რაგბი

15:17 | 29.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბენ სმიტმა ზელანდია თასს დაუახლოვა

 

ლა პლატაში გამართული შეხვედრის დასრულებამდე ოციოდე წამი რჩებოდა, როდესაც ბენ სმიტმა ჩათვლის მოედნიდან 7-8 მეტრში მოლიდან გამოსული ბურთი მიიღო, პირველ მბოჭავს დაუსხლტა, მეორე გადათელა და ძელებსშუა ლელო გაიტანა. ეს ზელანდიელთა მეოთხე ლელო იყო არგენტინასთან მატჩში. 33:15 გამარჯვების პარალელურად, მათ პრემიალური ქულაც ჩაიწერეს და დასკვნითი ტურის წინ სამხრეთ აფრიკა 5 ქულით ჩამოიტოვეს.

სწორედ ბენ სმიტის მეოთხე ლელოს წყალობით შეინარჩუნა თასის აღების კარგი შანსი “ოლ ბლექსმა”, რომელიც ერთი კვირის შემდეგ  იოჰანესბურგში, “ელის პარკზე” სამხრეთ აფრიკას ეწვევა. ახლა აფრიკელებს მეტოქისთვის თასის ჩამოსართმევად რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევთ. მათ მეტოქე ისე უნდა დაამარცხონ, რომ 4 ლელო გაიტანონ და პრემიალური ქულა ჩაიწერონ. ამასთან, სხვაობა 8 და მეტი ქულა უნდა იყოს, რათა პრემიალური ქულა ახალმა ზელანდიამაც არ ჩაიწეროს, ეს კი, მართლაც რომ ურთულესად შესასრულებელი მიზანია.

არადა, სამხრეთ აფრიკას შეეძლო თავი ასეთ რთულ მდგომარეობაში არ ჩაეყენებინა. რამდენიმე საათით ადრე “ბოკემ” დემორალიზირებულ ავსტრალიას უმასპინძლა, მეტოქე პრაქტიკულად ყველაფერში დაჯაბნა, მატჩის დებიუტში სოლიდური ფორა მიიღო და ვალდებული იყო პრემია ჩაეწერა, მაგრამ მეოთხე ლელოს გატანა ვერ მოახერხა. ევან მაკკენზის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, ავსტრალიელებმა მეოთხე თამაში წააგეს და თუ ექსპერიმენტები გაგრძელდა, არგენტინელებთანაც მცირე შანსი ექნებათ, რაც სავარაუდოდ მწვრთნელის ცვლილებას გამოიწვევს.

აფრიკელთა მორკინალებმა თამაში მძლავრად დაიწყეს და სამი წუთის ინტერვალში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს. მართალია მასპინძლებმა დებიუტშივე ვერ შეძლეს ლელოს გატანა და კრისტიან ლეალიფანოსგან ჯარიმა აქეთ მიიღეს, მაგრამ მორნი სტეინმა ჯარიმითვე წონასწორობა ორიოდე წუთში აღადგინა და საერთაშორისო მატჩებში საკუთარი მონაგარი 600 ქულამდე გაზარდა.

ამას აფრიკელთა აფეთქება მოჰყვა. ადრიან სტრაუსმა და ზეინ კირხნერმა სამი წუთის ინტერვალით 2 ლელო გაიტანეს. სტეინმა ზუსტ გარდასახვებს მე-20 წუთზე ჯარიმა შემატა და ანგარიში 20:3 გახდა.

შესვენებამდე სტეინმა ერთი ჯარიმაც გაიტანა და უპირატესობა 20 ქულამდე გაიზარდა, თუმცა, საწყის ნახევარში აფრიკელებს კიდევ რამდენიმე ლელოს გატანის შანსი ჰქონდათ და წესით, უპირატესობა მეტი უნდა ყოფილიყო.

მეორე ტაიმის საწყისმა ნახევარმა საათმა კვლავ მასპინძელთათვის სასურველი სცენარით ჩაიარა, მაგრამ გუნდებმა ქულების აღება ვერ მოახერხეს, არადა, “ბოკეს” პრემიალური ქულის ასაღებად კიდევ ორი ლელო ჭირდებოდა. ლე რუმ 71-ე წუთზე გატანილი ლელოთი გულშემატკივრები გამოაცოცხლა. თამაშის ბოლომდე მეოთხე ლელოც გავიდა, მაგრამ ის ავსტრალიამ გაიტანა, სამხრეთ აფრიკამ 28:8 იმარჯვა და პრემიალური ქულა ვერ ჩაიწერა...

