ჭიდაობა

10:24 | 10.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმი თითქმის გადაწყდა, თბილისი კანდიდატია

ბოლო დღეებში თბილისსა და ბათუმს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის დელეგატები სტუმრობდნენ. ფილამ საქართველოში წარმომადგენლები მას შემდეგ მოავლინა, რაც ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ 2011 წელს ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობის თაობაზე შეიტანა 2 განაცხადი. საუბარია ახალგაზრდულ და პლაჟის ჭიდაობის მსოფლიოს პირველობაზე.
ფილას ბიუროს უნგრელმა წევრებმა, ჩაბა ჰეგედუშმა და ლასლო მოლნარმა თბილისის სასტუმროები და სპორტის სასახლე დაათვალიერეს და ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი საორგანიზაციო საკითხები შეისწავლეს, ხოლო სომეხმა სტეფან კაზარიანმა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია გალდავასთან და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯ ედიშერ მაჩაიძესთან ერთად, ბათუმი მოიარა. სტუმარ-მასპინძლებმა ის ტერიტორია მოინახულეს, სადაც სამომავლოდ ქვიშის არენა მოეწყობა და არა მხოლოდ ჭიდაობის, არამედ ქვიშის სპორტის სხვა სახეობების (ფრენბურთი, რაგბი, ფეხბურთი) ტურნირების გამართვაც გახდება შესაძლებელი.
ცნობისთვის, ზღვისპირეთში პლაჟის ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება უკვე თითქმის გადაწყვეტილი ყოფილა. თბილისს კი 2 სერიოზული კონკურენტი ჰყავს. 2011 წლის უმთავრესი ახალგაზრდული ტურნირის მასპინძლობის სურვილი ბუქარესტმა და ქაირომაც გამოთქვეს.
“სტუმრებს აშკარად ეტყობოდათ, რომ ნანახით კმაყოფილები დარჩნენ, მაგრამ ამის ხმამაღლა გამოცხადების უფლება ამ ეტაპზე არ ჰქონდათ. ახლა ოფიციალურ დასკვნებს დაწერენ, რომლებსაც ფილაში წარადგენენ და საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ საერთაშორისო ფედერაცია მიიღებს” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ.
უახლოეს მომავალში დამკვირვებლები რუმინეთსა და ეგვიპტესაც ესტუმრებიან და იქაური შთაბეჭდილებებით მორიგ დასკვნებსაც გაამზადებენ. სამი დასკვნის შედარებითი დახასიათების შედეგი კი ცნობილი სავარაუდოდ წლევანდელი სეზონის მიწურულს გახდება.

ოთარ მაღლაკელიძე


 

0.113996