გარეთ ბეილი მიიჩნევს, რომ უელსის ნაკრებს რეალურად შეუძლია ევრო-2016-ის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა. უელსს ევროპის ჩემპიონატზე არასოდეს უთამაშია, მხოლოდ ერთხელაა მუნდიალზე გასული და ისიც, შორეულ 1958 წელს: იქ მეოთხედფფინალამდეც გააღწიეს და ბრაზილიასთან წააგეს 0:1. მაშინ, 17 წლის პელემ გაუტანათ სუპერგოლი.
"შესარჩევ ეტაპს ანდორაში ვიწყებთ და რა თქმა უნდა, მოგება გვსურს არა მხოლოდ მათთან, არამედ ჯგუფის სხვა მატჩებშიც. ის ფაქტი, რომ ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი გადის, კიდევ უფრო დიდ სტიმულს გვაძლევს. ჩვენ ახალგაზრდები ვართ, ერთად მოვდივართ 6-7 წელია და ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა ყველამ უნდა ვთქვათ ხმამაღალი სიტყვა. კარგი გუნდი გვყავს და გამართულ ფეხბურთსაც ვთამაშობთ", – თქვა ბეილმა.
უელსის ჯგუფში არიან ბელგია, ბოსნია, ისრაელი, კვიპროსი და ანდორა. მართლაც, უძლიერეს ჯგუფს ნამდვილად ვერ დაარქმევ და უელსს შანსი ნამდვილად აქვს...
ილია კახელიშვილი