მეორე მატჩში არგენტინელებმა თამაში მძლავრად დაიწყეს, “პუმები” “ოლ ბლექსს” შერკინებაში ჯაბნიდნენ და პირველივე წუთებმა ცხადყო, რომ ზელანდიელებს იოლი გასეირნება არ ელოდათ. 55 მეტრიდან ჯარიმის, შემდეგ კი არეკნის გაფუჭების შემდეგ, ნიკოლას სანჩესმა მასპინძლები ჯარიმით დააწინაურა. აარონ კრუდენმა ჯარიმითვე ხუთიოდე წუთში უპასუხა, მაგრამ სანჩესმა არგენტინას უპირატესობა დაუბრუნა.

22-ე წუთზე “ოლ ბლექსი” დაწინაურდა. საჰაერო ბრძოლი ბურსაკუთარ ნახევარზე, 10-მეტრა ხაზთან ჯულიან სავეამ აიტაცა, მარცხენა ფლანგზე გავიდა, მბოჭავს დაუსხლტა და დაახლოებით 60 მეტრი ისე დაფარა ვეღარავინ დაიჭირა.

გარდასახვისას კრუდენს ტრიბუნებიდან ლაზერით ურევდნენ მიზანს და მან მართლაც ვერ გაიტანა, მაგრამ ასეთი ქმედება რაგბისათვის მიუღებელია რომაა, ნამატჩევს არგენტინელი გულშემატკივრები მატჩის ანტიგმირად შერაცხეს. სამაგიეროდ, კრუდენმა ხუთ წუთში ჯარიმა გაიტანა, რაზეც სანჩესმა 30-ე წუთზე ჯარიმითვე უპასუხა და ტაიმი 9:11 დასრულდა. მასპინძლებმა თამაშის განახლებიდან სამ წუთში კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს და 12:11 დაწინაურდნენ, რამაც გულშემატკივარი აღფრთოვანებაში მოიყვანა, მაგრამ მერე ზელანდია დაიქოქა.

ჯერ კრუდენმა ჯარიმით “ოლ ბლექსი” კვლავ წინ გაიყვანა, 51-ე წუთზე კი, სტუმრებმა ტემპს უმატეს, ფლანგი რამდენჯერმე შეცვალეს და სემ კეინმა მეორე ლელო გაიტანა. ოთხ წუთში მაა ნონუმ ითამაშა საუცხოოდ, გრძელი პასის იმიტირებით მცველები დააბნია, კონტაქტში შესულმა ბურთი ბენ სმიტს დაუტოვა, მან კი, თავისი პირველი ლელო გაიტანა. კრუდენმა ეს გარდასახვა გამოიყენა და ცხადი გახდა, ზელანდია გამარჯვებას ხელიდან არ გაუშვებდა - 26:12. არგენტინელებმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ აქ საკითხავი ერთიღა იყო - აიღებდა თუ ვერა ზელანდია პრემიალურ ქულას. როგორც თავში ავღნიშნეთ, საფინალო სასტვენამდე 20 წამით ადრე სმიტმა დუბლი შეასრულა, ჯამში 20 მატჩში მე-11 ლელო მიითვალა და საკუთარ გუნდს 33:15 მოაგებინა.

ამრიგად, დასკვნით ტურში აფრიკას ზელანდიელებთან რთული ამოცანის შესრულება მოუწევს, თუმცა, საკუთარ მოედანზე ეს აფრიკელთათვის წარმოუდგენელი სულაც არაა, მერე კი, არგენტინა ავსტრალიას უმასპინძლებს და “ოთხ ერზე” თავისი პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

 

2013 წელი. რაგბის ჩემპიონშიპი. (ოთხი ერი)

მეხუთე ტური. 28 სექტემბერი

სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია 28:8

არგენტინა - ახალი ზელანდია 15:33

 

  1. ახალი ზელანდია   5       5       0       0      164-88 23
  2. სამხრეთ აფრიკა    5       4       0       1       176-79 18
  3. ავსტრალია              5       1       0       4       79-153  4
  4. არგენტინა               5       0       0       5       71-170  2

 

მეექვსე ტური. 5 ოქტომბერი

სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია

არგენტინა - ავსტრალია

თეგებიოთხი ერი
0.482099