დღეს ბათუმში საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომლის ერთ-ერთი საკითხი ბათუმის "დინამოს" დირექტორ სულხან გოგიბერიძის პოსტიდან წასვლა-დარჩენა იყო. სანამ საკრებულო გადაწყვეტილებას მიიღებდა, გოგიბერიძემ თავად დაწერა განცხადება წასვლაზე... ასე რომ, კლუბს ახალი დირექტორი ეყოლება.
"მსოფლიო სპორტის" ინფორმაციით, კლუბის სათავეში მოვა საინიციატივო ჯგუფი - "გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო". და კლუბის ახალი დირექტორიც ამ ჯგუფიდან შეირჩევა.
საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან:: მალხაზ მახარაძე, ირაკლი თოთლაძე, ბესიკ თედორაძე, არჩილ ინწკირველი, ზურაბ დუმბაძე, ოთარ ფედიჩკინი, კარლო მუკბანიანი.
შეხსენებისთვის, ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრებმა ამ ზაფხულს საკრებულოს წინ აქცია მოაწყვეს, სადაც სულხან გოგიბერიძის გადადგომას მოითხოვდნენ. გულშემატკივრები ამბობდნენ, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად იხარჯებოდა და ეს შედეგებზეც ისახებოდა. როგორც იცით, ბათუმელები უმაღლესი ლიგიდან გავარდნენ.