ჭიდაობა

18:27 | 26.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბეგი დარჩია: “ევროპირველობაზე საქართველოს ჩემპიონებს ვაჭიდავებთ”

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ლონდონის ოლიმპიური თამაშების ერთადერთი ლიცენზია აქვს მოპოვებული. წინ კიდევ სამი სალიცენზიო ტურნირია და ბეგი დარჩიას შეგირდებს სიტუაციის გამოსწორების შანსი კიდევ მიეცემათ. იქამდე კი, მოსამზადებელ შეკრებებს გაივლიან და ევროპის ჩემპიონატზეც იჭიდავებენ. ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში რამდენიმე ახალი სახეც გამოჩნდება, რომლებმაც ამ დღეებში, სპორტკომპლექს “არენაში” ჩატარებულ საქართველოს პირველობაზე გამოიჩინეს თავი. დარჩიასთან ინტერვიუ სწორედ ახალი შიდა კონკურენციის შეჯამებით დავიწყეთ.
- ძალიან საინტერესო ჩემპიონატი გამოვიდა - შარშანდელთან შედარებით, გაცილებით უკეთესი. ბევრი ლამაზი და დაძაბული შეხვედრა ვიხილეთ. დინამიურობის ზრდას მნიშვნელოვანწილად ახალმა წესმაც შეუწყო ხელი, რომელიც საერთაშორისო დონეზე ჯერ არ დაკანონებულა, მაგრამ უკვე გადაწყვეტილი ამბავია.
- ახალი სახეები თუ გამოჩნდნენ?
- იყო რამდენიმე სპორტსმენი, რომლებმაც კარგი ჭიდაობით მიიქციეს ყურადღება. ძირითადად კი სიურპრიზები ნაცნობმა ახალგაზრდა მოჭიდავეებმა შემოგვთავაზეს. ძალიან კარგი იყო ფირუზ წულუკიძე (60 კგ), რომელმაც მთელი ტურნირი სტაბილურად, მაღალ დონეზე ჩაატარა. ფინალშიც საკმაოდ კარგად ეჭიდავა თავისზე ბევრად გამოცდილ ირაკლი ჭოჭუას და სწორედ ნაკლები გამოცდილების გამო წააგო. მომეწონა ბაჩანა ფუტკარაძე, ზურაბ მაჭარაშვილი (ორივე 55 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ), რევაზ ნადარეიშვილი (84 კგ), ძმები გოგიბერაშვილები და ხვიჩა ჭითავა (სამივე - 60 კგ). განმაცვიფრა ამირან ზარნაძემ (96 კგ), რომლის ფინალში გასვლასაც არავინ ელოდა, მით უმეტეს, როცა ამ წონაში თითქმის ყველა ძლიერმა სპორტსმენმა იჭიდავა.
- 96 კილოგრამის სატურნირო ბადეში ვლადიმერ გეგეშიძეც იყო, მაგრამ არ უჭიდავია...
- ბოლო ორი კვირა ტრავმის გამო არ უვარჯიშია და საჭიროდ არ ჩავთვალე, დამეტვირთა. თან ერთი წონითი კატეგორიით მაღლა აპირებდა ჭიდაობას და დიდი რისკი იყო, ტრავმა გაემიზეზებინა.
- წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს ჩემპიონატზე მანუჩარ კვირკველია და რამაზ ნოზაძეც უნდა გამოსულიყვნენ. რატომ შეიკავეს თავი?
- ნოზაძე, როგორც ვიცი, ემზადებოდა და ჭიდაობასაც აპირებდა, მაგრამ რატომ შეიკავა თავი, ვერ გეტყვით. კვირკველია ჩვენ გავათავისუფლეთ, გავითვალისწინეთ რა მისი ასაკი და რაც მთავარია, რეალური შესაძლებლობები. მანუჩარი ოლიმპიურ თამაშებამდე რამდენიმე საერთაშორისო ტურნირზე გამოვა.
- ევროპის ჩემპიონატზე თუ იჭიდავებს?
- ევროპირველობასაც გამოტოვებს. 74 კილოგრამში კი, ხალიჩაზე მანუჩარ ცხადაია გავა. ასევე ჩვეულზე ერთი წონითი კატეგორიით მაღლა (66 კილოგრამში) იჭიდავებს რევაზ ლაშხიც.
- ევროპაზე წასაყვანი შემადგენლობა უკვე დაკომპლექტებული გაქვთ?
- ძირითადი მონახაზი უკვე გაკეთებულია. ევროპის ჩემპიონატი 6-11 მარტს ბელგრადში გაიმართება. სალიცენზიო სეზონი კი 20 აპრილს, სოფიაში გაიხსნება. მას მეორე და მესამე ტურნირები სულ რაღაც ექვს-ექვსდღიანი ინტერვალით მოჰყვება. ამ მჭიდრო გრაფიკის გათვალისწინებით, ძალები თანაბრად უნდა გადავანაწილოთ. ევროპის ჩემპიონატზე ძირითადად საქართველოს ჩემპიონებით დაკომპლექტებული გუნდი იჭიდავებს. შესაძლოა, თითოოროლა ცვლილება მოხდეს. მაგალითად, 55 და 84 კილოგრამ წონით კატეგორიებში. ოლიმპიური წელი მოდის და ცხადია, ძირითად ყურადღებას სალონდონო სამზადისს ვუთმობთ.
- რამდენ ლიცენზიას გეგმავთ?
- ყველა წონაში ვიბრძოლებთ, დანარჩენი კი უშუალოდ ტურნირებზე გამოჩნდება. სოფიაში ლიცენზიას თითოეული წონითი კატეგორიის ორ-ორი საუკეთესო მოჭიდავე მოიპოვებს. 27-29 აპრილს ჩინეთის ქალაქ ტაიუანში სამ-სამი ლიცენზია გათამაშდება, 4-6 მაისს კი ჰელსინკიში ისევ ორ-ორი მოჭიდავე მოიპოვებს ლონდონის საგზურს. დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში სამივე ტურნირზე გამოსვლა ერთი სპორტსმენისთვის წარმოუდგენლად ძნელია. მით უმეტეს, როცა წონის დაკლება სჭირდება. ამასაც აქედანვე ვითვალისწინებთ და შანსს ორ-ორ კანდიდატს მივცემთ. მაგალითად, 84 კილოგრამში - გეგეშიძეს და ნადარეიშვილს.
- ახალ სეზონს როდის გახსნით?
- 8 იანვარს ორი შემადგენლობით წახკაძორში გავემგზავრებით მოსამზადებელ შეკრებაზე.

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.11273