ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიური კორტინას ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 42 300 დოლარი) პირველივე წრეში დიდი ბრძოლა გადაიტანა და ესპანელი ინიგო სერვანტესი 7:6 (7:4), 5:7, 7:5 დაამარცხა.
საინტერესოა, რომ მატჩი ორ საათსა და 23 წუთს გაგრძელდა და ეისებში პირენეელებმა ქართველი 17:0 (!) დაჯაბნა, თუმცა, ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯამში ნიკოლოზმა ინიგოზე ორით მეტი ბურთი მოიგო – 124:122.
მერვედფინალში გასვლის წყალობით, ბასილაშვილმა 8 სარეიტინგო ქულა შეიმატა, მისი შემდეგი მეტოქე კი მე-7 რეიტინგის მქონე სერბი ფილიპ კრაინოვიჩი იქნება.
წყვილებში ქართველი ჩოგბურთელი ბოსნიელ ალდინ სეტკიჩთან გახლავთ შეამხანაგებული და საწყის რაუნდში იტალიელებს – ჯიანესის და სტარაჩეს გაეჯიბრება.