ინტერვიუები

10:57 | 5.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ბენაიუნი ცვლილებების მოლოდინშია

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი საშინაო შეხვედრის ჩატარება 7 სექტემბერს, თბილისში, ისრაელთან მოუწევს, რომლის კაპიტანიც, “ლივერპულის” შემტევი ნახევარმცველი იოსი ბენაიუნია. ეს უკანასკნელი, “მერსისაიდელებში” 2007 წლიდან გამოდის და 126 მატჩში 29 გოლიც გაიტანა. თუმცა, 29 წლის ფორვარდმა ჯერ არ იცის, მომავალ სეზონს კვლავ ერთ-ერთი ინგლისური გრანდის რიგებში შეხვდება, თუ ადგილსამყოფელს შეიცვლის. მას კლუბის დატოვება ზამთრის სატრანსფერო პერიოდშიც სურდა, ვინაიდან  “ლივერპულის” მაისურით მოედანზე გატარებული დრო არ აკმაყოფილებდა. ბრიტანულ მასმედიასთან საუბარში, სამშობლოში “ბრილიანტის” თიკუნით ცნობილ ფეხბურთელს არ დაუმალავს, რომ კარიერის “ენფილდზე” დასრულება უნდა, თუმცა საკუთარ მომავალზე კონკრეტულს ვერაფერს ამბობს.  
- როგორი ვითარებაა გუნდში, როდესაც კულუარებში, გუნდიდან მთავარი მწვრთნელის გათავისუფლების თაობაზე, გამუდმებით საუბრობენ?
- სინამდვილეში, მსგავსი ვითარება ნორმალურია. როდესაც დიდ კლუბში საქმე ცუდად მიდის, მთავარი მწვრთნელი უდიდესი ზეწოლის ქვეშ ექცევა. გუნდში ეს ყველას კარგად ესმის.  
- იანვარში კლუბიდან წასვლას აპირებდით და ამ შემთხვევაში, მიზეზი ბენიტესი იყო?
- არა, ბენიტესმა “ლივერპულში” დიდი სამუშაო გასწია. ჩვენ ვცდილობთ არ გავიხსენოთ ის, რაც წარსულში იყო.
- “ლივერპულში” ბენიტესის მომავალზე რას ფიქრობთ - ის დარჩება, თუ წავა?
- მსგავსი პროგნოზების გაკეთება არ მსურს. ბენიტესმა დაამტკიცა, რომ მაღალი დონის მწვრთნელია და მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არაა. ვფიქრობ, კლუბის ხელმძღვანელობა სწორ არჩევანს გააკეთებს.
- მიმდინარე სეზონში, ყველაზე მეტად იმედი, რამ გაგიცრუათ?
- ძნელია, რამე გამოჰყო. ჩვენ ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოვეთიშეთ ჩემპიონთა ლიგას და შემდეგ ინგლისის თასის გათამაშებას. გარდა ამისა, ვერც ჩემპიონობისთვის ვიბრძოლეთ და საუკეთესო ოთხეულშიც ვერ მოვხვდით.  
- გაცნობიერებული გაქვთ, საყვედური რის გამო გეკუთვნით?
- რა თქმა უნდა. თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, სასაყვედურო რა აქვს. თუმცა, ჩვენ ვცდილობდით, ყველაფერი გვეჩვენებინა რაც შეგვეძლო. როგორც აღმოჩნდა, ეს საკმარისი არ იყო.
- მომავალ წელს, გუნდში დარჩენა გსურთ?
- საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. “ლივერპული” დიდი კლუბია, მაგრამ ამჟამად, ბევრი რამ იცვლება და მუდმივად რაღაც ხდება. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. აქედან გამომდინარე მივიღებ გადაწყვეტილებასაც. ყველაფერი ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ლივერპულში კარიერის ბოლომდე დავრჩებოდი. “ენფილდზე” მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები არიან, მაგრამ ბევრი რამ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ყველაფერი მალე გაირკვევა.
- თქვენი გადაწყვეტილება, რამდენად იქნება დამოკიდებული კლუბის ხელმძღვანელობის მიერ სამომავლოდ არჩეულ სატრანსფერო პოლიტიკაზე?
- რთული სათქმელია. ნებისმიერ შემთხვევაში, “ლივერპულის” ხელმძღვანელობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ისეთი საუცხოო მოთამაშეები შეინარჩუნოს, როგორებიც ფერნანდო ტორესი და სტივენ ჯერარდი არიან. თუმცა, ამ კუთხითაც, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს.
- გამოდის, ფიქრობთ, რომ “ლივერპულს” დიდი ცვლილებები ელის?
- უბრალოდ, გთავაზობთ, მომავალი სეზონის დაწყებას დაველოდოთ და დასკვნები შემდეგ გავაკეთოთ. ახლა, რთულია იმაზე საუბარი, რომელი ფეხბურთელები დარჩებიან გუნდში, რა ცვლილებები მოხდება სამწვრთნელო შტაბში და ასე შემდეგ.

მოამზადა ლაშა თაბაგარმა   
 

0.117399