საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 3-4 აგვისტოს ვარშავაში გამართული საერთაშორისო ტურნირი - ვლადისლავ პეტლიასინსკის მემორიალი ერთადერთი მედლით დაასრულა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ ტატიშვილმა პოლონეთში ძირითადად “საქართველოს თასის” ჩემპიონებით დაკომპლექტებული გუნდი იახლა.
ქართული შვიდეულიდან ყველაზე შედეგიანად საჩინო დავითაიამ იჭიდავა – 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ორდღიანი ტურნირის მეორე დღეს საქმეში ილია გულბათაშვილი (74 კგ) და ვასილ იმერლიშვილი (96 კგ) ჩაერთვნენ, მაგრამ შეჯიბრებას ორივე საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა.
გულბათაშვილმა უნგრელი ბალინტ კორპაშისა (4:0 0:1) და ბელარუსი ალექსანდრ ძემიანოვიჩის (1:0 5:5) ძლევის შემდეგ, მერვედფინალში რუსეთის ნაკრების წევრ რუჟან ისაკოვთან წააგო (1:4 5:4) და ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი დაკარგა. სულ მალე კი ისაკოვმაც წაიფორხილა და რახან იგი ფინალში ვერ გავიდა, გულბათაშვილს “ბრინჯაოს გზაც” ჩაეკეტა.
იმერლიშვილი ხალიჩაზე ერთადერთხელ გავიდა – პირველსავე მეტოქესთან, იტალიელ დიაგორო ტიმონჩინისთან დამარცხდა (1:3 0:1). შეგახსენებთ, ვარშავულ ტურნირზე საქართველოს სახელით ბაჩანა ფუტკარაძემ (55 კგ), რევაზ ლაშხმა (66 კგ), გიორგი ცირეკიძემ (84 კგ) და ლევან არაბულმაც (120 კგ) იჭიდავეს, მაგრამ საწყის ეტაპზევე წააგეს.
პეტლიასინსკის მემორიალი საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის (16-22 სექტემბერი. ბუდაპეშტი) მოსამზადებელ გეგმაში შეტანილი ბოლო საერთაშორისო ტურნირი იყო.