საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობამ, მინსკში სამიოდ დღის წინ ჩატარებულ ოლეგ კარავაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირს, ვაკის ფალავანთა კლუბში, შემაჯამებელი პრესკონფერენცია მოაყოლა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბელარუსულ ხალიჩაზე 5 შეხვედრა ჩაატარა და 10 მონაწილეს შორის მე-2 ადგილი დაიკავა. ბეგი დარჩიას გუნდმა ქვეჯგუფში ყველა მეტოქე დაამარცხა. რუსეთის ნაკრებს 4:3 სძლია, უკრაინას - 5:2, ამერიკის შეერთებულ შტატებს – 6:1, ხოლო ბელარუსის მეორე გუნდს – 7:0. ფინალში ქართველები მასპინძელთა ძირითად შემადგენლობას დაუპირისპირდნენ და 2:5 დამარცხდნენ. არადა, ჯერ კიდევ უშუალოდ ტურნირის დღეს მინსკიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ანგარიში 3:4 იყო.
პრესკონფერენციას საქართველოს ნაკრების მოჭიდავეებიც დაესწრნენ, ჟურნალისტებთან კი ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა თემურ ყაზარაშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ნამგალაურმა ისაუბრეს.
“მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ნაკრებს პირველი საერთაშორისო გამოსვლა ჰქონდა და საკმაოდ შედეგიანიც. კარავაევის სახელობის ტურნირი ყოველწლიურად იმართება, მაგრამ წლეულს განსხვავებული ფორმატით ჩატარდა და ეს ფორმატი ჩვენთვის მომგებიანი იყო, რადგან წინასწარვე ვიცოდით, რომ ყველა მოჭიდავეს 5-5 შეხვედრა მოუწევდა. კენჭისყრამ თითქმის ყველა უძლიერესი ნაკრები საქართველოს ქვეჯგუფში მოახვედრა და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ასეთ კონკურენციაში ვიმარჯვეთ. გადამწყვეტ შეხვედრაში კი ბელარუსის პირველ ნაკრებთან კაცნაკლულებმა ვიჭიდავეთ. გენადი გოგიშვილი (74 კგ) ნახევარფინალში მიღებული ტრავმის გამო ვეღარ დაეხმარა გუნდს. არადა, ოთხი ჩატარებული შეხვედრიდან ოთხივე მოგებული ჰქონდა. ნაკრების სხვა წევრთაგან ყველაზე შედეგიანი რევაზ ლაშხი (60 კგ) იყო, რომელმაც ხუთივე შეხვედრაში იმარჯვა. ლაშა გოგიტაძემ (55 კგ) და ანტონ მამაგეიშვილმა (66 კგ) ოთხ-ოთხჯერ მოიგეს, ვლადიმერ გეგეშიძემ (84 კგ) და გურამ ფერსელიძემ (120 კგ) – სამ-სამჯერ, ხოლო მიხეილ ქაჯაიამ (96 კგ) – ორჯერ. მთლიანობაში, გუნდმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა” – განაცხადა თემურ ყაზარაშვილმა.
დავით ნამგალაურმა გაიხსენა, რომ საქართველოს ნაკრებს არც თუ სახარბიელო სეზონი ჰქონდა და იქვე დასძინა, მინსკში ნაჩვენები შედეგი სპორტსმენებისთვის პირველყოვლისა ფსიქოლოგიურად უნდა გამოდგეს მომგებიანიო.
“მომავალი წელი ჩვენი მოჭიდავეებისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი იქნება. ნაკრებისგან შედეგს ველოდებით, რაც უკვე სანატრელი გაგვიხდა. მიმდინარე სეზონს წარმატებული ნამდვილად არ ეთქმოდა და ძალიან ბევრი მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტეთ, ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის კიდევ ერთი შანსი მიგვეცა. მას გარკვეული მონახაზის გაკეთება სჭირდებოდა და მინსკში ჩატარებული ძლიერი ტურნირი საამისოდ მშვენიერი შესაძლებლობა იყო. სასიამოვნოა, რომ გადახალისებულმა შემადგენლობამ მიაღწია ამ შედეგს. წინ საქართველოს ჩემპიონატია და იმედია, ძლიერ შიდა კონკურენციას ვიხილავთ. საქართველოს პირველობის ჩემპიონ-პრიზიორებისთვის სახელფასო ფონდის გამოყოფა ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ჯერ ერთი, რომ ჩემპიონატს ლიდერები დავუბრუნეთ და მეორეც, კონკურენცია აშკარად გაიზარდა” – აღნიშნა ნამგალაურმა.
ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა თამაზ გეგეშიძემ, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, რამდენიმე სპორტსმენზე გამონაკლისის დაშვება სთხოვა. მაგალითად, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გენადი გოგიშვილი მოიყვანა, რომელმაც ბელარუსში მიღებული ტრავმის გამო, შესაძლოა, მომავალ ჩემპიონატში ჭიდაობა ვერ შეძლოს და ამის გამო ხელფასის ერთი წლით გახანგრძლივების შანსიც დაკარგოს. ნამგალაურმა ერთხელაც გაიმეორა, რომ შიდა პირველობაზე გამოსვლა ყველა სახელიანი მოჭიდავისთვის სავალდებულოა, თუმც მსგავსი სიტუაციების გათვალისწინებით, თითოოროლა გამონაკლისის დაშვებაზე სამინისტროში უახლოეს მომავალში იმსჯელებენ.
ოთარ მაღლაკელიძე