ჭიდაობა

11:21 | 11.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენ-რომაელებს ტრავმების ეპიდემია შეეყარათ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მესამე დღეა, დუშეთშია დაბანაკებული. მომავალ ორშაბათს, დუშეთის სპორტულ ბაზას ბერძენ-რომაელებიც მიაშურებენ. ბეგი დარჩიას შეგირდებს ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ბოლოსწინა შეკრება წინასწარი გეგმით მინსკში, “სტაიკების” ოლიმპიურ ბაზაზე უნდა გაევლოთ, მაგრამ ნაკრების მწვრთნელმა ფედერაციის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, უცხოური ვარიანტი ქართულით ჩაანაცვლა.
“ცვლილება პრობლემის გამო განვახორციელეთ. ნაკრების გამოცდილ წევრთა უმრავლესობას ტრავმა აწუხებს და მათ გარეშე ბელარუსული შეკრების გავლას აზრი არ ჰქონდა. ამ ეტაპზე, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, უფრო პროდუქტიულად დუშეთის შეკრება მივიჩნიეთ, სადაც ტრავმირებულ მოჭიდავეებსაც წავიყვანთ და ექიმის ზედამხედველობით, თითოეულ მათგანს ინდივიდუალური გეგმით მოვამზადებთ. ორკვირიანი შეკ¬რების დასრულების შემდეგ უკვე გვეცოდინება, ვინ შეძლებს აპრილში, ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობას და ვინ ვერა.
არ გამოვრიცხავ, ბაქოში (13-18 აპრილი) ახალგაზრდებით დაკომპლექტებული ნაკრები ჩავიყვანოთ. რამაზ ნოზაძეს (96კგ) ვარჯიშის საშუალებას, თებერვლის დასაწყისში ნატკენი ნეკნი არ აძლევს. ამ ტრავმამ მას უკვე გამოატოვებინა საქართველოს ჩემპიონატი და ახლახან, უნგრეთის ოქროს გრან-პრი. სამწუხაროდ ჯერ ვერ მოირჩინა და ბაკურიანული შეკრებაც, სათანადოდ ვერ გაიარა. ბადრი ხასაიამ (84 კგ.) ბაკურიანში ნაყოფიერად ივარჯიშა, მაგრამ ავად გახდა და უნგრეთში ვერც ის გაჰყვა ნაკრებს.
სრულად ვერც მანუჩარ ცხადაია (66) იტვირთება. კოჭის ტრავმის გამო უკვე 25 დღეა, ხალიჩაზე არ შესულა. ბოლო შეკრებაზე ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდა და დუშეთშიც ასე გააგრძელებს. კოჭი აწუხებს სოსო ჯაბიძესაც (96 კგ), ხოლო რევაზ ლაშხმა (60 კგ) ხელზე თაბაშირი დღეს მოიხსნა. აკაკი ჯოხაძემ და ვლადიმერ გეგეშიძემ (ორივე 84 კგ) კი უნგრეთის გრან-პრიზე მიიღეს ტრავმები. როგორც ხედავთ, სახარბიელო მდგომარეობაში ნამდვილად არ ვართ. აქვე დავამატებ, რომ მანუჩარ კვირკველიამ (74 კგ), მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად ემზადება, ევროპირველობის გამოტოვება გადაწყვიტა. იგი საერთაშორისო ხალიჩას მოგვიანებით დაუბრუნდება”, - უთხრა “მსოფლიო სპორტს” ბეგი დარჩიამ.
ორკვირიანი შერეული შეკრების დასრულების შემდეგ ბერძენ-რომაელები 4-5 დღით დაისვენებენ და დასკვნით წინასაევროპო შეკრებას ისევ დუშეთში გაივლიან.

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.123612