საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბეგი დარჩიამ “მსოფლიო სპორტთან” ევროპის ჩემპიონატზე შეგირდების გამოსვლა შეაფასა და სამომავლო გეგმებსაც შეეხო. შეგახსენებთ, 2-3 აპრილს, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ჩატარებულ ევროპირველობაზე, ქართულმა გუნდმა ერთი ოქროს მედალი მოიპოვა. 9-12 ივნისს, კლასიკოსები თბილისის საერთაშორისო ტურნირით, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგებიან. სეზონის უმთავრეს შეჯიბრს 12-18 სექტემბერს სტამბოლი უმასპინძლებს და საუკეთესო ექვსეულები ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებს მიიღებენ.
- კმაყოფილი ხართ ევროპირველობაზე გუნდის ჭიდაობით?
- ევროპის ჩემპიონატზე ოპტიმალური შემადგენლობა ვერ ჩავიყვანე. ტრავმების გამო მანუჩარ ცხადაია, ვლადიმერ გეგეშიძე და რამაზ ნოზაძე გამოგვაკლდნენ. აქვე, არჩილ თურმანიძესაც ვახსენებ, რომელზეც ასევე დიდ იმედს ვამყარებთ, მაგრამ მოსამზადებელ ციკლში ვერც მან შეძლო ბოლომდე დატვირთვა. ამ დანაკლისის გათვალისწინებით, გუნდის საერთო შედეგით უკმაყოფილო არ ვარ. იმედია, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სრული საბრძოლო შემადგენლობის შეკვრას შევძლებთ და ეს შედეგიანობაზეც აისახება.
- ნაკრების ყველაზე ტიტულოვანმა წევრმა, მანუჩარ კვირკველიამ ევროპირველობა მოუგებლად ჩაამთავრა. ელოდით ასეთ წარუმატებლობას?
- მანუჩარის ევროპის ჩემპიონატზე დაყენებას თავიდან არ ვგეგმავდით. მას აქცენტი მომავალ მსოფლიოს პირველობაზე აქვს გადატანილი და წინასწარი გეგმით, ლეიბზე ზაფხულში უნდა გასულიყო - გივი კარტოზიას სახელობის თბილისის საერთაშორისო ტურნირზე. ბოლოს მაინც გადაწყდა, რომ დორტმუნდშიც ეჭიდავა, მაგრამ გამოჩნდა, რომ ამ ეტაპზე სასურველ ფორმაში არაა.
- რევაზ ლაშხისგან ელოდით ოქროს?
- რეზომ მთელი მოსამზადებელი ციკლი მუხლჩაუხრელად იშრომა. ასეთი მონდომებული და მიზანმიმართული არასოდეს ყოფილა. ვარჯიში ერთია და საკუთარ თავზე ძალიან კარგად იმუშავა. მიხარია, რომ იღბალმაც არ დააღალატა და შრომა ჩემპიონობით დაუფასდა. იმედია, მომავალში კიდევ უფრო მოუმატებს. ამის შესაძლებლობა მართლა აქვს.
- იღბალი ახსენეთ, არადა, კენჭისყრაში აშკარად არ გაუმართლა...
- უძლიერესი მეტოქეები დაამარცხა და ყველას დამსახურებულად და დამაჯერებლად აჯობა. უიღბლობაში სულ სხვა რამ ვიგულისხმე. მაგალითად, ანტონ მამაგეიშვილს, რომლისგანაც მედალს ველოდით, ჭიდაობისას მიღებულმა ტრავმამ შეუშალა ხელი.
- მსოფლიოს ჩემპიონატზე ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც გათამაშდება. ბოლო წლების წარუმატებლობების გათვალისწინებით, შვიდივე წონით კატეგორიაში ლიცენზიის მოპოვება რეალურია?
- მხოლოდ მსოფლიოზე ნამდვილად გაგვიჭირდება, რადგან ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად ექვსეულში შესვლაა საჭირო. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდგომ სალიცენზიო ტურნირებზე კი, აუცილებლად უნდა მივაღწიოთ მიზანს. თითო წონაში 21 საუკეთესო მიიღებს ოლიმპიური თამაშების საგზურს და ეს შანსი აუცილებლად მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.
ოთარ მაღლაკელიძე