ინტერვიუები

11:07 | 5.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ბასტიან შვაინშტაიგერი: “საერთაშორისო არენაზე მსურს წარმატების მიღწევა”

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი, ბასტიან შვაინშტაიგერი SportBild-თან საუბრისას აცხადებს, რომ ბავარიელთა თავკაცი, ლუის ვან გაალი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდიდან 4 ფეხბურთელის გაშვებას აპირებს. “რეკორდმაისტერის” 31-ე ნომერი ასევე აცხადებს, რომ მას გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი სათანადოდ არ აფასებს.
- სეზონის დასაწყისში განაცხადეთ, რომ ლუის ვან გაალი საკმარისად გამოცდილი სპეციალისტია იმისათვის, რომ ფეხბურთელს ოპტიმალური პოზიცია შეურჩიოს და ამით მათგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს...
- დიახ და ასეც მოხდა.
- მაგრამ მას მაინც აკრიტიკებენ...
- ჩვენი შედეგები არ ყოფილა დამაკმაყოფილებელი. მიუხედავად ამისა, ვან გაალმა თავის ფილოსოფიას არ უღალატა.
- რაში გამოიხატება ვან გაალის მაღალი კლასი?
- ჰოლგერ ბადშტრუბერი და ტომას მიულერი მისი მოსვლის შემდეგ იქნენ პირველ გუნდში გადმოყვანილნი. ეს ფეხბურთელები “ბაიერნისთვის” უკვე დიდ ძალას წარმოადგენენ. ბევრი თვლიდა, რომ “ბაიერნს” წარმატების მიღწევა გაუჭირდებოდა, მაგრამ საფეხბურთო განათლება ჩვენთან უმაღლეს დონეზეა.
- ვან გაალსა და გუნდის სხვა წევრებს შორის არაერთ საკითხზე იყო აზრთა სხვადასხვაობა...
- შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ მწვრთნელი და ფეხბურთელები სხვადასხვა აზრზე არასდროს ყოფილან.
- ეს სიმართლეა?
- ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე. ყოველი ვარჯიშის წინ განვიხილავთ კონკრეტულ ვარჯიშს, ტრავმირებულთა მდგომარეობას, მწვრთნელი გვიხსნის, თუ რაზე ამახვილებს ყურადღებას. ჩვენის მხრივ, სამ კაპიტანს, ვან ბომელს, ლამს და მე, გვაქვს ხოლმე საუბრები მწვრთნელთან. ვან გაალის მუშაობის პრინციპი სწორედ ასეთია – ჯერ მან უნდა მოიპოვოს ნდობა და შემდეგ თავად ენდოს ფეხბურთელებს.
- რას გეუბნებათ იგი ასეთი საუბრების დროს?
- მაგალითად, ცოტა ხნის წინ მან გვითხრა, რომ გუნდში 25-26 ფეხბურთელი ძალიან ბევრია. მისი სურვილია მეორე წრეში მათი რაოდენობა 22-მდე შემცირდეს. მწვრთნელი ჩვენთან ყოველთვის გულახდილად საუბრობს. არანაირი ინფორმაცია არ ხმაურდება მანამ, სანამ იგი მას ჩვენთან არ განიხილავს. ვან გაალს აქვს ვარსკვლავებთან ურთიერთობის უნარი. პუბლიკის წინ იგი ქედმაღალია, მაგრამ ჩვენთან ურთიერთობაში ასე არაა. ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია მასთან მისვლა და პრობლემაზე საუბარი.
- მაგრამ ხალხში არაერთი ჭორი დადის...
