თამაშგარე

15:30 | 10.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიელი “წვეულებების მეფე” ოლიმპიადიდან გააძევეს

ბელგიის ოლიმპიური ნაკრების წევრი, ველომრბოლელი გეის ვან ჰუკე, ბრიტანულ გაზეთებში გავრცელებული ფოტოს გამო, ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ლონდონიდან სახლში გამოისტუმრა.
კვირას, 20 წლის ჰუკემ ომნიუმში – ტრეკის მრავალჭიდში, მე-15 ადგილი დაიკავა. მისთვის უიღბლოდ დასრულებული ლონდონის თამაშების გამო, სპორტსმენი საშინლად დათვრა. ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Mirror-მა კი, ვანს ოლიმპიადის საუკეთესო მოლხენისთვის “ოქრო” მიაკუთვნა. ხსენებულმა გამოცემამ, გეის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც გათიშული სპორტსმენი გუნდელებს ტაქსიმდე მიჰყავთ.
ბელგიის ოლიმპიური კომიტეტის წევრებმა ჰუკეს საქციელი ყოვლად მიუღებლად ჩათვალეს და სახლში ნაადრევად გამოისტუმრეს.
“ბელგიის ოლიმპიური კომიტეტი და ველოსპორტის ეროვნული ფედერაცია, ამ ინციდენტს გმობს, რომელსაც საბედნიეროდ, ოლიმპიურ სოფელში მცხოვრებ, სხვა სპორტსმენებზე არ უმოქმედია”, - აცხადებენ ოფიციალური პირები.
თავად ჰუკემ, საკუთარი საქციელი, უკვე მოინანია. “დიდი შეცდომა დავუშვი. კარგია, რომ მშობლებმა არ მისაყვედურეს”, - აღიარა სპორტსმენმა.
ანალოგიური საქციელის გამო, ცოტა ხნით ადრე ოლიმპიადიდან ავტრალიელი ნიჩბოსანი - ჯოშ ბუში გააძევეს. სასოწარკვეთილმა სპორტსმენმა, დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიიღო, რის შემდეგაც, უახლოესი მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრია.
ბუში, პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც თავი ვეღარ შეიმაგრა და იატაკზე დაეცა. განადგურებული სპორტსმენისთვის ბრალდება არ წაუყენებიათ და მალევე გაათავისუფლეს.
 

0.124189