ალბანეთის საფეხბურთო სუპერლიგის მე-6 ტურში ვლორეს “ფლამურტარიმ”, რომელშიც ნიკა გელაშვილი გამოდის, შინ “ლაჩის” ვერ მოუგო – 1:1. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. “ფლამურტარის” 11 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-7 ტურში, ნახჩივანის “არაზმა”, სადაც დავით ჯანელიძე ირიცხება, სტუმრად “ბაქისთან” 1:2 წააგო. ქართველმა ფორვარდმა დამარცხებულთა შორის 90 წუთი იასპარეზა. “არაზი” 3 ქულით 10 გუნდში ბოლოა.
ბელარუსის პრემიერლიგის ზედა ექვსეულის მე-3 ტურში, სოლიგორკის “შახტიორმა” გასვლაზე “გომელთან” 1:0 მოიგო. ნახევარმცველი სანდრო გურული გამარჯვებულთა სასტარტოში იმყოფებოდა და 57-ე წუთზე შეცვალეს. მის მსგავსად “გომელში” მცველი ზაზა ჭელიძე მოედანზე პირველი წუთიდან იყო და 77-ეზე შეცვალეს. “შახტიორი” 41 ქულით მეოთხეა, ხოლო “გომელი” 32 ქულით – მეექვსე.
ქვედა ექვსეულში “სლუცკმა” თავის მოედანზე გროდნოს “ნემანს” ვერ აჯობა – 0:0. თავდამსხმელმა უჩა გოგოლაძემ მატჩი სლუცკელთა სასტარტოში დაიწყო და 77-ე წუთზე შეცვალეს. “სლუცკი” 29 ქულით ქვედა ექვსეულში მეორეა.
ლატვიის ვირშლიგის (უმაღლესი ლიგა) 31-ე ტურში “ვენტსპილსმა” სტუმრად “ლიეპაიასთან” 1:1 ითამაშა. ნახევარმცველი თორნიკე თარხნიშვილი ვენტსპილსელთა შორის 74-ე წუთზე გამოჩნდა. “ვენტსპილსი” 10-გუნდიან ვირშლიგას 68 ქულით ლიდერობს.
“იურმალამ” “მეტტა” მიიღო და 1:0 სძლია. ნახევარმცველმა გიორგი დიაკვნიშვილმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო. “იურმალა” 12 ქულით მეათეა.
დაუგავპილსის “დაუგავამ” რიგაში ადგილობრივ “დაუგავას” 4:1 სძლია. მცველმა ბიძინა ცინცაძემ დაუგავპილსელებში 90 წუთი იასპარეზა. ცინცაძის გუნდი 59 ქულით მესამეა.
“დაუგავპილსმა” იურმალას “სპარტაკსს” უმასპინძლა და 1:0 აჯობა. ფორვარდი მიხეილ როსტიაშვილი მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა. “სპარტაკსი” 44 ქულით მეექვსეა.
ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) 29-ე ტურში “თრაკაიმ” შინაურ კედლებში “ბანგა” 4:0 დაამარცხა. ტრავმირებულ მცველს ნიკა აფაქიძეს და ნახევარმცველ ბესო ამაშუკელს კვლავ არ უთამაშიათ. “თრაკაი” 56 ქულით 10 გუნდში მეორეა.
ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) 31-ე ტურში ტალინის “ფლორამ” შინაურ კელდებში თანაქალაქელ “კალიუსთან” 0:2 წააგო. შემტევმა ნახევარმცველმა ზაქარია ბეგლარიშვილმა დამარცხებულებში თავიდან ბოლომდე ითამაშა. ამ მარცხის მერე, “ფლორას” 70 ქულა დარჩა და 10-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზე დაქვეითდა.
იოხვის “ლოკომოტივმა” სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს თავი დააღწია. იოხველებმა სტუმრად ტალინის “კალევს” 5:0 მოუგეს. უკრაინის მოქალაქე ნახევარმცველმა კოტე ალანიამ “ლოკომოტივში” სრულად ითამაშა, ხოლო თავდამსხმელი ლაშა ნავერიანი 65-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. “ლოკომოტივი” 15 ქულით მეცხრეა.
უკრაინის თასის 1/8-ფინალის პირველ მატჩში მარიუპოლის “ილიჩევეცმა” შინ პოლტავის “ვორსკლასთან” 0:1 წააგო. ნახევარმცველი დავით თარგამაძე მარიუპოლში კვლავ არ ჩასულა, ხოლო 19 წლის მცველი უკრაინის მოქალაქე ზურა ოჩიგავა “ილიჩევეცის” რიგებში 78-ე წუთზე გამოჩნდა.
გერმანიის მე-3 ლიგის მე-12 ტურში “უნტერჰახინგმა” სახლში “ოსნაბრუკთან” 3:4 წააგო. საქართველოს მოქალაქე ლუკას ჰუფნაგელი მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “უნტერჰახინგი” 12 ქულით 20 გუნდში მეთხუთმეტეა.