საპლაჟო ჭიდაობაში აჭარის ღია პირველობა ორდღიანის ნაცვლად ერთ დღეში ჩაეტია. წინასწარი გეგმის განხორციელებას ხელი ამინდმა შეუშალა. წვიმის გამო, შაბათის შეხვედრებიც საკვირაოდ გადაიდო და ბოლოს ორგანიზატორებმა მხოლოდ უფროს ასაკობრივ ჯგუფში მოახერხეს ჩემპიონ-პრიზიორების გამოვლენა. ერთხანს შეჯიბრების დარბაზში გადატანაც კი გადაწყდა, მაგრამ მოულოდნელად გამოიდარა და ქვიშის მოედანიც სწრაფადვე მომზადდა. საპლაჟო ჭიდაობის წესების თანახმად, მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა - 70, 80, 90 და +90 კილოგრამებში.
“წინასწარი ინფორმაციით, აჭარის ღია პირველობაში მონაწილეობა თურქ და სომეხ მოჭიდავეებსაც უნდა მიეღოთ. ინიციატივა ამ ქვეყნების ჭიდაობის ფედერაციებიდან წამოვიდა, ჩვენც სიამოვნებით მოვიწვიეთ, მაგრამ რატომღაც ბოლო მომენტში ვერცერთმა ვეღარ მოახერხა ჩამოსვლა. ტურნირში მასპინძელთა, ოზურგეთის, ქუთაისისა და თბილისის გუნდების 50-მდე წევრი ჩაერთო. ჩემპიონის ტიტულს კი ოთხივე წონაში დედაქალაქის წარმომადგენლები დაეუფლნენ. 70 კილოგრამში გიორგი ლობჟანიძემ აჯობა ყველას, 80-ში – გელა საღირაშვილმა, 90-ში – ზვიად მეტრეველმა, ხოლო +90-ში – გიორგი გოგრიჭიანმა. ეს ოთხი მოჭიდავე 14-18 ივლისს, ბათუმშივე ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს. სულ კი, თითო წონაში სამ-სამი მონაწილის დაყენების უფლება გვაქვს” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ.
მსოფლიოს ჩემპიონატამდე, ქართველი მოჭიდავეები საპლაჟო ჭიდაობის ერთ ტურნირზეც გამოვლენ. 28-29 მაისს, საერთაშორისო პირველობას იტალია უმასპინძლებს და ქვიშაზე აჭარის სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული სპორტსმენები - ვეფხვია ჯიჯავაძე და შორენა შარაძე გავლენ.
ოთარ მაღლაკელიძე