ინტერვიუები

17:15 | 17.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბასტიან შვაინშტაიგერი: “თეორიულად ყველამ იცის, ესპანელები როგორ უნდა დაამარცხოს, მაგრამ პრაქტიკაში ამის განხორციელება არ შეუძლიათ”

მიუხედავად იმისა, რომ ბასტიან შვაინშტაიგერი მხოლო 26 წლისაა, ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს. ამპლუით ნახევარმცველი, “ბაიერნის” ძირითად გუნდში 2002 წლიდან გამოდის და მიუნხენელთა რიგებში ჩატარებულ 348 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა. გერმანიის ეროვნული გუნდის მაისური მან ოთხმოცდაშვიდ მატჩში მოირგო და მეტოქის კარი 21-ჯერ აიღო. დღესდღეობით, ის “ბაიერნის” პირველი ვიცე-კაპიტანია და მოედანზე ფილიპ ლამის არყოფნისას, კაპიტნის სამკლავურსაც მოირგებს ხოლმე. სხვათა შორის, მისთვის უცხო არც ნაკრების კაპიტნობაა. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც შვაინშტაიგერს რუსულმა გამოცემა “სპორტ-ექსპრესმა” ჩამოართვა.
- გასული წლის შობამდე, გულშემატკივრებს “ბაიერნთან” კონტრაქტის 2016 წლამდე გახანგრძლივება განსაკუთრებულად ამცნეთ – პირდაპირ “ალიანს არენას” გადაჭედილი ტრიბუნების თვალწინ. ეს თქვენი იდეა იყო?
- დიახ. მსურდა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ პირველად ჩვენს გულშემატკივრებს გაეგოთ. ამის შესახებ, არცერთ გაზეთში სტრიქონიც არ დაწერილა, არადა, ყველაფერი ერთი დღით ადრე მოხდა. საქმის კურსში მხოლოდ ჩემი თანაგუნდელები და “ბაიერნის” ხელმძღვანელობა იყო –კარლ-ჰაინც რუმენიგე, სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერი და მაშინდელი მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი. თუმცა, კლუბის ფარგლებს ინფორმაცია არ გასცდენია, რადგან ძალიან მინდოდა, რომ “ბაიერნის” ერთგულ გულშემატკივარს ეს ჩემგან პირადად შეეტყო.
- ამბობენ, “ჩელსი”, “რეალი” და “იუვენტუსი” გეპატიჟებოდნენ. დარჩენა რატომ გადაწყვიტეთ?
- წინადადებები მართლაც მქონდა. დიდი ხანი ვფიქრობდი, ჩემს კარიერას რომელი ნაბიჯის წაადგებოდა და დარჩენა გადავწყვიტე - მიუნხენში საუცხოო გუნდი გვყავს. როდესაც ისეთ ბიჭებს ხედავ, როგორებიც ლამი, რიბერი, რობენი, გომესი, ახალგაზრდა მიულერი და ბადშტუბერი არიან, ამ გუნდში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. ახლა ჩვენთან ნოიერი გადმოვა და ალბათ, კიდევ ვიყიდით ორ-სამ ძლიერ მოთამაშეს, რის შემდეგ კოლექტივში სუსტი ადგილები არ გვექნება. განვლილ სეზონში სხვაგვარად იყო. თუმცა, როდესაც მთელი ძალით ვთამაშობთ, ვფიქრობ, “ბაიერნი” ევროპის ოთხი უძლიერესი გუნდიდან ერთ-ერთია. მჯერა, რომ მომავალი ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია.  
- მით უმეტეს, რომ ფინალი მიუნხენში გაიმართება?
- საკუთარ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი ოცნებაა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, “ბაიერნში” დარჩენა გადავწყვიტე. გარდა ამისა, ამ კლუბში ყველაფერი ძალიან მაღალპროფესიულ დონეზეა. მაგალითად, ჩვენი სამედიცინო შტაბი ევროპაში საუკეთესოა.
- შეიძლება ითქვას, რომ მომავალ სეზონში მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება იქნება?
- რა თქმა უნდა...
- არსებობს შანსი, “ბაიერნში” კარიერის ბოლომდე ითამაშოთ?
- ვერ გეტყვით. იმედია, ჩემი კარიერა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. შესაძლოა, ერთხელაც რაღაც ახალი მოვსინჯო და შევიგრძნო, თუ რას ნიშნავს საზღვარგარეთ თამაში. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს სამ წელიწადს “ბაიერნში” გავატარებ.
- გუნდიდან ვან ბომელის წასვლის შემდეგ, მეორე ვიცე-კაპიტნიდან პირველამდე დაწინაურდით. ალბათ, კაპიტნობაზეც ოცნებობთ...
- ჩემთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. კლუბისთვის სარგებლობის მოტანას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე კაპიტნის სამკლავურის ტარებას. “ბაიერნში” მართლაც დიდი ხანია ვარ. თამაშამდე, როდესაც წრეში ხელგადახვეულები ვდგებით, ყველაზე ხშირად ლამი საუბრობს, ზოგჯერ – ბუტიც. თუმცა, რაღაცის თქმის უფლება გუნდის თითოეულ ფეხბურთელს აქვს. პირადად მე, ვცდილობ საკუთარი სათქმელი თამაშის დროს ვთქვა.
- სუპერკლუბებში ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის აღზრდილებს ფეხის მოკიდება უჭირთ. თქვენ ეს როგორ მოახერხეთ?
- გარკვეულწილად გამიმართლა, რადგან იმ მომენტში გუნდში რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი იყო. თუმცა, როდესაც შანსს იღებ, ის აუცილებლად უნდა გამოიყენო, რაც შევძელი კიდეც. ამჟამინდელ “ბაიერნს” თუ შევხედავთ, მის რიგებში ადგილობრივი სკოლის ბევრი აღზრდილი გამოდის – ბადშტუბერი, ლამი, მიულერი, კონტენტო, ოტლი, კრაფტი... ეს “ბაიერნის” ტრადიციის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია. ჯერ კიდევ ახალგაზრდულ გუნდებში თამაშისას ვიცოდი, რომ მხოლოდ მოსაგებად ვთამაშობდით, რადგან ძლიერები ვიყავით. როდესაც ბავშვობიდან ასეთი მენტალიტეტი გიყალიბდება, უფრო ადვილია, რომ პირველ გუნდში დიდ ფსიქოლოგიურ წნეხს გაუძლო.
- გერმანიაში სეზონის სუპერვარსკვლავი თქვენი მეგობარი მარიო გომესი გახდა, რომელმაც 28 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავა მოიგო. არადა, მას “ბაიერნში” ადაპტაციის პერიოდი არცთუ იოლი ჰქონდა...
- “შტუტგარტში” ის ლიდერი იყო და ფიქრობდა, რომ მიუნხენშიც ასე გააგრძელებდა. თუმცა, აქ სხვა დონის კონკურენციასთან შეგუება მოუხდა. თან, გარკვეულწილად სათამაშო სტილიც უნდა შეეცვალა. იგი უფრო მეტად ეხმარება დაცვას, უფრო ბევრს დარბის, რაც ყველასთვის კარგია. თუმცა, ყველამ იცის, რომ მარიოს ბუნდესლიგაში 28 კი არა, 35 გოლის გატანაც შეუძლია. მით უმეტეს, მას საწყის შვიდ ტურში არ უთამაშია. ასე რომ, არ გამიკვირდება, თუ მომავალ სეზონში გერდ მიულერივით 35 ან 40 გოლის ავტორი გახდება.
- დორტმუნდის “ბორუსიას” ფენომენს რით ახსნით? ამ გუნდმა განვლილი ჩემპიონატი საუცხოო სტილში მოიგო...
- “ბორუსია” ძალიან მძლავრად და დამაჯერებლად თამაშობს. ამ გუნდის ფეხბურთელები ძალიან ბევრს მოძრაობენ. მის შემადგენლობაში კარგი მოთამაშეები გამოდიან – გიოტცე, ბარიოსი, ჰუმელსი და სხვები. შესაძლოა, ამჟამად, დორტმუნდში სუპერვარსკვლავები არ არიან, მაგრამ გუნდი ძალიან ახალგაზრდაა და არაა გამორიცხული, ზოგიერთი მათგანი ასეთად ჩამოყალიბდეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ “ბაიერნი” უფრო ძლიერია. ვნახოთ, ჩემპიონთა ლიგის მომავალ ტურნირში “ბორუსია” როგორ ითამაშებს. იმედია, კარგად გამოუვა, რადგან ეს მთელი გერმანიისთვის კარგი იქნება.
- იმ მწვრთნელთაგან, ვისთან ერთადაც “ბაიერნში” გიმუშავიათ – ოტმარ ჰიცფელდი, ფელიქს მაგათი, იურგენ კლინსმანი, ლუის ვან გაალი - რომელთან გრძნობდით თავს ყველაზე კომფორტულად?
- თითოეულმა მათგანმა გუნდში რაღაც საკუთარი მოიტანა. თუმცა, ლუის ვან გაალის მუშაობის პირველ წელს ავღნიშნავ, როდესაც ჩემს საყვარელ პოზიციაზე – მოედნის ცენტრში ვთამაშობდი. ვან გაალთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა.  
