ჭიდაობა

23:36 | 2.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენ-რომაელებმა დღე უმედლოდ ჩაამთავრეს

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, დღეს მედლები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ოთხ წონით კატეგორიაში – 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში გათამაშდა. საქართველოს ნაკრების წევრთაგან ლეიბზე ლაშა გოგიტაძე (55 კგ), ანტონ მამაგეიშვილი (66 კგ), მათე სოფაძე (84 კგ) და დიმიტრი ჯავახიშვილი (120 კგ) გავიდნენ, მაგრამ ოქრო-ვერცხლის შანსი ოთხივემ საწყის ეტაპზევე დაკარგა - ძირითად ბადეში მხოლოდ თითო შეხვედრის მოგება მოახერხეს.
სოფაძე სლოვენიელი დეიან სერნეკის ძლევის შემდეგ, ბელარუს ალიმ სელიმაუსთან დამარცხდა. ამ უკანასკნელმაც სწრაფადვე წაიფორხილა და ქართველ მოჭიდავეს ბრინჯაოს გზაც ჩაეკეტა. ფინალს ვერც ჯავახიშვილის მომგებმა ებრაელმა, ვლადიმირ გურალსკიმ უწია. იქამდე კი ბეგი დარჩიას შვიდეულის უმძიმესმა წევრმა სერბი მილოშ სპასიჩი ჩამოიცილა.
55 და 66 კილოგრამებში მოჭიდავე ქართველები, მეორე წრეში მომავალ ჩემპიონებთან დამარცხდნენ. რეპეშაჟში კი იჭიდავეს, მაგრამ იქაც წარუმატებლად და კვარცხლბეკის მესამე საფეხურიც მათ გარეშე შეივსო. გოგიტაძე სლოვაკ ნიკოლას ლაკატოსთან მოგების შემდეგ, დამამშვიდებელ ეტაპზე სომეხ რომან ამოიანთან მარცხით გადაერთო. იქ ლიტველ რამუნას დაგისს აჯობა, ხოლო რუს ვალერი ბორგოვაკოვთან ვეღარას გახდა.
მამაგეიშვილმა ჩემპიონატი სომეხი სასუნ ჩამბარიანის ძლევით გახსნა. რუსეთის სახელით მოჭიდავე ამბაკო ვაჩაძესთან წაგების შემდეგ, ბრინჯაოს გზაზე პორტუგალიელი მანუელ ალმეიდა ჩამოიცილა, მაგრამ უფრო წინ ვეღარ წავიდა.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ სამ წონაში – 60, 74 და 96 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს დროშის ქვეშ რევაზ ლაშხი (60 კგ), მანუჩარ კვირკველია (74 კგ) და სოსო ჯაბიძე (96 კგ) იჭიდავებენ. ლაშხი შეჯიბრს ფრანგ სებასტიან სერჟ იდალგოსთან შეხვედრით გახსნის, კვირკველიას პირველი მეტოქე ასევე ფრანგი კრისტოფ რენე მარსელ ჟენო იქნება, ჯაბიძის – მოლდოველი მარინ ცაჟაჩი.

ოთარ მაღლაკელიძე

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ევროპის ჩემპიონატი
დორტმუნდი. 2 აპრილი

55 კგ
1 რომან ამოიანი (სომხეთი)
2 ვიუგარ რაგიმოვი (უკრაინა)
3 ელდანიზ აზიზი (აზერბაიჯანი)
3 ელბეკ ტაზიეუ (ბელარუსი)

66 კგ
1 ამბაკო ვაჩაძე (რუსეთი)
2 ტამას ლორინცი (უნგრეთი)
3 ალექსანდრ მაქსიმოვიჩი (სერბეთი)
3 ვიტალი რაჰიმოვი (აზერბაიჯანი)

84 კგ
1 ვასილ რაჩიბა (უკრაინა)
2 ალან ხუგაევი (რუსეთი)
3 ხრისტო მარინოვი (ბულგარეთი)
3 არტურ შაჰინიანი (სომხეთი)

120 კგ
1 ჰასან ბაროევი (რუსეთი)
2 რიზა კაიაალპი (თურქეთი)
3 ჰეიკი ნაბი (ესტონეთი)
3 იური პატრიკეევი (სომხეთი)

0.121421