როგორც უკვე ვიუწყებოდით, ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ასტანას ჩელენჯერზე (საპრიზო ფონდი 75 ათასი დოლარი) წარმატებული სტარტი აიღო და წინსვლის კარგი შანსიც გააჩნია.
საქმე ის გახლავთ, რომ მერვედფინალში გასული ბასილაშვილის მეტოქე ნაკლებადცნობილი ფრანგი ჟიულ მარი იქნება. ეს უკანასკნელი მე-3 ნომრად განთესილ რუს კონსტანტინ კრავჩუკთან ფავორიტად ნამდვილად არ მოიაზრებოდა, თუმცა, სენსაცია მოახდინა და 6:7 (6:8), 7:6 (7:4), 6:4 იმარჯვა.
ცნობისთვის, მარის პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში 292-ე ადგილი უკავია, ბასილაშვილი კი მსოფლიოს 378-ე ჩოგანია.
უკვე ცნობილია, რომ ფრანგთან წარმატების შემთხვევაში (მატჩი 20 თებერვალს გახლავთ დაგეგმილი), ქართველი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში სერბ ფილიპ კრაინოვიჩს გაეჯიბრება.