- კლუბში ჰოლანდიელის მუშაობის პირველ წელს “ბაიერნმა” ყველაფერი მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ფინალის გარდა. მეორე წელს კი, ყველაფერი წააგო. რა შეიცვალა?
- ერთ წინადადებაში ამის ჩამოყალიბება არცთუ ადვილია. როდესაც ვერ იგებ, თავდაჯერებას კარგავ. ზოგჯერ გუნდი ერთ ტაიმს ისე თამაშობს, რომ მის გამარჯვებაში ეჭვის შეტანა რთულია, მაგრამ შესვენების შემდეგ, უცებ ყველაფერი იცვლება და ვაგებთ. ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “ინტერს” მილანში მოვუგეთ და შემდეგ, მიუნხენში 60 წუთის განმავლობაში საუცხოო ფეხბურთს ვაჩვენებდით. წესით, შესვენებამდე ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ, 4:1 მაინც უნდა ყოფილიყო, საბოლოო ჯამში კი, რა მოხდა?! (“ბაიერნმა” შინ 2:3 წააგო და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა - რედ.).
- ბევრი თვლის, რომ მეორე წელს გუნდი უბრალოდ დაიღალა ვან გაალისგან, როგორც ადამიანისგან და მისი ავტორიტარული მეთოდებისგან...
- ყველას მაგივრად ვერ ვისაუბრებ. ვან გაალი ძალიან კარგი სპეციალისტია. მან ფეხბურთის შესახებ ყველაფერი იცის. ვან გაალი საუცხოოდ გვიხსნიდა, თუ რა სურდა გუნდისგან და მისი ვერგაგება შეუძლებელი იყო. ჩემთვის კარიერის განმავლობაში ასე გასაგებად არავის არაფერი აუხსნია. თუმცა, ვან გაალის მუშაობის მეორე სეზონში სათანადო ქულებს ვერ ვიღებდით და ამან თავისი როლი ითამაშა.  
- რას ელით “ბაიერნის” ახალ მთავარ მწვრთნელ იუპ ჰაინკესისგან?
- იმედია, წარმატება და ტიტულები დაგვიბრუნდება. ჰაინკესს უდიდესი გამოცდილება აქვს, რაც განვლილ სეზონში ლევერკუზენში მუშაობით დაამტკიცა. ამასთან, ის მშვიდი ადამიანია და ული ჰიონესთან ურთიერთობაში პრობლემები არ ექნება.  
- დღევანდელ ეროვნულ ნაკრებში თქვენი ყველაზე პრინციპული მეტოქის, დორტმუნდის “ბორუსიას” ბევრი წარმომადგენელია. ბავარიელებს მათთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- გუნდში არსებული ატმოსფეროს მხრივ არავითარი პრობლემა არ არსებობს. ეროვნულ ნაკრებში ყველა ერთ საქმეს ვაკეთებთ. დორტმუნდელებს ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეები ჰყავთ, რომლებიც შემოდგომაზე ჩემპიონთა ლიგაში მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებენ, რაც მათ და ნაკრების თამაშზე აუცილებლად აისახება. ევრო-2012-სთვის ჩვენი გუნდის ჩამოსაყალიბებლად ეს ძალიან კარგია.
- იურგენ კლინსმანმა და იოახიმ ლიოვმა გუნდში რა შეცვალეს?
- სიმართლე ითქვას და, ლიოვმა შეცვალა - ჩვენ კარგი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ და ამისგან დიდ სიამოვნებას ვიღებთ. იმის თაობაზე დავფიქრდით, რომ არამხოლოდ სათანადო შედეგს უნდა მივაღწიოთ, არამედ თამაშისგან სიამოვნებაც მივიღოთ.  
- რატომ იყო კლინსმანი ასეთი წარმატებული გერმანიის ნაკრებში და ასეთი წარუმატებელი “ბაიერნში”?
- უმთავრესად, “ბაიერნი” მის სამწვრთნელო კარიერაში პირველი კლუბი იყო. ეროვნულ გუნდში კი, კლინსმანს საუცხოო დამხმარე ჰყავდა ლიოვის სახით. გუნდის შიგნით ყველას ესმოდა, რომ მწვრთნელი სწორედ ლიოვია. მხოლოდ ის ხალხი, ვინც გუნდს თვალს გარედან ადევნებდა, ფიქრობდა, რომ თავკაცი კლინსმანი იყო.
- მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე, ყველაზე ოდიოზური ფიგურა გერმანიის წარმომადგენელი იყო, მაგრამ არა ფეხბურთელი და მწვრთნელი. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებს რვაფეხა პაულის წინასწარმეტყველების გჯეროდათ?
- დიახ, ჩვენ მის პროგნოზებს თვალს ვადევნებდით (იცინის). როგორც ხედავთ, ის ყველაფერში მართალი აღმოჩნდა – ნახევარფინალში ესპანეთთან მატჩის შედეგიც გამოიცნო.
- გუნდში რვაფეხას არაპატრიოტულ არჩევანზე მსჯელობდით?
- ამის თაობაზე ბევრს ვხუმრობდით.
- მისი შეჭმის სურვილი არ გაგჩენიათ?
- ის ისედაც მოკვდა.
- სერიოზულად გეკითხებით, გუნდის ფსიქოლოგიურ განწყობაზე მსგავსი რამ მოქმედებს?  
- ჩვენ მისი პროგნოზების არ გვჯეროდა, მაგრამ საბოლოოდ, რვაფეხა მართალი აღმოჩნდა. ცხადია, მის წინასწარმეტყველებას სერიოზულად არავინ აღიქვამდა და ეს უბრალოდ, გუნდში ხუმრობის კიდევ ერთი მიზეზი იყო.
- 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, “ოქროს ბუცი” თქვენმა თანაკლუბელმა - თომას მიულერმა დაიმსახურა. 20 წლის ასაკში ასე თამაში როგორ შეიძლება?!
- საქმე ის არის, რომ მიულერი გიჟია (იცინის). სულ ლაპარაკობს, ლაპარაკობს და ერთი წამით არ ჩუმდება – რადიოსავითაა. სასტუმროში, როცა ყველას სძინავს, კედლის მეორე მხრიდან მის ხმას გაიგებ. მიულერი მხიარული ბიჭია. გუნდისთვის ასეთი ხასიათის მოთამაშე ძალიან სასარგებლოა, აღარაფერს ვამბობ მის საუცხოო ფეხბურთელობაზე.
- ესპანეთის ნაკრებს ოდესმე დაამარცხებთ?
- დღესდღეობით, ესპანეთი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. თუმცა, ვფიქრობ, რომ მას მოვუგებთ. თეორიულად ყველამ იცის, ესპანელები როგორ უნდა დაამარცხოს, მაგრამ პრაქტიკაში ამის განხორციელება არ შეუძლიათ. ვფიქრობ, ესპანელებს უფრო აგრესიულად უნდა ვეთამაშოთ, მეტი სიმძლავრე და ფიზიკური მომზადება დავუპირისპიროთ. ესპანეთი ძალიან ჭკვიანი გუნდია, რომელმაც საუცხოოდ იცის, რა უნდა აკეთოს როგორც ბურთიანად, ასევე მის გარეშეც. ერთადერთი საშუალება, რომ ამას წინ აღუდგე, გაბარიტებში უპირატესობის გამოყენება, ხისტი ორთაბრძოლების მაქსიმალურად თავსმოხვევა და მათში გამარჯვებაა.
- ალბათ, გაგიკვირდათ, რომ 2010 წელს “ოქროს ბურთი” მესიმ მიიღო, რომელსაც იმ წელს არაფერი მოუგია...
- დიახ, ეს გარკვეულწილად სიურპრიზი გახდა. ვთვლი, რომ ჩავი და ინიესტა ჯილდოს უფრო მეტად იმსახურებდნენ.
- საზღვარგარეთ თანამედროვე გერმანული ფეხბურთი დიდწილად თქვენთან ასოცირდება – გარეგნობა და გვარი ხაზგასმით გერმანული გაქვთ...
- სხვები უფრო კარგად ხედავენ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ჩემი გვარის გამოთქმა ხალხისთვის არცთუ ადვილია. ამერიკაში მცხოვრები ახლობლები მეუბნებოდნენ: “აქ შენ ყველა გიცნობს”. როდესაც ვკითხე რატომ-მეთქი, მიპასუხეს “იმიტომ, რომ შენი გვარის გამოთქმა შეუძლებელია – ენას მოიტეხ!”
- სახელი ბასტიანი არცთუ გავრცელებულია. მშობლებმა ეს სახელი რატომ დაგარქვეს?
- უფრო პოპულარული სახელი სებასტიანია. ჩემს ბაბუასაც ასე ჰქვია. მშობლებს არ სურდათ, რომ ჩემთვის ზუსტად იგივე სახელი დაერქმიათ, მაგრამ ამავდროულად ბაბუის პატივისცემაც უნდოდათ. ამიტომ, ასეთი ვარიანტი მოიფიქრეს.  

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.143264