ფეხბურთი

10:27 | 26.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბაზა ნაკურთხია!

ეს უკვე საქმეა, თანაც - სერიოზული! როგორც იქნა, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებებს საკუთარი, თანაც შესანიშნავი ბაზა აქვთ. „როგორც იქნა“-ში ყველაზე ნაკლებად დამნაშავე ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობაა. ეს უდიდესი პრობლემა სათავეს პრაქტიკულად იმ დღეებიდანვე იღებს ქართული ფეხბურთი დამოუკიდებელი რომ გახდა. მას შემდეგ ფეხბურთის ფედერაციაში ხელმძღვანელობა რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა ლაგოდეხის სპორტულ ბაზაზე ყველაფერი უცვლელი - გაპარტახებული იყო.

ისეც არ მინდა გამოვიდეს, რომ ამდენი წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ არაფერი გაკეთებულა. უფროსი ნოდარ ახალკაციდან დაწყებული, მერაბ ჟორდანიას გავლით და უმცროსი ნოდარ ახალკაცით დამთავრებული, რაღაც კეთდებოდა. ერთი ბავშვთა ტურნირებს აფუძნებდა და აპიარებდა, მეორემ ფედერაციის ახალი შენობა დაგვიტოვა, მესამემ ასაკობრივ ნაკრებთა გაძლიერებაზე აქცენტირებით და ეროვნული ნაკრების დონეზე წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების ნაკრებებთან სპარინგებით გაითქვა სახელი. თუმცა... დიდი გამჭვირვალობით თავი არცერთი მათგანის დროს მოუკლავთ ფედერაციაში და შესაბამისად, ქომაგს, მითუმეტეს მასმედიას ყოველთვის ჰქონდა საფუძვლიანი ეჭვი რომ გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა.

მეტის კეთების მოთხოვნით ზვიად სიჭინავასაც კიდევ არაერთხელ მიმართავენ, მაგრამ როგორც 23 ნოემბერს სფფ-ის მიერ მოწყობილ საგანგებო მედია-ტურის დროს ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან ითქვა, ლაგოდეხის ბაზის კეთილმოწყობისთვის გვერდის ავლა დღევანდელი პრეზიდენტის ყველაზე დიდ კრიტიკოსებსაც გაუჭირდებათ...

თავად სიჭინავა ამ პროექტის განხორციელებას მთლიანად ფიფა-უეფას მიაწერს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჯიბეში ხელჩაწყობილი არც ქართული მხარე იყო. „ეს კარგი საქმე საერთაშორისო ფედერაციების დაფინანსებით კეთდება, ჩვენი დამსახურება კი მხოლოდ ის არის, ფული სახლში რომ არ მიგვაქვს და აქაურობის კეთილმოწყობას ვახმართ“, - ნახევრად იხუმრა სიჭინავამ ერთერთი მორიგი სადღეგრძელოს წარმოთქმისას - გიორგობა დღე იყო, თანაც ფაქტობრივად ახალმოსახლეობას აღვნიშნავდით და აბა, ჭიქის აწევის გარეშე როგორ იქნებოდა...

სადღეგრძელოებამდე კი ძირითადი შენობა - ოთხსართულიანი კომპლექსი დაგვათვალიერებინეს. თუ რამდენად სასიამოვნო განცდა შეიძლება დაგეუფლოს კაცს ამ პროცესის დროს, თანდართული ფოტოების ხილვისას შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. მოკლედ კი ასეა - ნორმალური, ადამიანური, სპორტსმენისთვის აუცილებელი ყველა პირობა გათვალისწინებულია. და რაც მთავარია - ნაკლებადპომპეზურია...

ღამით მასმედიის წარმომადგენლებმა კომპლექსში განთავსებული ნომრებიც დავაჭაშნიკეთ (როგორც სფფ-ის პრესსამსახური იუწყება, პირველები ვიყავით, ვინც ახლადგარემონტებულ საცხოვრებელ კორპუსში ღამე გაათია), მეორე დილით კი სიჭინავასთან ერთად, სპორტულმა დირექტორმა არჩილ არველაძემ მთლიანად რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კორპუსის ერთი ფლიგელი, კვების ბლოკი, გასართობი და დასასვენებელი ზონები, საპრესკონფერენციო დარბაზი დაგვათვალიერებინა.

ფედერაციისვე მონაცემებით: „ბაზა 170 კაცს დაიტევს და ერთდროულად 5-6 გუნდის მიღებას შეძლებს. თავისი მდებარეობითა და შესაძლებლობებით უნიკალურ ბაზაზე ბოლო 1 წელია ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. ამჟამად, დასრულებულია რეაბილიტაციის მეორე ეტაპი.

ძირითადი სარემონტო სამუშაოები დამთავრებულია მეორე ფლიგელზეც და გაზაფხულისთვის, შიდა სამუშაოებიც დასრულდება. ამის შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია უკვე მოედნების მშენებლობას დაიწყებს. ამჟამად, ლაგოდეხის ბაზას ერთი, ბუნებრივსაფარიანი, სტანდარტული მოედანი აქვს, რომელიც გაზაფხულიდან განახლდება - დაიგება ახალი საფარი, განახლდება და მოეწყობა ტრიბუნები. ამის გარდა, ბაზის ტერიტორიაზე გაკეთდება ორი სტანდარტული, ხელოვნურსაფარიანი და ერთიც მინი-მოედანი. როგორც კი ბიუჯეტი დამტკიცდება, მოედნების მშენებლობაც მაშინვე დაიწყება.

სფფ-ის ლაგოდეხის ბაზა იმითაც იქნება სასარგებლო და უნიკალური, რომ აქ შეკრებების გავლას სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლებიც შეძლებენ, ვინაიდან მოედნების გარდა, ბაზას აქვს დიდი დარბაზი, რითაც მოჭიდავეებიც ისარგებლებენ. ამასთან, მოეწყობა საკალათბურთო დარბაზი და საცურაო აუზი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბაზაზე, სხვადასხვა სპორტულ სექციებში უფასოდ ივარჯიშებენ ადგილობრივი ბავშვები.

ლაგოდეხის ბაზის სრული სარეაბილიტაციო პროცესი 2014 წლის ბოლოს დასრულდება“.

როგორც სიჭინავამ გვითხრა, მას კარგა ხანია დაწყებული აქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა სპორტული კლუბებისა თუ ფედერაციების ხელმძღვანელობებთან, რათა ბაზის სათანადოდ დატვირთვა და შესაბამისად შემოსავლებიც აქედანვე გაინაღდოს. და არც ის დაუმალავს, რომ ერთი-ორ „მსხვილ“ კლიენტს უკვე პრაქტიკულად შეუთანხმდა. ასე რომ, მალე ლაგოდეხის ბაზა და მისი სტუმარ-მასპინძლობა ნამდვილ სიცოცხლეს შეიგრძნობს. ზოგისთვის ეს ფასიანი იქნება, ზოგისთვის - უფასო, თუმცა, სიამოვნება ყველა ვარიანტში გარანტირებული აქვთ...

0.283974