ჭიდაობა

12:09 | 4.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენ-რომაელებმა საჩინოს ბრინჯაოთი დაიწყეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა საჩინო დავითაიამ ვარშავაში გუშინ დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე - ვლადისლავ პეტლიასინსკის მემორიალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძირითად ბადეში ოთხი შეხვედრა ჩაატარა. ავსტრიელი ბენედიქტ პუფერის (7:0), ლიტველი ედგარას ვენჩკაიტისისა (2:0 3:2) და ბულგარელი პლამენ პეტროვის (4:0 14:10) ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში გერმანელ ფრანკ სტაბლერთან დამარცხდა (0:5 0:2) და რეპეშის ფინალში გადაერთო, სადაც ყაზახ იერბოლ კონირატოვს სძლია (1:1 3:2).

გუშინვე პოლონურ ხალიჩაზე ბაჩანა ფუტკარაძე (55 კგ), რევაზ ლაშხი (66 კგ), გიორგი ცირეკიძე (84 კგ) და ბაჩანა არაბულიც (120 კგ) გავიდნენ, მაგრამ ოთხივემ საწყის ეტაპზევე წააგო.

ფუტკარაძე ბულგარელ ალექსანდრ კოსტადინოვთან (0:7) მარცხის შემდეგ დამამშვიდებელ ეტაპზეც გადაერთო, რადგან კოსტადინოვი ფინალამდე მივიდა, მაგრამ ქართველ მსუბუქწონოსანს ბრინჯაოს გზაც სტარტზევე ჩაეკეტა, ყაზახ ბეკჟან მირზალიევთან წაგებით (0:1 0:1)

ლაშხმა ამჯერად არა თავის რეალურ წონით კატეგორიაში, არამედ 66 კილოგრამში იჭიდავა და ტურნირზე გამოსვლა პოლონელ დავიდ კარეჩინსკისთან (1:0 1:5) შეხვედრით დაასრულა. ცირეკიძისთვის გადაულახავი ბარიერი გერმანიის ნაკრების წევრი ეუგენ პონომარჩუკი აღმოჩნდა (0:1 0:3).

არაბული ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ამერიკელ რობი სმიტს ადვილად აჯობა (7:0). ბელარუსის სახელით მოჭიდავე იოსებ ჩუგოშვილთან (0:2 0:5) კი ვეღარას გახდა და რადგან ფინალამდე ვერც ჩუგოშვილი მივიდა, არაბულმა რეპეშაჟში გადასვლის შანსიც დაკარგა.

დღეს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ სამ წონაში: 60, 74 და 96 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი ილია გულბათაშვილი (74 კგ) და ვასილ იმერლიშვილი (96 კგ) იჭიდავებენ. გულბათაშვილი ტურნირს უნგრელ ბალინტ კორპაშთან შეხვედრით გახსნის, იმერლიშვილი კი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთვება, სადაც იტალიელ დაიგორო ტიმონჩინის დაუპირისპირდება.

 

0.121975