საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელ ციკლში შეტანილი ბოლოსწინა ტურნირი მოილია და ისევ საწვრთნელ პროცესზე გადაერთო. ბეგი დარჩიას გუნდმა ამერიკის შეერთებულ შტატები მოიარა, სადაც “ქერბის თასზე” გუნდურ ჩათვლაში მასპინძელთა ნაკრებს 4:3 სძლია. თბილისში დაბრუნებიდან ორიოდ დღეში კი სომხეთში გაემგზავრა, წახკაძორის სპორტულ ბაზაზე შეკრების გასავლელად.
საქართველოს ნაკრებს ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია შვიდი წონითი კატეგორიიდან ექვსში აქვს მოპოვებული. მთავარმა მწვრთნელმა სასომხეთო განაცხადში სწორედ ამ ექვსი წონის ორ-ორი კანდიდატი შეიყვანა: 60 კილოგრამში - რევაზ ლაშხი და ქემალ ხარაბაძე, 66-ში – მანუჩარ ცხადაია და პაატა ბაკურიძე, 74-ში – მანუჩარ კვირკველია და ზურაბ დათუნაშვილი, 84-ში – ვლადიმერ გეგეშიძე და რევაზ ნადარეიშვილი, 96-ში – სოსო ჯაბიძე და ამირან ზარნაძე, ხოლო მძიმე წონაში – გურამ ფერსელიძე და სერგო გოგისვანიძე.
წახკაძორის შეკრება 10 ივნისს დასრულდება. შემდეგ გეგმაში დუშეთის შეკრებაა, რომლის დასრულებისთანავე გუნდი გერმანიაში გაემგზავრება და 30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით დორტმუნდის “დიდ პრიზზე” იჭიდავებს. ამ ტურნირს კიდევ ორი შეკრება მოჰყვება, პირველი მინსკში, მეორე კი, სავარაუდოდ, ბორჯომში.
ოთარ მაღლაკელიძე