ჩოგბურთი

11:58 | 18.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა იტალიური ტურნირი მოიგო

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიის ქალაქ აპიანოში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი დოლარი გახლდათ.

ბასილაშვილი მე-4 ნომრად გახლდათ განთესილი და საჩემპიონო გზაზე 5 გამარჯვება იზეიმა. ნიკოლოზმა ჩილელ ორამაზაბალს 7:6 (7:5), 5:7, 6:2 სძლია, იტალიელი მასარა 4:6, 7:6 (8:6), 6:0 დაამარცხა, ესპანელ ლიზარიტურის (მე-7 განთესვა) 6:2, 6:3 მოუგო, იტალიელ პრადერს კი – 6:0, 5:7, 6:4.

“შპარკასენ ტროფის” გადამწყვეტ მატჩში ქართველი ჩოგბურთელი მე-9 განთესვის მქონე კიდევ ერთ იტალიელ მატეო ტრევიზანს დაუპირისპირდა და მძიმე სამსეტიან შეხვედრაში 7:5, 3:6, 6:4 სძლია.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მიმდინარე რეიტინგში 137 ქულით 302-ე ადგილი უკავია, აპიანოს ტურნირის მოგებით კი 35 ქულას შეიმატებს და მოწინავე სამასეულში შევა.

ერევანში დასრულებულ იუნიორთა ტურნირზე ფინალური მატჩი დათმო შოთა მეფარიძემ. “პრეზიდენტის თასის” გადამწყვეტ შეხვედრაში პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა ებრაელ იანკელ ზემელთან (მე-4 რეიტინგი) 6:1, 6:7 (6:8), 6:7 (8:10) წააგო.

შეგახსენებთ, რომ წყვილებში მეფარიძის და ირაკლი მეტრეველის მე-6 ნომრად განთესილმა დუეტმა ფავორიტად მიჩნეულ ყაზახურ-რუსულ წყვილს (მიშჩენკო-იარკოვი) სძლია – 6:2, 6:4 და მთავარ ჯილდოს დაეუფლა.

0.114019