ფეხბურთი

14:05 | 9.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბელარუსში მხოლოდ გოგოლაძე ათამაშეს

 

ბელარუსის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-2 ტურში, ბრესტის “დინამომ”, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი, უჩა გოგოლაძე, ოთარ ჩაფიძე და დათა სიჭინავა გამოდის, საკუთარ მოედანზე სოლიგორსკის “შახტიორთან” 0:1 წააგო.

განვლილ მატჩში, გოგოლაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დანარჩენი ქართველი ლეგიონერები 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდნენ. 2 ტურის შემდეგ, ბრესტელებს ჯერ ქულა არ აუღიათ და 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე არიან.

შვეიცარიის ჩელენჯლიგის (პირველი ლიგა) 26-ე ტურში, “ბელინცონამ”, რომლის ღირსებასაც გიორგი ივანიშვილი იცავს, “ლუგანო” მიიღო და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 0:0. ივანიშვილი სასტარტოში დააყენეს და 63-ე წუთზე შეცვალეს. “ბელინცონას” 49 ქულა აქვს და 10 გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.

რუსეთის საფეხბურთო ნაციონალური ლიგის (პირველი ლიგა) 27-ე ტურში, ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკმა”, რომელშიც მერაბ ურიდია ირჯება, შინ კალინიგრადის “ბალტიკას”, რომლის კარსაც გიორგი შელია იცავს, 1:0 აჯობა. ურიდია სასტარტოში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს. შელიამ მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატარა. “ნეფტეხიმიკს” 39 ქულა აქვს და 17 გუნდში მეოთხეა. “ბალტიკამ” ამდენივე ქულა მოაგროვა, მაგრამ გატანილ-გაშვებული ბურთების უარესი სხვაობის გამო, მე-5 პოზიციაზეა.

 

0.116194