ჩოგბურთი

14:37 | 14.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი

 

ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერის საუკეთესო ნიშნულს უწია. ნიკამ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგის მოწინავე ორასეულში შეაღწია და 254 ქულით 198-ე ადგილზე იმყოფება.

მიმდინარე კვირაში ბასილაშვილი იტალიაში გახლავთ და რეკანატიში 35-ათასიან ტურნირში ჩაებმება. ქართველი ჩოგბურთელი “გუცინი ჩელენჯერზე” მე-8 ნომრად გახლავთ განთესილი და პირველ შეხვედრაში ძალებს ხორვატ მატე პავიჩთან მოსინჯავს.

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებული რეიტინგის მოწინავე ორასეულში რჩება ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავაც. სოფო ერთი პოზიციით დაწინაურდა და 290 ქულით 198-ე ადგილზე იმყოფება.

სულ კლასიფიკაციაში შვიდი ქართველი გოგონაა: 198 (199). სოფო შაფათავა – 290 ქულა; 327 (332). ეკატერინე გორგოძე – 124; 353 (356). ოქსანა კალაშნიკოვა – 110; 493 (498). სოფო ქვაცაბაია – 65; 631 (609). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 39; 874 (1069). მარიამ ბოლქვაძე – 16; 1265 (1269). თამარ ჭალაგანიძე – 3;

როგორც ხედავთ, ქართველთაგან ყველაზე დიდი წინსვლა მარიამ ბოლქვაძემ განიცადა. მან 195 საფეხური “მოიგო” და 16 ქულით 874-ეა.

მიმდინარე კვირაში ჩვენებურთაგან ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში ოქსანა კალაშნიკოვა ითამაშებს. ჩოგბურთელი, რომელსაც წყვილთა რეიტინგში 63-ე პოზიცია უკავია, სტამბულის 250-ათასიან ტურნირში პაულა კანიასთან ერთად ჩაებმება. ქართველი და პოლონელი ჩოგბურთელები პირველ წრეში უკრაინელ დებ – ლიუდმილა და ნადია კიჩენოკებს ეთამაშებიან.

ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) ძირითადი ბადიდან ჩაებმება სოფო შაფათავა, სოფო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე კი ძალებს გერმანული დარმშტადტის 25-ათასიან ტურნირში სცდიან.

საკვალიფიკაცო შეჯიბრში მე-10 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ “უაილდ ქარდის” მქონე გერმანელი მიშელ იანისი 6:0, 6:0 გაანადგურა, მომდევნო რაუნდში კი სლოვაკ ზუზანა ლუკნაროვას (მე-5) გაეჯიბრება. გორგოძე ტურნირში ძირითადი ბადიდან ჩაებმება.

იტალიურ იმოლაში სტარტი აიღო 15-ათასიანმა ტურნირმა, რომელშიც მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი ითამაშებს. მისი პირველი მოწინააღმდეგე გერმანელი ლუიზა მარი ჰუბერია.

0.112831