უდრიჰმა სლოვენია შოკში ჩააგდო – ასე ეხმაურება 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდი სლოვენიელი კალათბურთელის ბენო უდრიჰის გადაწყვეტილებას, რომელმაც თავდაპირველი თანხმობის მიუხედავად, ევრობასკეტზე თამაშზე მოულოდნელი უარი განაცხადა.
2006 წლიდან მოყოლებული, უდრიჰს ეროვნული გუნდში არ ეთამაშა, თუმცა, ნაკრების მაისურზე უარი თქმა მაშინ, როდესაც ევრობასკეტს მისი ქვეყანა მასპინძლობს, სლოვენია კი პირველი ჯგუფური ეტაპის მატჩებს ბენოს მშობლიურ ქალაქ ცელიეში ჩაატარებს, მართლაც რომ უცნაურია.
საინტერესოა, რომ უდრიჰმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ სლოვენიის ნაკრების გენერალურ მენეჯერ მატეი ავანზოს სმს-ის საშუალებით აცნობა, თანაც ისე, რომ ახსნა-განმარტება არც მოუყოლებია. სლოვენიელმა უკანახაზელმა მთავარ მწვრთნელს ბოჟიდარ მალკოვიჩს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა, თანაგუნდელებს კი წარმატებები უსურვა.
31 წლის უდრიჰის საქციელი რომ სლოვენიის კალათბურთის ფედერაციისთვისაც მოულოდნელი და არასასიამოვნო აღმოჩნდა, იმ განცხადებიდანაც სჩანს, რომელიც ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა.
“წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, ისიც საქმეა, რომ უდრიჰმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ადრეულადვე გვაცნობა და არა – შეკრების სტარტზე. მიუხედავად ამისა, მის საქციელს გამართლება არ აქვს სლოვენიის კალათბურთის ფედერაციის და სლოვენიური საზოგადოების წინაშე.
ახლა ის მაინც ვიცით, რომ კალათბურთელები, ვინც ნაკრებში რჩება, წარმატებისთვის ბოლომდე დაიხარჯებიან. გვჯერა, გუნდში არსებული ჩინებული ატმოსფეროს და უდიდესი მხარდაჭერის ფონზე, სლოვენიის ეროვნული გუნდის ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს”.
როგორც აღვნიშნეთ, უდრიჰს ეროვნულ ნაკრებში 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოყოლებული არ ეთამაშა, თუმცა, მალკოვიჩისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ მისი ნანატრი დაბრუნება სწორედ საშინაო ევრობასკეტისთვის შედგებოდა, თუმცა...
როგორ სჩანს, ბენოს ქმედებაზე გავლენა იმანაც იქონია, რომ ამჟამად თავისუფალი აგენტი გახლავთ და ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ახალი კლუბის ძიებაშია. უდრიჰმა გასული სეზონი “მილუოკიში” დაიწყო და “ორლანდოში” დაასრულა, სადაც საშუალოდ 10.2 ქულას, 6.1 მოხსნას და 2.3 მოხსნას აგროვებდა.
ბენოს არყოფნა სლოვენიელთათვის მე-2 დიდი დანაკლისია მძიმე ფორვარდ ერაზემ ლორბეკის შემდეგ, რომელიც მომავალ ტურნირზე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. უკვე ცნობილია, რომ უდრიჰს კიდევ ერთი ვეტერანი მცველი ნებოისა იოკსიმოვიჩი ჩაანაცვლებს, რომელიც ბოლო 3 წელია ბოსნია-ჰერცეგოვინის კლუბ “იგოკეას” ღირსებას იცავს.
სლოვენიის ნაკრები 16 კალათბურთელის შემადგენლობით შეკრებას 19 ივლისს დაიწყებს, ოღონდ, მირზა ბეგიჩი, ბოსტიან ნახბარი და იაკა ბლაჟიჩი, რომელიც ჯერაც ტრავმას იშუშებს, ეროვნულ გუნდს 3 დღის თავზე შეუერთდებიან.
სლოვენიელები ევროპის ჩემპიონატამდე 13 საკონტროლო მატჩის ჩატარებას აპირებენ, რომელთაგან პირველი 26 ივლისს პოლონეთთან გახლავთ დაგეგმილი, დასკვნით შეხვედრას კი მალკოვიჩის შეგირდები 31 აგვისტოს გასული ევრობასკეტის ფინალისტ საფრანგეთთან ჩაატარებენ.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ევრობასკეტზე სლოვენიის და საქართველოს ნაკრებები C ჯგუფში მოხვდნენ და მეტოქეებად ესპანეთის, ხორვატიის, პოლონეთის და ჩეხეთის გუნდებიც ეყოლებათ. საქართველოს და სლოვენიის დაპირისპირება ქალაქ ცელიეში 7 სექტემბერს შედგება.
სლოვენიის ნაკრების 16-კაციანი შემადგენლობა
ნებოისა იოკსიმოვიჩი, გორან დრაგიჩი, იაკა ლაკოვიჩი, იაკა ბლაჟიჩი, ზორან დრაგიჩი, კლემენ პრეპელიჩი, ედო მურიჩი, ბოსტიან ნახბარი, დომენ ლორბეკი, ლუკა ლაპორნიკი, იურე ბალაჟიჩი, იაკა ბროდნიკი, გეზიმ მორინა, მირზა ბეგიჩი, უროს სლოკარი, გასპერ ვიდმარი.
სლოვენიის ნაკრების სპარინგ-მატჩები ევრობასკეტამდე
26 ივლისი:
28 ივლისი:
2 აგვისტო:
3 აგვისტო:
4 აგვისტო:
10-11 აგვისტო: ბელგრადის ტურნირი (სერბეთი,
16 აგვისტო:
18 აგვისტო:
23 აგვისტო:
24 აგვისტო:
31 აგვისტო: