“ოღონდ გვარად ბექჰემი იყოს და მის ასაკს მნიშვნელობა უკვე არა აქვს!“ – დაახლოებით ასეთი პრინციპით მუშაობს ზოგიერთი ცნობილი კომპანიის სარეკლამო ჯგუფი. აბა, სხვა რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ ბავშვის ტანსაცმლის ერთ-ერთმა ამერიკულმა მწარმოებელმა ფირმამ არა დევიდთან ან ვიქტორიასთან, არამედ სევენ ბექჰემთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
მოგეხსენებათ, სევენ ჰარპერ ბექჰემი დევიდის რიგით მეოთხე შვილი და ერთადერთი ქალიშვილია. კანონმდებლობის მიხედვით, ბავშვთან სამუშაო კონტრაქტის გაფორმების უფლება მშობლების დაუკითხავად არცერთ ფირმას არა აქვს, თუმცა მონდომებული სარეკლამო აგენტები ამ პრობლემასაც ადვილად მოაგვარებენ.
ფირმას ყველაზე უმცროსი ბექჰემისგან სურს, რომ დევიდის ქალიშვილმა რამდენიმე სარეკლამო რგოლში მიიღოს მონაწილეობა. სევენ ჰარპერ ბექჰემი ასევე იქნება ზემოთ აღნიშნული კომპანიის ოფიციალური სარეკლამო სახე და ამ ყველაფერში პატარა გოგონას 1 მილიონ ამერიკულ დოლარს გადაუხდიან. მის ასაკში ასეთი სოლიდური ჰონორარი ალბათ ბევრ ადამიანს არც კი დასიზმრებია...