკარად უცხოელ კაცთან ერთად დავიწყე თამაშის ცქერა. თამაშია ისეთი ჩაკეტილი, ბრაზილიის ნაკრების ქომაგებს ტელევიზორს რომ გამოართვევინებს, მაგრამ მინდა ამ საბერძნეთის მოგება და ესთეტიურ მხარეზე დიდად არ ვჯავრობ. შეუტევენ ფრანგები და ჩემთან ერთად ნერვიულად წარმოხტება წინ მჯდომი შავ-შავი უცხოელი ლუდის ბოთლით ხელში. ბარემ სამი ბოკალი ლუდი მაინც დაეღვარა ამ ხელების ქნევაში. ბოლოს, შემომიტრიალდა ეს კაცი და ჩემზე უარესი რუსული ენით მკითხა, საბერძნეთს რატომ გულშემატკივრობო. ჰეროდოტე ჰალიკარნასელზე და სოფოკლეზე საუბარი სრული აბსურდი იყო და ვუპასუხე, საბერძნეთს კარგი გუნდი ყავს და მომწონს – მეთქი. ჩემი პასუხით ასე ძალიან გახარებული ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავს. აქეთ გადმოჯექიო  - ხელით მანიშნა და ფოთში შემოსული ბერძული გემის მეზღვაურ - ალექსანდრე ნაიოდისად გამეცნო. უკვე კარგა გვარიანდ შემთვრალი იყო და პატრიოტული კვანძებიც ყელში ებჯინებოდა. ბარმენს ჩემი საძაგელი ლუდის ნაცვლად, ღვთაებრივი ”გინესი” მოატანინა და დაბალ ხმაზე რაღაც ბერძნული სიმღერა დაიწყო. მღერის ეს კაცი და თან ცრემლებს აღვარღვარებს...
 ბერძნები კი ამასობაში თანდათან ცენტრს იკავებენ და შეტევებსაც ახორციელებენ. ალექსანდრეს სიმღერის ხმაზე, სასტუმროს ფოიედან ხალხი შემოვიდა. ყველა პატრიოტულად აღტკინებულ ბერძენ მეზღვაურს უყურებს. პერიოდულად გაჩერდება, ვერზილა ყლუპებით დალევს ლუდს და უნებლიე მსმენელებით იმედმოცემული ახლა სხვა ბერძულ სიმღერას იწყებს. ვერც ერთი ძველი ბერძენი დრამატურგი ვერ აღწერს იმას, რაც ალექსანდრე ნაიოდისს ბარტეზის კარში ანგელოს ხარისტეასის მიერ თავით გატანილი გოლის შემდეგ დაემართა. ჯერ ხომ ხმამაღლა შეჰყვირა, მერე მუხლებზე დაეცა და მისი ხავილიდან მხოლოდ სიტყვას - “ხრისტოს” (ქრისტე) თუ გაარჩევდა კაცი. ჯერ მე, მერე კი, მის სანახავდ შემოსულ ხალხს სათითაოდ გადაგვეხვია და ბოლოს, ამდენი ემოციებით დაღლილ-დაქანცული ჩაესვენა დივანში.
 მატჩის დასრულების შემდეგ, ალექსანდრე ორ შემთხვევით შემოსწრებულთან ერთად, გემზე მეპატიჟებოდა – ახლა იქ დიდი ზეიმი იქნება და ბერძნულ ღვინოებს გაგასინჯებთო, მაგრამ მის მიერ მოწყობილი აურზაურის გამო, ჩემი ტკბილი სემინარის ხალხიც გამოფენილიყო საკონფერენციო დარბაზიდან და გემზე რომ წავსულიყავი ღვინის დასალევად, მინიმუმ სასტუმროში რომ აღარ შემიშვებდნენ, აშკარა იყო. ჩვენი ხათრით, ბერძენი მეზღვაური საღამომდე დარჩა სასტუმროში. იმდენი ლუდი დალია, ვერა კაცი რომ ვერ დალევდა. ბოლოს, როგორც იქნა ტაქსიში ჩავსვით და წავიდა. ამის შემდეგ, შვიდი წელი გავიდა და ამ კაცის შესახებ არაფერი მსმენია. მის მიერ მოცემული ტელეფონის ნომრები კი, იმავე სასტუმროში დამრჩა.
 ახლა რამ გამახსენა ეს კაცი, სიმართლე რომ გითხრათ - არ ვიცი. თუმცა, ასეთი ხალხის დავიწყება მართლა ძალიან ძნელია...

ლევან სეფისკვერაძე    

 

0.115139