ბაქოში მიმდინარე ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით და გოგონათა ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები წინა ოთხ დღეში გამოვლინდნენ. ეს უქმეები კი ბერძენ-რომაელებისაა და მათ უკვე საქმე სანახევროდ მოილიეს – დღეს მედლები ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში გათამაშდა. აზერბაიჯანულ ხალიჩაზე ხუთი ქართველი გავიდა, მაგრამ საპრიზო ადგილის დაკავება მხოლოდ ერთმა შეძლო – 42 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე გენადი ჩიტაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
უმსუბუქეს წონაში სულ 13 მოჭიდავე შეიკრიბა და მათგან 3 ჩემპიონატში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაერთო. ჩიტაძეც ამ იღბლიანთა შორის მოხვდა და ფინალში გასასვლელად მხოლოდ ორი შეხვედრის მოგება ეყო. ყაზახ მეირამბეკ მადირბაიევთან პირველი პერიოდი 0:4 წააგო, მაგრამ ბრძოლა მაინც სათავისოდ შეატრიალა (2:0, 1:0), თურქი სერგენ აი შედარებით იოლად ჩამოიცილა – 3:0, 1:0, ფინალში კი უკრაინელ არტურ პოლიტაიევთან ვეღარას გახდა (0:5, 0:1) და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.
ნაკრების სხვა წევრთაგან მედალთან ყველაზე ახლოს გიორგი ჩხარტიშვილი (69 კგ) მივიდა. შვედი პონტუს ვინსენტ ჰაეგი (6:0, 8:0) და ამერიკელი გრანტ ლემონი (1:0, 4:0) უპრობლემოდ ჩამოიცილა, ნახევარფინალიც კარგად დაიწყო, მომავალ ჩემპიონს, რუსეთის ნაკრების წევრ მანსურ გუბაევს პერიოდი აართვა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა (1:0, 0:3, 0:5) და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც მორიგი მარცხი იწვნია, ამჯერად ყირგიზ ატაბეკ აზისბეკოვთან (0:3, 0:1) და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.
ირაკლი შავაძე (50 კგ), ლაშა ებილაშვილი (58 კგ) და სულხან ბუიძე (85 კგ) შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ. შავაძემ უზბეკ მირზობეკ რახმატოვთან წააგო (2:0, 0:1, 0:1), ებილაშვილმა – ებრაელ რეუვენ ზიმკინდთან (2:3, 1:8), ხოლო ბუიძემ – ყაზახ ბაკდაულეტ იესპენბეტოვთან (0:3, 0:7).
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ხუთ წონაში: 46, 54, 63, 76 და 100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. რამაზ ზოიძის (46 კგ) პირველი მოწინააღმდეგე ინდოელი მაიტეი ინახუნბა იქნება, ბაკურ გოგოლი (54 კგ) ყაზახ აიან ალიპს შეხვდება, გელა ბოლქვაძე (63 კგ) – ლატვიელ ვლადისლავს ლებედევსს, ნიკა გავაშელი (76 კგ) – ინდოელ კუმარ მანგეტს, ხოლო ბექა კანდელაკი (100 კგ) – ირანელ იმან ფარიაბის.
ოთარ მაღლაკელიძე