ლონდონის “ტოტენჰემის” შუახაზელი გარეთ ბეილი უეფას გამოკითხვის იმ 10 ნომინანტს შორის მოხვდა, რომელთაგანაც საბოლოოდ 3 საუკეთესოს ამოირჩევენ და 2012-13 წლების სეზონის საუკეთსოებად ცნობენ. “მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა, რომ ნომინანტთა შორის ტრადიციულად არიან ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ, ასევე მიუნხენის “ბაიერნის” 4 მოთამაშე (თომას მიულერი, არიენ რობენი, ფრანკ რიბერი და ბასტიან შვაინშტაიგერი). ბრიტანული მედია კი განსაკუთრებით ბეილს გამოარჩევს, რომელსაც მართლაც ჩინებული წელიწადი გამოუვიდა “ტოტენჰემში” - ჩემპიონატის 33 მატჩში 21 გოლი გაიტანა. ის პრემიერლიგის, ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისტთა ასოციაციის და პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის გამოკითხვების შედეგად ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელეს. ახლა უელსელი “ბარკლაის” აზიურ ტურნეში მიემგზავრება, რომელიც 24-27 ივლისს გაიმართება ჰონკონგში. მანამადე კი ნიუ იორკის თაიმ სკვერზე მისი უშველებელი ბილბორდი აღმართეს, რომელიც გამვლელთ აუწყებს, რომ 2013-14 წლების პრემიერლიგას NBC გააშუქებს.
საუკეთესო ნომინანტებს უეფა 6 აგვისტოს გამოაცხადებს.