ჩოგბურთი

14:52 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა წყვილთა ტურნირში იმარჯვა, ერთეულებში კი ფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ კაარსტში მიმდინარე ტურნირზე (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) ორმაგ გამარჯვებასთან ახლოსაა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა უკვე მოიგო წყვილთა შეჯიბრი, ერთეულებში კი ფინალშია გასული.

ბასილაშვილი ერთეულებში განთესილთა შორისაც არ ყოფილა, თუმცა, 4 თამაში ისე მოიგო, სეტიც კი არ წაუგია. ნიკოლოზმა სტარტზე რუს კარენ ხაჩანოვს 6:1, 6:4 სძლია, შემდეგ პირველ ნომრად განთესილ ბელგიელ ნილს დიესენს 6:4, 6:3 აჯობა, მეოთხედფინალში ჩეხი მარეკ მიხალიჩკა დაჯაბნა – 7:6 (7:3), 6:3, ნახევარფინალში კი ბულგარელი დიმიტარ კუტროვსკი დაამარცხა – 7:6 (7:2), 6:3.

ფინალში ქართველი ჩოგბურთელი მე-2 განთესვის მქონე სლოვაკი მილოსვალ მეჩირი იქნება, რომელმაც გზიდან ფრანგი კონსტანტ ლესტიენე, გერმანელი ლუკას დინსლაკენი, სერბი დეიან კატიჩი და მე-3 რეიტინგოსანი ბელარუსი ვლადიმირ იგნატიკი ჩამოიცილა. აღსანიშნავია, რომ გასულ შეხვედრებში მეჩირსაც არცერთი სეტი წაუგია.

აქვე დავძენთ, რომ კაარსტის ტურნირის ფინალში გასვლით ვაჟთა შორის პირველმა ჩოგანმა 15 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ხოლო ჩემპიონობის შემთხვევაში, ნიკოლოზი 27 ქულას შეიმატებს და 80-ოდე ადგილით დაწინაურდება. ამჟამად, ჩვენებურს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაში 447-ე პოზიცია უკავია.

წყვილთა შეჯიბრში ბასილაშვილს და ბელარუს ალექსანდერ ბურის (მე-4 განთესვა) გასაჩემპიონებლად 4 მატჩის მოგება დასჭირდათ. ბასილაშვილმა და ბურიმ გერმანელები კარლ და ტილ ვეგნერი 6:3, 6:1 დაამარცხეს, შემდეგ კიდევ ერთ გერმანულ დუეტს (ეისენზაპფი-გრევენი) გაუმკლავდნენ – 6:1, 6:3, ნახევარფინალში კი მე-5 რეიტინგის მქონე რუსებს – ხაჩანოვს და მაცუკევიჩს 3:6, 6:2, 10:4 სძლიეს.

ფინალში ქართველმა და ბელარუსმა ჩოგბურთელებმა ხსენებულ იგნატიკს და კუტროვსკის 4:6, 6:4, 10:6 მოუგეს.

0.064619