ინტერვიუები

15:58 | 20.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბეპე მაროტა: “სამართალი დღემდე ვერ ვიპოვეთ”

იტალიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, სადღეისოდ კი, სერია A-ს ლიდერის - ტურინის “იუვენტუსის” გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა Tuttosport-ის კორესპონდენტს “უდინეზესთან” ხვალინდელი მატჩის წინ გაესაუბრა. “იუვეს” ერთ-ერთი ხელმძღვანელის თქმით, გუნდის მთავარმწვრთნელად ანტონიო კონტეს დანიშვნამ გაამართლა, დანარჩენს კი, ინტერვიუდან შეიტყობთ.

- საშობაო არდადეგებამდე ერთადერთი, პირველი ტურის მატჩი გაქვთ ჩასატარებელი. როგორ განწყობაზე გადიხართ ორკვირიან შვებულებაში?
- უპირველესად, იმას მოგახსენებთ, რომ ძალიან კმაყოფილები ვართ ანტონიო კონტეს მიერ გაწეული სამუშაოთი. მან სწორი გეზი აირჩია და დარწმუნებული ვარ, დიდი მწვრთნელი გახდება. ამის თქმის საფუძველს ანტონიოს საქმისადმი პროფესიული მიდგომა, ფეხბურთის ღრმა ცოდნა და მონდომება მაძლევს. “იუვეს” მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელებს გამარჯვებულის ფსიქოლოგია ჩამოუყალიბა და გუნდის თამაშის ორგანიზაცია მაღალ დონეზე აიყვანა. ერთი სიტყვით, კონტე იმ დამრიგებლის განსახიერებაა, რომელსაც ვეძებდით. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ანტონიო, ტოპ-მწვრთნელობასთან ერთად, “იუვენტუსის” ერთგული ადამიანია.
- ოთხშაბათს ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ “უდინეზესთან” მოგიწევთ საგარეო შეხვედრის ჩატარება. რა განწყობით გავა “იუვე” “ფრიულის” სტადიონის მინდორზე სათამაშოდ?
- ფრანჩესკო გვიდოლინის გუნდის წინააღმდეგ ურთულესი და მეტად პრინციპული მატჩის ჩატარება მოგვიწევს. წარმატების შემთხვევაში, უდინელებს ჩვენი გადასწრების და თუკი “მილანმაც” ვერ იმარჯვა, სატურნირო ცხრილში პირველ საფეხურზე დაწინაურების საშუალება მიეცემა. ცხადია, მომავალ დაპირისპირებას მთელი სერიოზულობით ვუდგებით, თუმცა, წინ გრძელი სატურნირო დისტანციაა და გადამწყვეტი პაექრობები 2012 წლის დადგომის შემდეგ გველის.
- “იუვენტუსი” სკუდეტოსთვის იბრძვის. რომელი გუნდები მიგაჩნიათ უმთავრეს კონკურენტებად?
- სატურნირო ცხრილიდანაც კარგად ჩანს, რომ “მილანი” და “ლაციო” უმაღლესი მიზნის გადასაჭრელად ასპარეზობენ. თანდათან კრიზისულ მდგომარეობას თავს აღწევს “ინტერი” და მისი საჩემპიონო რბოლიდან ჩამოწერა გაუმართლებელია.
- ალესანდრო დელ პიერო ფეხბურთელის რანგში “იუვენტუსში” უკანასკნელ სეზონს ატარებს...
- ალექსის თემა ჩვენთვის მეტად სათუთია. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს “იუვენტუსის” უახლეს ისტორიაში. ეს კარგად ესმის კონტეს და დელ პიეროსთან ურთიერთობისას მაქსიმალურად კორექტულია. თუმცა, ჩვენი დამრიგებელი ამგვარადვე ეპყრობა გუნდის ნებისმიერ წევრს. კონტე სათამაშოდ ყოველთვის მაქსიმალურ მზადყოფნაში მყოფ ფეხბურთელებს უშვებს. ასე მოხდა ფაბიო კვალიარელას შემთხვევაშიც. მძიმე ტრავმის გამო, ფორვარდს დიდი პერიოდი გაუცდა და მოხარულები ვართ, დაბრუნების შემდეგ ფაბიომ ახალ სტადიონზე გოლი რომ გაიტანა.
- “იუვენტუსისთვის” მეტად მტკივნეულ თემას უნდა შევეხოთ. “ჩაწყობილი” მატჩების გამოძიება ჯერ კიდევ ბოლომდე არაა მისული...
- “კალჩოპოლიმ” უდიდესი ზარალი მოგვიტანა. მკაცრად დავისაჯეთ და ამ თემასთან მიბრუნება ცუდ ხასიათზე მაყენებს. არა იმიტომ, რომ ახალი დეტალების ამოტივტივების გვეშინია, უბრალოდ, წინ ყურებაა საჭირო. გასულ კვირას იტალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ჯანი პეტრუჩის დასწრებით ჩატარებულმა “მრგვალმა მაგიდამ” “იუვენტუსისთვის” სასურველი შედეგი არ მოიტანა. ჩვენი აზრით, სკუდეტოები უსამართლოდ ჩამოგვართვეს და ჯერჯერობით, კუთვნილის დაბრუნებას ვერა და ვერ ვახერხებთ.
- სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ “იუვენტუსი” ახალი ფეხბურთელების აყვანას თუ აპირებს?
- ზაფხულში ინვესტორებმა დიდძალი ინვესტიცია ჩადეს, ამჟამად კი, ფულად ინექციას არ ველით. აქედან გამომდინარე, ხმაურიანი ტრანსფერების განხორციელებას, ალბათ, ვერ შევძლებთ, მაგრამ თუკი ბაზარზე ისეთი ფეხბურთელი გამოჩნდა, რომელსაც ჩვენ თამაშის გაძლიერება შეეძლება, უკან არ დავიხევთ. კატეგორიულად უნდა განვაცხადო, რომ კარლოს ტევესის შეძენით დაინტერესებულნი არ ვართ. შესაძლოა, ის იტალიაში გადაბარგდეს, ოღონდ, არავითარ შემთხვევაში – “იუვენტუსში”. სხვა საქმეა ბორიელო. როგორც შევიტყვეთ, “რომას” მისი გაყიდვა სურს. ისე კი, გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობით უკმაყოფილონი სულაც არ ვართ და ანტონიო კონტეც სეზონის დასკვნით ნაწილშიც აქცენტის გაკეთებას მათზე აპირებს.

გოჩა კაჭარავა
 

0.159294