იტალიური “რომას“ თავდამსხმელის – მარკო ბორიელოს მშვენიერი, მაგრამ ცოტა აშარი საყვარელი - ბელენ როდრიგესი, ცოტა ხნის წინათ, ეროტიკულ ფრანგულ ფილმში გადაიღეს, სადაც ბელენი მამაკაცებზე მონადირე საბედისწერო ქალის როლს ასრულებს.
ეს ახალგაზრდა მოდელის სამსახიობო სფეროში პირველი მცდელობა გახლავთ და მის ბოლოდროინდელ მზარდ პოპულარობას თუ გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული, რომ ბელენ როდრიგესი მომავალშიც არაერთ ეროტიკულ თუ სხვა ჟანრის ფილმში გადაიღონ.
მარკო ბორიელოს გულისსწორი, ძირითადად, სარეკლამო კლიპებში მონაწილეობით გახდა პოპულარული. ევროპაში, სადაც კი რომელიმე კომპანიამ ქალის თეთრეულის ახალი დიზაინი შექმნა, ბელენი თითქმის ყველგან მიიწვიეს და მიჩნეულია, რომ ამ ქალის ტანზე მორგებული ნებისმიერი შესამოსელი, ძალიან მალე ხდება ხოლმე ევროპაში პოპულარული.
სხვათა შორის, ტურინის “იუვენტუსის” გოლკიპერის - ჯანლუიჯი ბუფონის ცოლი – ალიონა სერედოვაც პოპულარული სწორედ სარეკლამო კლიპებმა გახადა. თუმცა, ალიონა რეკლამას უფრო სხვა ტიპის ბრენდებს უწევდა და საერთოდ, ალიონა სერედოვას და ბელენ როდრიგესის იმიჯი ერთმანეთისაგან თვალნათლივ განსხვავდება.