ჭიდაობა

15:51 | 11.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმმა საპლაჟო რეპეტიცია დაგეგმა

14-15 მაისს ბათუმში, საპლაჟო ჭიდაობაში აჭარის ღია პირველობა გაიმართება. ტურნირი ორიოდ თვეში (14-18 ივლისს), ბათუმშივე ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ხასიათს ატარებს. წინასწარი ინფორმაციით, მასში მონაწილეობა მხოლოდ ქართველ მოჭიდავეებს უნდა მიეღოთ, მაგრამ ჩამოსვლის სურვილი თურქეთისა და სომხეთის ნაკრებებმაც გამოთქვეს.
“ზაფხულში ძალიან საპასუხისმგებლო ჩემპიონატს ვმასპინძლობთ და რადგან საპლაჟო ჭიდაობა ჯერ ახალი სახეობაა, გადავწყვიტეთ, საორგანიზაციო საკითხების დასახვეწად საცდელი ტურნირი ჩაგვეტარებინა. ამჯერად, მონაწილეთა რაოდენობა შეუზღუდავი იქნება, რათა ყველა მსურველმა მიიღოს გამოცდილება. მსოფლიოს პირველობაზე კი, ოთხივე წონით კატეგორიაში (70, 80, 90 და +90 კგ) მხოლოდ სამ-სამი მოჭიდავე გვეყოლება” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ.
მსოფლიოს ჩემპიონატამდე ქართველი მოჭიდავეები საპლაჟო ჭიდაობის ერთ ტურნირზეც გამოვლენ. ოცდაექვს მაისს, აჭარის რამდენიმეკაციანი გუნდი, მწვრთნელ ჯემალ კილაძესთან ერთად იტალიაში გაემგზავრება.
საპლაჟო ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქართველთაგან მედალი მხოლოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლუკა კურტანიძეს აქვს მოპოვებული. 2009 წელს იგი ფინალში დამარცხდა და ვერცხლს დაეუფლა. შარშან კი ქართული დელეგაცია ტურნირზე კურტანიძის გარეშე გაემგზავრა და წარუმატებლად გამოვიდა.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.114705