ფეხბურთი

14:11 | 4.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის “დინამოს” ამბები – სტადიონის მოლოდინში

ბათუმის “დინამო” უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვის და ჯერჯერობით, კლუბს კარგად მისდის საქმეეები – პირველ ადგილზეა ზონაში. თუმცა ის ფაქტი, რომ ბათუმში სტადიონი არაა, ძალიან ცუდია. ამხელა ქალაქში, სადაც ყველაფერია და სასტუმროებს ფეხს ვერ აუქცევ, ერთი სტადიონი რა გახდა? ეს კითხვა ყველას აწუხებს.

ამიტომაც, ბათუმის “დინამოს” დირექტორ ოთარ ფედიჩკინს რომ დავუკავშირდით, უპირველესად, სტადიონის თემაზე ვკითხეთ:

-       ანგისის ტერიტორიაზე გვექნება მშვენიერი სტადიონი. დაიგება ორი ხელოვნური და ერთი ბუნებრივი, სადაც ჩავატარებთ კიდეც საშინაო მატჩებს. ტევადობა 4000 იქნება.

-       როდის იწყება მშენებლობა და ვისი ფინანსებით?

-       იანვარშივე დაიწყება მშენებლობა და გაზაფხულზე უკვე მზად უნდა იყოს. ასეთია გეგმა. 2 მილიონი ლარია გამოყოფილი საკრებულოდან. გარდა სამი მოედნისა, ტერიტორიაზე იქნება სასტუმრო. მოკლედ, ყველანაირი პირობები საიმისოდ, რათა აქ შეკრებებიც გაიარონ კლუბებმა. მათ შორის, უკრაინულმა, აზერბაიჯანულმა და სომხურმა გუნდებმა.

-       ძალიან კარგი. კიდევ რაიმე შეფერხება ხომ არ იქნება?

-       არა, ყველაფერი გაწერილია.

-       კლუბის ბიუჯეტი რამდენი იქნება წლეულს?

-       1 360 000 ლარი. თუ უმაღლეს ლიგაში გადავალთ, დაფინანსება გაიზრდება.

-       ბათუმში ფეხბურთის განვითარებისთვის კიდევ რა კეთდება?

-       დიდ ყურადღებას ვაქცევთ ბავშვთა ფეხბურთს. უკვე 9 ასაკობრივი ჯგუფი გვყავს. ადრე თუ 80 ბავშვი ვარჯიშობდა, ახლა მათი რიცხვი 350-ია. თანაც, უფასოდ. ბავშვების გუნდების მიხედვა ბიუჯეტშია გაწერილი. რამდენიმე დღის წინ ტურნირიც დასრულდა 2000 წელს დაბადებულთა შორის, სადაც აზერბაიჯანის ორი გუნდი იყო მოწვეული. გვსურდა თურქეთის “გალათასარაის” ჩამოყვანაც, თუმცა ბოლოს აღარ გამოვიდა ეს საქმე. ორი კვირის წინ, 20 დეკემბერს ბათუმის “დინამოს” 90 წლის იუბილე იყო, სასიამოვნო საღამო იყო და რა თქმა უნდა, საქმეზეც ვისაუბრეთ. აქვე გეტყვით, რომ კლუბს ტექნიკური სპონსორი ჰყავს: სამშენებლო კომპანია “ანაგი”. ფან-კლუბის სპონსორობა კი “მარდი ჰოლდინგმა” ითავა. კლუბმა მოიძია ეს სპონსორი.

-       ანუ, კლუბის დამფინანსებელი საკრებულოა?

-       დიახ. საკრებულო ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რათა წინსვლა იყოს. საკრებულო და მერია. ფაქტობრივად, ნულიდან მოგვიწია დაწყება, რადგან ბათუმში ფეხბურთი მკვდარი და განადგურებული იყო. დღეს ასე არაა, ხალხმა დაინახა იმედი. ყველაზე დიდი პრობლემა, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სტადიონია, რომელიც გაზაფხულზე მზად იქნება.

-       გუნდის შემადგენლობის გაძლიერება თუ იგეგმება ამ ზამთარს?

-       აუცილებლად. 15 იანვრის შემდეგ გაირკვევა ახალი ფეხბურთელების სია. ჯერ მოლაპარაკებებია. ჩვენ აქედანვე ვემზადებით უმაღლესი ლიგისთვის.

-       შეკრება თურქეთში იქნება?

-       8 თებერვალს წავალთ თურქეთში. 9-ში “ტრაბზონსფორის” დუბლებს ვეთამაშებით, იქიდან კი ანთალიაში გავემგზავრებით.

1.00913