- რთული შემთხვევები ყოველთვისაა. შემიძლია გავიხსენო მიროსლავ კლოზეს შემთხვევა. იგი 31 წლისაა და მოასწრო როგორც გუნდესლიგის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობა. “გლადბახთან” თამაშის დროს, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, იგი მოედანზე უნდა შემოსულიყო. უკვე ყველაფერი მზად იყო ამისთვის, მაგრამ ბადშტრუბერმა გოლი გაიტანა და ჩვენ უკვე წინ ვიყავით. მირო ამ დროს მწვრთნელთან მივიდა და უთხრა, რომ უმჯობესი იყო მოედანზე  დაცვითი ფუნქციების შემსრულებელი ფეხბურთელის შეშვება. ასეთი ქმედებებიდან შეიძლება მიხვდე, თუ როგორია კონკრეტული ფეხბურთელი. როდესაც ვინმე თამაშს ვერ ახერხებს, მაშინაც კი ეხმარება გუნდს.
- ამგვარი შემთხვევები კიდევ ყოფილა?
- ანდრეას ოტლი ტურინში მე-19 ფეხბურთელად იქნა წაყვანილი და მას თამაშის ტრიბუნებიდან ყურება მოუწია. იგი ყოველთვის თავდაუზოგავად მუშაობს, მაგრამ მოუწია შემადგენლობის მიღმა დარჩენა. მიუხედავად ამისა, იგი არ გაბრაზებულა და გუნდში სიტუაცია არ აურევია. ჩვენთან ასე ხდება – თავისი უარყოფითი განწყობა ფეხბურელებს გუნდზე არ გადმოაქვთ. ეს ვან გაალის დამსახურებაა. ხოლო ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ვინმე საჯაროდ აფიქსირებს საკუთარ აზრს, მწვრთნელი დაუყოვნებლივ რეაგირებს.
- ტურინში გამართული მატჩის წინ, წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ული ჰიონესი სერიოზულ პრემიებს დაგპირდათ. თქვენ, როგორც გუნდის გამოცდილ წევრს, ასეთი რამ კვლავ გაკვირვებთ?
- ჰიონესი ამგვარ რამეს ყოველთვის სიამოვნებით აკეთებს. იგი არ წყვეტს ჩვენს გაოცებას. გუნდისთვის და მწვრთნელისთვის ასეთი რამ ძალზე მნიშვნელოვანია.
- შევეხოთ პირადად თქვენს საკითხსაც. აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე თქვენი მისამართით სტვენა გაისმა. არადა გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრად ითვლებით, მასთან ერთად მოიგეთ გერმანიის ოთხი ჩემპიონატი და ამდენივე თასი. რა იყო სტვენის მიზეზი?
- ჩემგან ძალიან ბევრს ელიან. ჩემთვის მიზეზი ცნობილია: უკვე დიდი ხანია ვერიდები ყოველ კითხვაზე საჯაროდ პასუხის გაცემას. რამდენიმე გულშემატკივარი ფიქრობს, რომ ცუდად ვასპარეზობ. ისინი ვერც კი ამჩნევენ, რომ მოედანზე სხვა დავალებების შესრულება მიწევს.
- როგორ შეაფასებთ თქვენს მიერ ნაჩვენებ შედეგებს?
- ჩემი სურვილია სეზონში 10 გოლამდე გავიტანო, მაგრამ ახლა ამ მიზნის შესრულებასთან ძალზე შორს ვარ. ამ სეზონში სხვა დავალება მაქვს, უფრო დაცვითი ფუნქციების შესრულება მიწევს. ჩემი მოვალეობაა თავდამსხმელების გადაცემებით მომარაგება, ამისთვის კი მეტი შრომაა საჭირო. ახლა მიწევს არაერთ შემტევ მოქმედებაზე უარის თქმა.
- 25 წლის ხართ და ეროვნულ გუნდში უკვე 72 შეხვედრა ჩაატარეთ. შეძლებთ დაეწიოთ ლოთარ მათეუსს, რომელმაც ნაკრების მაისური 150 მატჩში მოირგო?
- ლოთარმა უკვე განაცხადა, რომ მას ამ მხრივ პირველობაში ვეცილები. მაგრამ ჩემი მიზანი ამ მიღწევის გაუმჯობესება კი არა, ტიტულების მოგებაა. მსურს საერთაშორისო არენაზეც მივაღწიო წარმატებას.

მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა

0.115636